მაია ასათიანი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას თავიდან სწავლობს. „პროფილის“ ავტორი და წამყვანი fortuna.ge-მ ქსკლუზიურად ჩაწერა. ტელეწამყვანმა გამოცემას უთხრა, რომ გაყიდა ბინა, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა და ახლა ნაქირავებ სახლში ახალი ბინის რემონტს ელოდება, ცხენზე ჯირითს სწავლობს და ცურავს მაშინ, როცა „პროფილთან“ დაკავშირებულ საქმეებს არ აგვარებს ტელევიზიაში. აქ მას მეორე ოჯახი ელოდება, მეგობრები, რომლებმაც უახლოეს ადამიანებთან ერთად, პირადი ტრაგედია გადაატანინეს.
"გეგმებზე მკითხე და გეგმები სულ მაქვს. შარშან, ნუცას გარდაცვალების შემდეგ მთავარი გეგმა იყო, გადავრჩენილიყავი და დავრჩენილიყავი სიცოცხლეში… და ასეც მოხდა. სახლში, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, გაჩერება ძალიან გამიჭირდა. შევიცვალე საცხოვრებელი და ახლა ვარ ნაქირავებ ბინაში. ავიღე კრედიტი და ვიყიდე ახალი ბინა. ახლა რემონტის ბოლო სტადიაში ვარ. თითქოს, ამით ჩემს ახალ სიცოცხლეს ვიწყებ. 40 წლის ასაკში დავიწყე ახალი ცხოვრება და პირველ ნაბიჯებს ვდგამ.
ვიცი, რომ მკითხავ პირადზე და ამაზე პასუხი არ მაქვს. პირადი ყოველთვის მქონდა, მაგრამ არასდროს მივიჩნევდი, რომ ამაზე ხმამაღლა უნდა მესაუბრა, რადგან პირადს ისედაც ვნებს, როცა წყვილში ცნობილი ქალია… არ მახსენდება პერიოდი, როცა მარტო ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა მამაკაცი, რომლის გვერდითაც თავს კარგად ვგრძნობდი.
ხშირად მისვამენ კითხვას, გავაჩენ თუ არა ბავშვს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს ამ შეკითხვის დროს, რადგან ეს პირადი და მტკივნეული თემაა. ამ ეტაპზე იმდენად ვარ ჩემი ტრაგედიით მოცული, რომ ამას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია. ამ ეტაპზე არ ვარ მზად დედობისთვის. არ უნდა გააჩინო შვილი იმიტომ, რომ ტრაგედია გაგიქარწყლდეს… გარდაცვლილი შვილის სახელზე არ უნდა გააჩინო შვილი, რომ შენს ცხოვრებას აზრი შესძინო. ერთმა ჩემმა მეგობარმა, ქეთი ლომსაძემ მითხრა, არ მყავს შვილი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვსო… აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, ცხოვრებას აზრი ჰქონდეს… ახლა შვილის გაჩენა ძალიან ეგოისტური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან" - ამბობს მაია ასათიანი.
სრულად შეგიძლიათ იხილოთ: fortuna.ge - ზე.
მასალის გამოყენების პირობები






