30 მარტს, ხელოვნების სასახლეში , ისტორიკოსის, ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას წიგნის - „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
რატომ წერენ ინგლისური გაზეთები, რომ „პატარა კახი“ ლონდონის ვულვიჩის აკადემიაში სწავლობდა, რა ვითარებაში მოუწია საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება და რატომ იღუპებოდნენ საეჭვო ვითარებაში თბილისიდან ევროპაში წარგზავნილი ელჩები?. ამ კითხვებს, პასუხი ირლანდიიდან ჩამოტანილი უცნობი ისტორიული წყაროების საშუალებით გაეცა.
მასშტაბური პროექტი 2014 წელს დაიწყო და მისი პირველი ეტაპი „ფონდი ქართუ“-ს ფინანსური თანადგომით განხორციელდა, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით 200-ზე მეტი მე-18 საუკუნის საქართველოში გამოუქვეყნებელი ცნობა პირველად ითარგმნა და სათანადო კომენტარებთან ერთად გამოიცა.
ორენოვანი ნაშრომი საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ, უნიკალურ ისტორიულ ცნობებს აერთიანებს და მეფე ერეკლეს წარმატებულ სამხედრო და პოლიტიკურ კარიერაზე, მის პრო-დასავლურ ორიენტაციასა და მსოფლიო პოლიტიკაში ქართველი მონარქის ღირსეულ ავტორიტეტზე გვიამბობს.
აღსანიშნავია, ის გარემოება რომ ცნობები, ქართველი ხელმწიფის შესახებ ინგლისური გაზეთების პირველ ან ძირითადი სიახლეების გვერდებზე იბეჭდებოდა და ინგლისურ პრესას არცერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია. მე-18 საუკუნეში ბრიტანული პრესის 29 ძირითადი გამოცემა (‘British Evening Post’, ‘Public Ledger’, ‘Public Advertiser’, ‘London Evening Post’, ‘Lloyd’s Evening Post’, ‘Middlesex Journal’ და სხვა.) აქტიურად წერდა მეფე ერეკლეს პირად თვისებებზე, მის პოლიტიკურ მიღწევებსა თუ სამხედრო გამარჯვებებზე.
წიგნში ასევე შესულია ინგლისურ პრესაში დაბეჭდილი დოკუმენტები და ცნობები იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობის შესახებ. ევროპელების თვალით დანახული XVII-XVIII საუკუნის საქართველო, მისი გეოგრაფია, კულტურა და ტრადიციები, დღემდე არსებული ისტორიული ფაქტების ახლებურ და მეტად საინტერესო ჭრილში განხილვის საშუალებას იძლევა.
მასალის გამოყენების პირობები