რატომ არ გაითვალისწინეს გენგეგმის ავტორებმა კლიმატური ცვლილებების საფრთხე თბილისში
საზოგადოება - 12:34, 30 Mar, 2018     2744
მსოფლიო გლობალური კლიმატური ცვლილებების წინაშე დგას. გამონაკლისი, რა თქმა უნდა არც ჩვენი დედაქალქია - გახანგრძლივებული, მაღალი ტემპერატურის ზაფხული, უთოვლო ზამთარი, გახშირებული ნალექი ბოლო წლებში სპეციალისტების განსჯის მწვავე თემაა. მეტეოროლოგები და კლიმატოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალაქის სამომავლო განვითარების პერსპექტივა აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს კლიმატური ცვლილებების არსებულ პროგნოზებს და მიწათსარგებლობის გენ-გეგმაში ეს საფრთხეები აუცილებლად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რაც რეალურად არ მომხდარა. რა საფრთხეები არსებობს თბილისში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ამ თემაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების მოდელების განყოფილების უფროსი, ლიმატის სპეციალისტი ნატო კუტალაძე გვესაუბრება.


ნატო კუტალაძე:
როდესაც ვსაუბრობთ კლიმატურ ცვლილებებზე, რაც ბოლო წლებში გვაქვს სახეზე, არც თუ სახარბიელო მოცემულობის წინაშე ვდგავართ. კლიმატური ცვლილებები სახეზეა ყველგან, მით უფრო ქალაქებში, რაც არის პირველი ფონი, სადაც კლიმატის ცვლილება არის მეტად საგრძნობი ურბანული განვითარების გამო. მოგეხსენებათ, ასფალტის საფარი მეტად მშთანთქმელია მოსული მზის ენერგიის, გადახურებული ტერიტორია, სამრეწველო მოხმარება, ავტომობილების გამონაბოლქვი, რაც გაიბნევა ჰაერში და ქმნის ღრუბელს, თბურ კუნძულს, რომელიც თავზე ადგება ქალაქებს და ორმაგად აფერხებს ღამით გაგრილების პროცესს, იწვევს ჭარბი სითბოს დაგროვებას, ეს საკმაოდ აქტუალურ თემად დგას. კლიმატის ცვლილებების გამომწვევი ჰიპოთეზის ძირითადი თეზა, დაგროვილი აეროზოლების ეფექტი, რომელიც ხელს უშლის დედამიწის გაციებას და ინარჩუნებს სითბოს დედამიწაზე. განსაკუთრებით თვალშისაცემი და ხაზგსასმელია ურბანულ ტერიტორიებზე. თუ ვიმსჯელებთ მთავარი პარამეტრების, ტემპერატურის და ნალექის მიხედვით, ჩვენთან კლიმატური ცვლილებების ტენდენციები არის ასეთი - მომატებულია, როგორც ტემპერატურა, ასევე ნალექების ინტენსივობა და განმეორებადობა, ყველა სეზონზე. ზაფხულში მომატებულია როგორც დღის, ასევე ღამის ტემპერატურა, განსაკუთრებით შეცვლილია ღამის ტემპერატურა, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე დღის მაქსიმალური მაჩვენებლები. იმის მიუხედავად, რომ ზაფხულის ტემპერატურის ზედა ზღვარი საგრძნობლად არ გაზრდილა და 41 გრადუსს არ სცდება, უფრო და უფრო ხშირად ხდება თანმიმდევრულად ისეთი დღეების გადაბმა, როცა ტემპერატურა არ ჩამოდის ქვემოთ. ასეთი დღეების სიმრავლე იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზაფხული უფრო ცხელია, ვიდრე იყო ადრე, თუმცა თვით ტემპერატურის მატება არ არის განსაკუთრებული. ამავდროულად არ ეცემა ღამის ტემპერატურა 20 გრადუსიდან ქვემოთ. ადრე, ასეთი მაღალი ტემპერატურა დღის განმავლობაში შეიძლება ზაფხულის სულ რამდენიმე დღეს ყოფილიყო, ახლა ასე აღარაა. როცა რამდენიმე დღის განმავლობაში ანომალიურად მაღალი ტემპერატურაა, ამ დროს აქტიურია ე.წ. თბური ტალღები, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე, მათ შორის მცენარეულ საფარზე. რაც შეეხება ნალექს, ჩვენ სახეზე გვაქვს ნალექების არანორმალური რაოდენობა, რომელიც გახშირებულია და დამახასიათებელია ამ კლიმატური ციკლისთვის. ტერიტორიის მზისმიერი გადახურება იწვევს ნალექის ორთქლის ჰაერში დაგროვებას მისი გამოყოფაც ინტენსიურად ხდება და შესაბამისად მოდის უხვი ნალექი, რაც იწვევს ღვარცოფს, წყალმოვარდნებს. კატასტროფების თვალსაზრისით, თბილისში ყველაზე მეტად გამოყოფენ პატარა მდინარებს, გლდანის ხევს, ვერეს, ლეღვთახევს, ორთაჭალის მდინარეს, რომლებიც არის მთის მდინარეები, მოედინება ქანობებზე, ამ მდინარებით დასერილია თბილისი. მათი კალაპოტები, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული დიდი რისკების მატარებელია. არანორმალური ნალექის მოსვლის დროს ეს ტერიტორიები მიდრეკილია მეწყერ და ღვარცოფსაშიშ პრობლემებისადმი.

წლიური ტემპერატურები, საქართველოს მასშტაბით ყველგან იზრდება, მათ შორის თბილისში. სეზონური ტენდენციები, გარდამავალ პერიოდებში, შემოდგომასა და გაზაფხულზე, უფრო დამაბნეველია, ვიდრე ზაფხულსა და ზამთარში, როცა ტენდენციები უფრო გამოკვეთილია. გარდამავალ პერიოდებში ტენდენციები დიდი ცვალებადობით ხასიათდება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა, სხვა სეზონებთან შედარებით ნაკლები დათბობის ტენდენცია გვაქვს. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს კომპლექსური შეფასებები, თუ რა საფრთხეები არსებობს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც ურბანული საკითხის, ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. თბილისში 100 წელზე მეტი პერიოდის მონაცემებია დაგროვილი, რაც უფრო მეტია სტატისტიკა, მით უფრო დამაჯერებელი და გამოკვეთილია არსებული სურათი, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე, როგორც უკვე გითხარით, მოხდა საკმაოდ საგრძნობი ცვლილებები, არა მხოლოდ თბილისში, მთელ საქართველოში. ჩვენი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შეცვლილია ტემპერატურული რეჟიმი, ასევე შეცვლილია ნალექების გადანაწილება და ინტენსივობა სეზონის, დღეების მიხედვით, შესაძლოა თვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იყოს შეცვლილი, მაგრამ მთელი თვის მოსასვლელი ნალექი ერთ დღეში მოვიდეს. ამ მიმართულებებით მთელ მსოფლიოში დიდი აქცენტი კეთდება.

- როგორ პროგნოზებს აკეთებთ კლიმატოლოგები, როგორ განვითარდება კლიმატური ცვლილებები ჩვენს ქალაქში იმ ურბანული გამოწვევების ფონზე, რის წინაშე ქალაქი დგას?-

- მომავლის პროგნოზებში ყველაზე მნიშვნელოვანია გლობალური ცვლილებები, საბოლოო სურათს აყალიბებს ის, რაც გლობალურად ხდება დედამიწაზე, ჰაერის ფართომასშტაბიანი ნაკადები, რაც შემოდის ხოლმე ჩვენს ტერიტორიებზე და რასაც ადგილობრივად ხვდება ის რაც ხვდება. ჩვენ საკმაოდ მძიმე ასწლიანი სცენარი გვაქვს აგებული, რომელშიც ორი პერიოდი გვაქვს შეფასებული- 2020 წლიდან 2050 წლამდე და 2070 წლიდან ბოლომდე. სურათი საკმაოდ მძიმეა, იქიდან გამომდინარე, რომ მძიმდება გლობალური ფონიც, და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ პერიოდებში ქალაქში დგას გაცილებით მეტი შენობა, ცხოვრობს კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე დღეს ცხოვრობს.

ამ სცენარის მიხედვით 2-2,5 გრადუსით ხდება წლიური და სეზონური ტემპერატურის მატება, 2050 წლამდე ყველაზე ნაკლებად იმატებს გაზაფხულის ტემპერატურა, დგება გვიანი გაზაფხული, მისი მახასიათებელი რისკებით, მინუს ტემპერატურით, რომელიც პირველ პერიოდზე ჯერ კიდევ რჩება. განსაკუთრებით დამთბარია ზამთარი, ზამთრის ტემპერატურას კიდევ 3 გრადუსი ემატება, თბილია და გახანგრძლივებულია შემოდგომა, სავეგეტაციო პერიოდი იწყება თებერვალში და გრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ტემპერატურის მიხედვით სამომავლო სცენარში ზამთარი ისეთი თბილია, როგორც ახლა არის გაზაფხული. მაისის თვიდან, აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება დღეები, როცა ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტია, იმატებს 40 გრადუსიანი ტემპერატურის დღეების რაოდენობაც. რაც შეეხება ნალექს, 2050 წლამდე პერიოდში, ნალექების რაოდენობა თითქმის იგივე რჩება, სულ ოდნავ იმატებს, იმის მიუხედავად, რომ ნალექის საშუალო რაოდენობა იგივე რჩება ამ პერიოდში საგრძნობლად ჩანს ნალექიანი დღეების მატება. რისკები, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია კლიმატის ცვლილების დროს, პროგნოზის პირველ პერიოდში არ ჩანს, თუმცა შემდგომ პერიოდში, იქ ნალექების სერიოზულ კლებაზეა საუბარი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის და თბილისის ჩათვლით. ნალექის თითქმის 25 % იანი კლება ძირითადად ხდება ზაფხულის ხარჯზე, ზაფხული ხდება საოცრად მშრალი, ცხელი და გადაბმულად მაღალი ტემპერატურის.

- რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია კლიმატური ცვლილებების გათვალისწინება ქალაქების განაშენიანების პროცესში, მაგალითად, დღეს როცა გენ-გეგმის ირგვლივ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია, იყო თუ არა გათვალისწინებული კლიმატური ცვლილებების საფრთხე ამ დოკუმენტის მომზადების დროს?

- ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება კლიმატური ცვლილებების გათვალისწინების გარეშე არაფრით არ შეიძლება, როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტისთვის დამტკიცდა ე.წ. გზამკვლევები, სადაც ასახულია კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე არსებული რეკომენდაციები, იმის და მიხედვით, ამა თუ იმ არეალს რა ტიპის საფრთხის გამწვავების პრობლემა შეიძლება შეექმნას. ასეთი გზამკვლევი თბილისისთვის, როგორც ვიცი, არ გაკეთებულა, რაც პირველ რიგში გასაკეთებელი იყო, რადგან ყველაზე დიდი პრობლემები თბილისში გვაქვს. არსებობს ურბანული მეტეოროლოგია, რომელსაც განვითარებულ სახელმწიფოებში დიდი დატვირთვა აქვს. ურბანული დაგეგმარებისა და განვითარებისთვის ეს ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, არაფრით ჩამოუვარდება არქიტექტურულ გეგმარებას, სეისმომედეგობას, გეოლოგიურ რისკებს და ა.შ. როცა ერთ ქუჩაზე, სადაც უკვე არსებობს ძველი შენობების რიგი, შენდება ახალი შენობა განსხვავებული ექსპოზიციით, კუთხით და მიმართულებით, იცვლება განათების, ქარის რეჟიმები, მთლიანად იცვლება ვენტილაცია. მე შევხვედრილვარ ინგლისში არქიტექტორებს, რომლებიც მეტეოროლოგებისგან იღებდნენ კონსულტაციებს და მათთან ერთად მუშაობდნენ ახალ პროექტებზე. მაშინ, როდესაც უცხოეთში არქიტექტორი მეტეოროლოგთან ერთად მუშაობს განაშენიანების დროს, ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთი თანამშრომლობის მაგალითები არ არის. კომუნისტების დროს არსებობდა სამშენებლო კლიმატოლოგია, რომელიც მოიცავდა სამშენებლო სექტორს შენობების გათბობა-გაგრილების მხრივ. რაც დღეს არის კიდეც წინა პლანზე წამოწეული ენერგოეფექტურობის მხრივ, რაც ძალია დიდ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაზოგს უკავშირდება. სამშენებლო სექტორში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შენობების დათბობა-გაგრილების სისტემები, ამის გარეშეც სამშენებლო ნორმა ნორმა არაა. ძველად, არსებობდა ნორმა, რომელსაც დღეს, ალბათ, არავინ ითვალისწინებს, თუმცა რომც ითვალისწინებდეს, ეს მაინც ძალიან ძველი და არაეფექტური მაჩვენებელი იქნება, რადგან 80-იან წლებშია დადგენილი.

რაც შეეხება მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, ცხადია, მასზე მუშაობისას, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული კლიმატური რისკები, შესაძლოა მოვალეობის მოხდის მიზნით, ვინმემ ურჩიათ, რომ კარგი იქნებოდა, თუ სადმე პატარა თავი მაინც იქნებოდა მიძღვნილი ამ საკითხისადმი, თუნდაც ფორნალურად, თუმცა როგორც მე ვიცი, რეალურად ამ დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები არ ყოფილა, არა და შესაძლებელი იყო ძალიან სერიოზული რამდენიმეთვიანი მულტიპროფილური კვლევის ჩატარება, რომელშიც ჩართული იქნებოდნენ დედამიწის შემსწავლელი დარგების სპეციალისტები, გეოლოგები, სეიმოლოგები, კლიმატოლოგები. ყველა კომპონენტი ერთმანეთთან კავშირშია, იმასთან მიმართებაში თუ როგორია ამა თუ იმ ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობა, ქანების გამოფიტვის ხარისხი, რამდენად არის მზე, დამატებითი ფაქტორი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამოიფიტოს ნიადაგი, ან ნალექი რამდენად ჩარეცხავს ამ ნიადაგს, ეს საშიშრობები გათვლილი და გამორიცხული უნდა იყოს. ფაქტია, ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, ჩვენი ქალაქი მტკვრის ხეობაშია ჩაფლული, დაქსელილია პატარა მდინარეებით, ამ ხეობებში უმეტესად არამდგრადი საფარი და მეწყერსაშიში და ღვარცოფსაშიში კერები გვაქვს. როგორც ვიცი, გენ-გეგმაში გეოლოგიის თვალსაზრისით ფრაგმენტული კვლევები კიდევ გაკეთდა, მაგრამ ეს არ იყო სრული და ყველაფრისმომცველი და მათ სრულყოფილი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური საფუძვლები არ უდევს. თუ რაიმეს გათვალისწინება მოხდა, როგორც გითხარით, ეს იყო ოდესღაც არსებული ნორმები, რომელთაც განახლება და დამუშავება სჭირდება. ამის გარეშე ქალაქის განაშენიანებაზე მუშაობამ, დოკუმენტის მომზადებამ ბევრი პრობლემა შეიძლება შექმნას, იმის გარდა, რომ ასე დაგეგმილი არეალები არაკეთისაიმედოა საცხოვრებლად ადამიანებისთვის, მაგალითად, ნაკლებად განათებულია, ან ძნელად გასათბობი, ძვირად სავენტილაციო, არ არის გათვალისწინებული ისეთი დიდი რისკები, როგორიცაა მეწყერები, წყალდიდობა, ზედმეტი დატბორვების რისკები, რომლის მძიმე მაგალითად, ვერეს სტიქიური უბედურებაც საკმარისია.

თამარ ჩხენკელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42