ნინო წერეთელი: სეისმურად ისეთ აქტიურ რეგიონში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სამშენებლო ნორმები აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს სეისმური საშიშროების რუკას. ოფიციალურად, ჩვენი სამშენებლო ნორმები ეყრდნობა სეისმური საშიშროების რუკას, რომელიც მიღებულია 2010 წელს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რუკა არასწორად იყო შეფასებული, შესაბამისად არასწორია მასზე დაფუძნებული გათვლები სეისმომედეგობის კუთხით. სეისმური საშიშროების რუკა ფასდება ორი პარამეტრით - ბალიანობის და გრუნტის მოძრაობის პიკური აჩქარებების მიხედვით. პიკური აჩქარებების პარამეტრები, ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელიც რუკის შედგენისას არასწორად იყო გათვლილი, არა და სწორედ ამ პარამეტრის მიხედვით უნდა ხდებოდეს საინჟინრო მიმართულების გათვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული რუკის მიხედვით მიმდინარე დაპროექტება, არ შეესაბამება იმ ნორმებს, რომელიც არის მოსალოდნელი საქართველოში ძლიერი მიწისძვრის განვითარების შემთხვევაში.
- თბილისი ოფიციალურად 8 ბალიან ზონაშია, თუმცა პრაქტიკულად მაინც რჩება 7-ბალიან ზონად, რადგან პიკური აჩქარება არ არის შესაბამისი რვა ბალიანი სისტემის, ეს იწვევს თუ არა სახიფათო რისკებს?
- კომუნისტების დროს შენობები გათვლილი იყო 7 ბალიან სისტემაზე, მაშინ სეისმური საშიშროების რუკას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ამტკიცებდა მოსკოვი და თბილისი 8 ბალიან ზონად არ დაამტკიცა. ერთი ბალის გაზრდა მაშინდელი გათვლებით მშენებლობას ორნახევარჯერ ზრდიდა, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, არ აწყობდათ. ამისი მწვავე გამოვლინება იყო ის, რაც სპიტაკში მოხდა, ეს ზონაც 7 ბალიანზე იყო დამტკიცებული და განვითარდა მიწისძვრა, რომელიც ეპიცენტრში 10 ბალის იყო და ამხელა ნგრევა და მსხვერპლი სწორედ ამან გამოიწვია. მასივები, რაც დღეს გვაქვს თბილისში, გათვლილია 7 ბალიან სისტემაზე, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მშენებლობების უმეტესობამ დაკარგა ცვეთის კოეფიციენტი და გასულია ექსპლოატაციის ვადები, ჩვენ საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. 90-იანი წლებიდან, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჩვენ გადავედით 8 ბალიან სისტემაზე, მაგრამ როგორც კი პარამეტრებს დაემატა გრუნტის მოძრაობების პიკური აჩქარების პარამეტრი, რომელიც გაითვალა არასწორად, ბალი პრაქტიკულად 7 დარჩა. გრუნტის მოძრაობის პიკური აჩქარება არ არის შესაბამისი რვა ბალიანი სისტემის, უფრო შეესაბამება 7 ბალიან ზონას. თბილისში რომ განვითარდეს ძლიერი მიწისძვრა, რაც მას ელოდება მცხეთიდან და უშუალოდ დედაქალაქის ქვემოთ, ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. 1275 წელს მცხეთაში მოხდა ძალიან ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ისტორიული კვლევების მიხედვით, 6,5- 7 მაგნიტუდა ამპლიტუდა იყო და რომელმც მცხეთაში 9 ბალიანი მიწისძვრა გამოიწვია, თბილისის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე იწვევს 8 ბალის მიწისძვრას, ასეთი მიწისძვრის განვითარების შემთხვევაში ჩვენ გვქნება დიდი ნგრევა და მსხვერპლი. ბოლო კვლევებმა, რომელიც ჩატარდა 2010-2013 წლებში, აჩვენა, რომ უშუალოდ თბილისის ქვემოთ შეიძლება განვითარდეს ბიძგები მაგნიტუდა 6 ით, რომელიც მთელ ტერიტორიაზე გამოიწვევს 8 ბალიან მიწისძვრას, ცუდი გრუნტის ტერიტორიებზე კი შესაძლოა 9 ბალიც იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება კატასტროფული ვითარება. აუცილებალია შემუშავდეს ხანგძლივი სტრატეგიული გეგმა, მოხდეს კვლევები, გამოვლინდეს მოწყვლადი უბნები, შენობები, სადაც ყველაზე დიდი მსხვერპლი შეიძლება მოხდეს, უნდა გამაგრდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მოხდეს გაცვეთილი შენობების მოხსნა. თადარიგის დაჭერაა საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, გარდა იმისა, რომ ყოველწლიუარად ახალი პრობლემები და საფრთხეები გვემატება. ყველა ახალი სახლი თბილისისთვის ახალი პრობლემაა. ერთ მაგალითს გავიხსენებ - 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრა, რომელიც იყო მაგნიტუდა 4,5 უნდა ყოფილიყო სუსტი მიწისძვრა, რომელიც ქალაქს საერთოდ არ უნდა ეგრძნო, მაგრამ ამ მიწისძვრის შედეგად ძველ თბილისში უამრავი შენობა დაინგრა, იყო საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზარალი, დაიღუპა 8 ადამიანი. თქვენ წარმოიდგინეთ უფრო ძლიერი მიწისძვრა რომ მოხდეს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
- ამ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობების ბუმს, რაც ხდება დღეს თბილისში, სურათი საკმაოდ მძიმე გვაქვს. ხდება თუ არა სეისმომედეგეგობის დასკვნებზე მუშაობა და კვლევა თუ რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის არეალი მრვალსართულიანი კორპუსის მშენებლობას?
- თბილისში აშენებული თითოეული კორპუსი არის საფრთხე სეისმომედეგობის მხრივ, თბილისი მთლიანად სეისმურად საშიში ზონაა. ნებისმიერი მშენებლობა ამა თუ იმ არეალში დაფუძნებულია ამ რუკაზე, რომელიც განსაზღვრავს მშენებლობების ნორმებს სართულიანობის, მშენებლობის ტიპის და კონსტრუქციის მიხედვით. როდესაც ხდება მშენებლობის განხორციელება პირდაპირ ხდება სეისმომედეგობის რუკის გადატანა, სხვა სპეციალური გათვლები, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არ ხდება. ეს ძირითადად ეხება საშუალოდ 12 სართულიან შენობებს, იშვიათ შემთხვევაში 16 სართულიანს, მაგრამ ნებისმიერი შენობის შემთხვევაში, რომელიც არის უფრო მაღალი, უფრო კონკრეტულად უნდა ხდებოდეს სეისმური საშიშროების სპეციალური გათვლა და შესწავლა, რაც ჩვენთან არ ხდება. ბოლო პერიოდში თბილისში უამრავი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, სადაც არ არის ჩატარებული სპეციალური გათვლები და არაა შესწავლილი სეისმომედეგობის რისკები, რაც არის მოქმედი სამშენებლო ნორმების დარღვევა. ამას გარდა ჩვენ ვართ ცუდ გრუნტებზე, რომელიც მიდრეკილია სხვადასხვა გეომორფოლოგიური სასიშროებების- ღვარცოფების, მეწყერებისკენ, ასეთ ტერიტორიებზე აუცილებლად უნდა იყოს ჩატარებული სპეციალური გათვლები. დღეს მთაწმინდის ქედზე, მამადავითის ქვემოთ მიმდინარეობს სამუშაოები, ვიცით ვინმემ, არის თუ არა იქ სპეციალურად შესწავლილი გრუნტის მდგომარეობა, ეს ზონა მეწყერსაშიში ტერიტორიაა, ცუდი გრუნტების შემთხვევაში მიწისძვრის დროს ბევრად უფრო სასიში პროცესი ვითარდება. ამ დროს ინიცირებას იწყებს გეომორფოლოგიური საშიშროებები, ამიტომაც ასეთ ზონებში სასურველია საერთოდ არ მიმდინარეობდეს მშენებლობები, და თუ მიმდინარეობს, აუცილებლად უნდა ხდებოდეს როგორც სეისმური საშიშროების, ასევე მიკროდარაიონება, და იმის გათვლა, მიწისძვრის შემთხვევაში, რამდენად მოსალოდნელია მეწყერების ან ღვარცოფების ინიცირება. როდესაც მერიამ გამოაქვეყნა ჟვანის ქუჩის ბოლოში მიმდინარე მშენებლობის შესახებ, ექსპერტების აზრი გაიყო- ერთი ნაწილი ამბობდა, რომ უშუალოდ ეს ნაწილი არ არის მეწყესაშიში, მაგრამ მისი მარჯვენა დაბოლოება მეწყერსაშიშია, ექსპერტების მეორე ნაწილი ამბობს, რომ ვინაიდან ეს ტერიტორია არის ხევი, შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ღვარცოფული საშიშროება. დასკვნაში არ იყო გაკეთებული სეისმური საშიშროების გათვლები, შესაბამისად ვერ იქნებოდა გაკეთებული მიკროდარაიონება, რაც არის მოქმედი სამშენებლო ნორმების დარღვევა.
აქვე გეტყვით, არსებობს საინჟინრო გეოლოგიური რუკა, წვრილი 25 ათასიანი მასშტაბის, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება თბილისში არამყარი გრუნტის ტერიტორიები. არასახარბიელო და ცუდი გრუნტებით არის გამორჩეული ძველი თბილისი უბნები, დიდუბის რაიონი, ჩუღურეთის ტერიტორია. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს საინჟინრო გეოლოგიური რუკა არა 25 ათასიანი მაშტაბით, არამედ 10 და სასურველია 5 ათასიანი მასშტაბის საინჟინრო გეოლოგიური რუკა, რადგან არსებული მასშტაბის რუკა არ არის საკმარისი ისეთი დიდი ქალაქისთვის, როგორიც თბილისია. თბილისში გეომორფოლოგიური საშიშროებისკენ მიდრეკილ უბნებში, სადაც მესამე და მეოთხე კატეგორიის ცუდი გრუნტებია, საერთოდ არ უნდა განვითარდეს განაშენიანება, ამაზე ექსპერტებმაც უნდა თქვან თავისი სათქმელი, მაგალითად მთაწმინდაზე, ჩუღურეთში საერთოდ არ უნდა შენდებოდეს მაღალსართულიანი სახლები.
- ბოლო ერთი წელია თბილისელების და დარგის სპეციალისტების განხილვის მთავარი საგანი გახდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, დაწუნებულია ურბანისტების, ეკოლოგების, ტრანსპორტის სპეციალისტების მიერ. არის თუ არა გენ-გეგმის მიხედვით გათვალისწინებული სეისმური რისკები?
- გენგეგმის ავტორებმა გამოიყენეს არსებული მასალა, ჩემი ინფორმაციით, მათ აიღეს არსებული მონაცემები და არ მომხდარა ახალი მოცემულობის შესწავლა. მათ გამოიყენეს საინჟინრო გეოლოგიური რუკა, რომელიც 25 ათასიანი მასშტაბით არის გაკეთებული, და როგორც უკვე გითხარით, არაზუსტია, ასევე მოქმედი სეისური საშიშროების რუკა, რომელზედაც მოგეახსენეთ, რომ თავის დროზე, არასწორად იყო გათვლილი პარამეტრების მხრივ და ამაზე საერთაშორისო ექსპერტების დაკვნებიც არსებობს, რომლის მიხედვითაც, სეისმური საშიშროების რუკა არ არის ვარგისი, მთლიანად შესაცვლელია. სასაწრაფოდ უნდა მოხდეს თბილისის სეისმური საშიშრობის ახალი რუკის გაკეთება, დარაიონება. გენ-გეგმის ჯგუფისთვის გადაცემული იყო ახალი სეისმური საშიშროების რუკაც, რომელიც უხეშად არის გაკეთებული და საჭიროებს უფრო ზუსტ და დეტალურ მონაცემებს. როგორც მე ვიცი, ახალის შესწავლა არ მომხდარა იმ მიზეზით, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან და როგორც გენ-გეგმის ავტორებმა განაცხადეს, იმ ფინანსების ფარგლებში რაც იყო გამოყოფილი, ეს სამუშაოები ვერ ჩაეტეოდა. რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ გენ-გეგმაზე, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქალაქი წლების პერსპქტივით, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო თავიდან, რათა თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რაც გვაქვს.
- როგორ შეიძლება დავეყრდნოთ ძველ რუკებს, რომელზედაც სპეციალისტები აცხადებთ, რომ არაზუსტია. გენ-გეგმაში გაჩნდა კომპაქტური ქალაქის იდეა, რომელსაც ურბისტები უარყოფით რეკომენდაციებს აძლევენ. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ კომპაქტუტრი ქალაქის იდეასთან დაკავშირებით?
- ამ თემაზე ჩემი მოსაზრებაც ძალიან ნეგატიურია, ეს იდეა ალბათ, გაჩნდა ქაოსურად ან განიხილებოდა კონკრეტულ კაბენეტებში, სპეციალისტების აზრის გათვალისწინების გარეშე. კომპაქტური ქალაქის იდეა არ შეთანხმებულა არც გეოლოგებთან, არც ურბანისტებთან, არც კლიმატოლოგებთან, კომპაქტურ დასახლებას მოყვება უამრავი პრობლემა: ტრანსპორტის, ეკოლოგიის, ფსიქოლოგიური და ა,შ. თბილისი უნდა განვითარდეს პერიფერიების მიმართულებით და არა ცენტრში, როგორც ახლა ხდება. ბუნებრივი კატასტროფების რისკების მიღმა არსებობს უამრავი პრობლემა და გამოწვევვები, რაც აქვს ქალაქს, ეს კომპლექსური საკითხია. 21-ე საუკუნეში არ უნდა ვიფიქროთ ქალაქის იერსახეზე? თბილისის ლანდშაფტის შენარჩუნებაზე? არქიტექტურაზე? კომპაქტური ქალაქის ბეტონის კუნძულები, გარდა იმისა, რომ არ არის სეისმომედეგი, არ არის უსაფრთხო, ისეთი საშიშროების მიმართ როგორიც არის ხანძარი. არის მთელი რიგი უბნები, სადაც სახლები იმდენად მიჯრით არის აშენებული, ხანძრის დროს სახანძრო მანქანა უბრალოდ ვერ შევა რომ ხანძარი ჩააქროს. ყველამ ვნახეთ როგორი კატასტროფა მოხდა ბათუმში ხანძრის შედეგად, არც აქ ვართ ამისგან დაზღვეულები. მიჯრით გაკეთებული ბეტონის კუნძულები ყოველგვარი გამწვანების გარეშე დღეს ჩვენი ქალაქის სახედ იქცა, ის, რომ ადამიანები ვერ მიდიან საკუთარ სახლებთან, არ არის გამწვანება, ტერიტორია, ბავშვების სათამაშოდ, პარკინგი, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურადაც აისახება ჩვენზე. ლონდონში საერთოდ აიკრძალა რვასართულიანზე მაღალი შენობების აშენება, რადგან ჩატარდა ფსქიოლოგიური კვლევები, აღმოჩნდა, რომ მაღალი შენობები ძალიან თრგუნავს ადამიანს, კომპაქტურობა ქმნის ძალიან ბევრ დისკომფორტს, რაც არც ისე გვაკლია. სასწრაფოდ მისახედია ის მდგომარეობა, რაც გვაქვს, უკვე საკმარისად ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ჩვენი ქალაქისთვის კატასტროფად შეიძლება იქცეს.
თამარ ჩხენკელი
მასალის გამოყენების პირობები






