"თითები სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა, დანაყული - ლურსმანი ჰქონდა ჩარტყმული თუ არ ვიცი რა... ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი და ყურში იყო გავლილი... წვივებიც დაგლეჯილი ჰქონდა, ეტყობა დაჩოქება უნდოდათ თუმცა ჩემი შვილი ვერ დააჩოქეს... ხელის გულები ჰქონდა დამწვარი, თითებში რკინები ჰქონდა. სახეზეც რა თქმა უნდა დაზიანებები აღენიშნებოდა, მაკიაჟით ჰქონდა დაფარული", - ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა.
მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი.
„მთელი საქართველო გვერდში დამდგა და ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯერონ, რომ რუსი არის ოკუპანტი, პუტინი კი მკვლელია... მინდა ჩემი შვილი ოკუპაციის ბოლო მსხვერპლი იყოს. გაერთიანდეს და გაძლიერდეს საქართველო, როგორც ეს ჩემს შვილს უნდოდა, რაზეც არჩილი ოცნებობდა"- აღნიშნა ტატუნასვილმა "იმედისთვოის" მიცემულ ინტერვიუში.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს.
პრეზიდენტმა ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
35 წლის სამხედრო, მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს. მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
კიდევ უფრო ცინიკური იყო მარიონეტული რეჟიმის შეფასება, რომ ტატუნაშვილი „ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი და ქართული სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა“.
26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
მასალის გამოყენების პირობები






