დარისპანის, ანუ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გასაჭირი
საზოგადოება - 11:27, 25 Mar, 2018     3264
თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის ბედი დღე დღეზე უნდა გადაწყდეს და სავსებით ბუნებრივია, რომ მისი ავტორი (კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“) ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავისი ნამუშევარი მოაწონოს ყველას – განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ის არ წაუკითხავს. ასეთი კი უმრავლესობაა, ვინაიდან ამ მოცულობით დოკუმენტს რიგითი თბილისელი ან არასპეციალისტი, უდიდესი ალბათობით, არ წაიკითხავს, მეტიც, რომც წაიკითხოს, ამისთვის დროს ვერ იპოვის: 1 000-ზე მეტი გვერდის გონების დატანებით წაკითხვა მართლაც მეტად შრომატევადი საქმეა ამ გაქანებულ ციფრულ ეპოქაში.


ამიტომაც „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დავით კლდიაშვილის დარისპანივით დაატარებს თავის გენგეგმის პროექტს, როგორც კაროჟნას, იმ იმედით, რომ მას დედაქალაქის საკრებულოს მოაწონებს, ანუ შეასაღებს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის სარეკლამო რგოლების გადაღება და გავრცელებაც დაიწყეს – თითქოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ერთი ისაა, რომ ეს ვიდეონამუშევარი ლოზუნგების ერთობაა, დაახლოებით, იმ ავბედით სტილში, ხუთწლედი სამწლედშიო.

სულ ბოლო ვიდეორგოლი გვამცნობს, არც მეტი, არც ნაკლები, თუ როგორი იქნება, „სითი ინსტიტუტის“ გენგეგმის ვერსიით, თბილისი 2030 წელს! ანუ, სულ რაღაც, 12-ოდე წლის შემდეგ.

ჩემთვის, როგორც გენგეგმის პროექტის ცნობისმოყვარე და ბეჯითი მკითხველისთვის, დღესავით ნათელია, რომ, როგორც თქვენ ვერ იხილავთ თქვენს ყურებს, ისევე გენგეგმის შემოთავაზებული პროექტი ვერ განავითარებს დედაქალაქს, მაგრამ მხოლოდ სიტყვაზე რომ არ მენდოთ, მივყვეთ ვიდეორგოლში ჩამოთვლილ დანაპირებებს :ოქროს სარაიების“ შესახებ.

„სითი ინსტიტუტი საქართველო“ გვპირდება კომპაქტურ ქალაქს, მწვანე ქალაქსა და კარგად შეკავშირებულ ქალაქს. მივყვეთ თითოეულ დანაპირებს: კომპაქტური რომ იყოს ქალაქი (ანუ ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზე), სულ მცირე, მიწისქვეშა კომუნიკაციებმა უნდა გაუძლოს ამ ამბავს. არადა თბილისის საკანალიზაციო სისტემა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ ფეკალიები უკვე წნევით მოძრაობს და სავსებით რეალურია, რომ ამ ჩვენს „კომპაქტურ ქალაქში“, არათუ გაკომპაქტურებამდე, მანამდეც ამოიფრქვეს ფეკალიები (თუ რა შეიძლება, მოხდეს ამის შემდეგ, ეს უკვე თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდვია). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების შესახებ გენგეგმის პროექტი საერთოდ არაფერს ამბობს, ანუ ტოვებს ისე, როგორც ახლაა, ფეკალიებში ჭყუმპალაობის პერსპექტივა, ანუ უპერსპექტივობა ზუსტად ისეთია, როგორც მოგახსენეთ.

რაც შეეხება „მწვანე ქალაქის“ დანაპირებს: მისი დევიზია, ლანდშაფტის, რეკრეაციის, გამწვანების დაცვა, განვითარება; ასეულობით ჰექტარი ახალი მწვანე ზონების დანერგვა. დანაპირები და დევიზი ყურს სასიამოვნოდ ხვდება, მით უფრო, ყველასთვის ცნობილია, რომ სუნთქვა ამ ქალაქში შეუძლებელია და უახლესი კვლევით, ჰაერის დაბინძურება ნორმას 300-პროცენტით აჭარბებს. თუმცა მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა, თბილისში არ ჩატარებულა მწვანე ნარგაობების ინვენტარიზაცია და წარმოდგენა არ გაქვს, სად, რამდენი და რა სახეობის მწვანე ნარგავებია დედაქალაქში; ხოლო, რაკი გენგეგმის პროექტი არანაირ კვლევას არ ეფუძნება, მათ შორის, არც გამწვანების მხრივ და არ არის დადგენილი გათვლებით, თუ სად, რამდენი, რა ტიპის სარეკრეაციო ზონების მოწყობაა აუცილებელი, რომ ამ ქალაქში ადამიანები ერთ დღესაც უჰაერობით არ დაიხრჩონ, „მწვანე ქალაქის“ დაპირება, მწვანე ზონების შექმნის შესახებ, დაახლოებით, იმ ანკდოტს ჰყავს, „აქ დავდგამ „სტენკასო“.

რაც მთავარია, „მწვანე ქალაქის“ კონცეფცია გულისხმობს: „მცირე მდინარეების რევიტალიზაციას და ახალი სარეკრაციაო ზონების შექმნას მტკვრის სანაპიროზე“. (ეს ტერმინი „რევიტალიზაცია“, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვისაა გაუგებარი და, ამდენად, ისიც გაუგებარია, რატომ გვაბნევენ გენგეგმის ავტორები სპეციფიკური ტერმინებით, იქნებ იმიტომ, რომ ფიქრობენ, უცხო და გაუგებარი სიტყვა დაგვაჯერებს მათ უსაზღვრო კომპეტენტურობაში?!

მაგრამ ყველაზე საინტერესო ადგილი მაინც მტკვართან ახალი სარეკრეაციო ზონების მოწყობაა: რადგან, მტკვართან რომ მიხვიდე, დაისვენო და მდინარის ჰაერით გაინებივრო ქალაქის სმოგით შეჭირვებული ფილტვები, ჩვენთვისაც, დილეტანტებისთვისაც კი ცხადია, რომ მტკვარს, სულ მცირე, ისეთი ფერი არ უნდა ჰქონდეს, როგორიც აქვს და არც იმ სურნელს უნდა აფრქვევდეს, რომელსაც აფრქვევს (გემახსოვრებათ, რომ სწორედ დაბინძურების გამო აიკრძალა მტკვარში თევზაობა, რადგან ასეთი ჭუჭყიანი წყლის ბინადარი თევზი, არც მეტი, არც ნაკლები, საწამლავია). ხოლო, რადგან გენგეგმის პროექტში არაფერია ნათქვამი მტკვრის გაწმენდაზე (რა და როგორ უნდა განხორციელდეს და რა დაჯდება), იბადება კითხვა: მტკვართან, რომელშიც დაჭერილი თევზიც კი არ იჭმევა, იმიტომ გვიქმნიან დასასვენებელ ზონებს, რომ ერთიანად დავიხოცოთ ჩვენი ტურისტებიანად?!

ასევე, გენგეგმის პროექტი, თურმე გვთავაზობს ეფექტური (წესით, ეფექტიან) სატრანსპორტო კავშირებს. კერძოდ: ქალაქის სხვადასხვა ნაწილს შორის სამი ჩქაროსნული სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, ათამდე ახალი საფეხმავლო და საავტომობილო ხიდის აგებას, შვიდ განივ სატრანსპორტო კავშირსა და 12 საბაგირო დერეფანს! იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ წამლადაც არაა ნახსენები, რა დაჯდება ზემოთქმულის რეალობად ქცევა; მეორე მხრივ, რატომ მხოლოდ 12 და არა 15 საბაგირო დერეფანი?! რატომ მხოლოდ ათამდე და არა ოცამდე საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი?! ეს ჩემი კითხვები ლეგიტიმურია, იმ მარტივი მიზეზით, რომ გენგეგმის პროექტის ავტორებმა ეს „ეფექტური სატრანსპორტო კავშირები“ შემოგვთავაზეს ყოველგვარი გათვლების, სატრანსპორტო ნაკადების დათვლისა და მსგავსი ნიუანსების გათვალისწინების გარეშე. ხოლო, თუ საატრანსპორტო კვლევა არ ჩატარებულა და ავტომანქანების ნაკადები არ დათვლილა ამა თუ იმ მიმართულებებზე, ჩნდება ეჭვი, რომ „სითი ინსტიტუტის“ მესვეურები ზებუნებრივ ნიჭს ფლობენ და თვალის ერთი შევლებით, ყოველგვარი კვლევებისა და დათვლა-გამოთვლის გარეშე შეუძლიათ, ისეთი რთული პრობლემის გადაჭრაც კი მთელი მსოფლიოსთვის, როგორიც კომუნიკაციაა (მოგეხსენებათ, მსოფლიო დედაქალაქები რა მეთოდს არ იგონებენ, რომ როგორმე განტვირთონ საავტომობილო მოძრაობები და იცით, რატომ? იმიტომ რომ მათ არ გაუმართლათ და არ ჰყავთ თავიანთი „სითი ინსტიტუტის საქართველო“, თორემ ხელის ერთი მოსმით გადაჭრიდნენ ამ დილემურ პრობლემას)!

ცხადია, გენგეგმის პროექტში მეტროს ხაზის გაგრძელების ვერსიაც ძალაშია, რომლიც ერთმანეთთან დააკავშირებს „ისთ ფოინთს, ლილოს, გარდაბანს, რუსთავს“. მეტროპოლიტენი, უდავოდ, ყველაზე მოხერხებული, სწრაფი და იაფიანი ტრანსპორტია დედამიწაზე და რა სჯობს, თუკი არათუ მთელი თბილისის, მთელი აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს მიწისქვეშეთი დაიქსელება მეტროსადგურებით?! ვერც ვერაფერი აჯობებს, რომ არა ერთი მეტად პროზაული მიზეზი: ფინანსები… აქვე შეგახსენებთ, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაიწყო (გვირაბიც კი გაყვანილი იყო) და სრული 25 წელი დასჭირდა მის დასრულებას, იმიტომ რომ მეტროპოლიტენის გაყვანა ძვირი სიამოვნებაა. იმას აღარ გავიმეორებ, რომ გენგეგმის არც ამ ინიციატივის ფინანსური ნაწილია დათვლილი (თუმცა საინტერესოა, ასეთი ინტენსიური მიმოსვლაა თბილისსა და გარდაბანს შორის, რომ მეტროპოლიტენით დაკავშირებაა აუცილებელი?! ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ არც სატრანსპორტო ნაკადებია შესწავლილი და არც ადამიანების ნაკადები თბილისის მიმდებარე ტერიტორიებიდან თბილისისკენ და პირიქით), რაც აჩენს ეჭვს, რომ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გრძნეული სიზმარი ნახა და ზუსტად იცის, რომ უახლოეს მომავალში შორეული და მდიდარი ნათესავი დიდძალ ქონებას გვიტოვებს, სულ მცირე, ერთ ათეულ მილიარდ ევროს მაინც და იმ დათქმით, რომ ეს ფული მხოლოდ თბილისს უნდა მოხმარდეს, სხვაგვარად 2030 წლამდე იმის გაკეთება, რაც გენგეგმის პროექტის საპრეზენტაციო კლიპშია მოცემული, გამორიცხულია.

ხოლო, როდესაც ასეთი გრანდიოზული (და მერე რა, რომ უტოპიური?! საკმაოდ საინტერესო მიმდინარეობა იყო ფილოსოფიაში უტოპიზმი) პროექტებია ჩაფიქრებული, ურიგო არ იქნებოდა,, „სითი ინსტიტუტს“ გენგეგმის პროექტში თბილისელებისთვის ფრთების ამოზრდაც გაეთვალისწინებინა: იმიტომ რომ ამდენ ბედნიერებასა და აღმშენებლობას ორ ფეხზე მოსიარულე ადამიანი უბრალოდ ვერ გაუძლებს.

ასეა თუ ისე, მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიაზეა, მოახერხებს თუ არა დარისპანი თავისი კაროჟნას გასაღებას და უტიპიზმის რეალიზმად გასაღებას.

ნიკა ჩიჩუა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42