- რა დარღვევებით გაფორმდა ხელშეკრულება მერიასა და "სითი ინსტიტუტს" შორის, თავიდანვე როგორ იყო განსაზღვრული მიმწოდებლის, "სითი ინსტიტუტის" პასუხისმგებლობა და ექვემდებარებოდა თუ არა ხელშეკრულება მოშლას გამოვლენილი ნაკლების გამო?
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ააიპ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის დაიდო 2015 წლის 15 ოქტომბერს ხელშეკრულება სახელწიფო შესყიდვების შესახებ N20. ამ ხელშეკრულების თანახმად „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების მიხედვით უნდა შეემუშავებინა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, შემოწმებისას პირველად გამოვლენილი ნაკლისთვის, მიმწოდებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა ფაქტის განმეორებით ან მესამედ იგივე შემთხვევისათვის, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულების 5%-ით დაჯარიმება და ხელშეკრულების მოშლა. ხელშეკრულების მე-14 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლა შესაძლებელია დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისას ან თუ დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 4%-ს. იმის შესაბამისად, რომ მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ უკვე ორჯერ დააჯარიმა 140 000 ლარითა და არაერთხელ 5600 ლარით, სახეზე ბევრჯერ იყო ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა, თუმცა მერიამ ეს არ განახორციელა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დამატებითი ვადის დაწესება არ არის აუცილებელი, თუკი მას არავითარი შედეგი არ ექნება. შესაბამისად მერიის მიერ დამატებითი ვადების განსაზღვრა, რაც არაერთხელ მოხდა, არ იყო მიზანშეზონილი, რადგან არ ჰქონდა არსებითი შედეგი, რომელიც დღის წესრიგში არსებულ პრობლემებს მოაგვარებდა.
მნიშვნელოვანია, რომ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, და იმ პირს, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული და დაფუძნებულ იქნა კონკურსის გამოცხადებიდან 41 დღის შემდეგ, ასევე არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი. რადგან მთელი თავისი შემოსავალი ხელფასებზეა გაწერილი, როგორ უნდა გადაიხადოს მერიის მიერ დაკისრებული საჯარიმო სანქციები? ხელშეკრულება N20 ის 9.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო საბანკო და სადაზღვევო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3% -ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას. შეგახსენებთ რომ 2800 000 ლარის 3% შეადგენს 84 000 ლარს, რასაც დღეს არსებული პირგასამტეხლოსა და ჯარიმების ოდენობა ბევრად აღემატება. ამ თემასთან მიმართებით, ბევრი საკითხია ბუნდოვანი რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. პირველი შეცდომა, რაც დაუშვა მერიამ თავის დროზე, არის ის, რომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა და არ დასმულა შეკითხვები, რა სურთ თბილისელებს? რა საჭიროებები აქვთ მათ? როგორ უნდა განვითარდეს თბილისელების ყოველდღიური ყოფა? - ეს ის შეკითხვებია, რომელიც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა მერიას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი პროექტის მომზადებისას, რაც მათ არ გაუკეთებიათ. გეგმარებითი დავალების პროექტი იყო გაუმართავი, იმიტომ, რომ კონკრეტულად არ განსაზღვრავდა ძირითად პრიორიტეტებს, არ იყო მოცემული სქემები, მიმართულებები. არ იყო მოთხოვნა, შექმნილიყო მონაცემებთა ბაზები და მომხდარიყო მათი დამუშავება, დასკვნების დადება. სითი ინსტიტუტმა მარტივი გზა მოძებნა- დასკვნების შემუშავების გარეშე მოახდინა საკუთარი შეხედულებების პირდაპირ გადმოტანა ფურცელზე, ყოველგვარი კვლევების გარეშე, შესაბამისად 1200 გვერდიან დოკუმენტში ფაქტიურად ვერ ვხვდებით. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ მიწათსარგებობის გენერალური გეგმა უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, თუმცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტს არ ამტკიცებს საკრებულო. მიგვაჩნია რომ მომზადებული პროექტი უნდა დაამტკიცოს საკრებულომ რათა შემდგომში შემუშავებული გენ-გეგმა ნაკლებად იყოს ხარვეზიანი და საკრებულოს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციები არ ჰქონდეს მინიჭებული.
- როგორც უკვე აღნიშნეთ, „სითი ინსტიტუტ საქართველო“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამართლებრივად რამდენად სწორი იყო, ორგანიზაციისთვის რომელიც არაა ორიენტირებული მოგებაზე თანხების გადანაწილების ეს პრინციპი და რამდენად გამჭირვალეა თქვენთვის იურისტებისთვის იმ თანხების მონიტორინგი , რაც მერიამ გადაუხადა სითი ინსტიტუტს?
- მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხებიც. კერძოდ, რაში გაიწერა 2 800 000 ლარი და გაიწერა თუ არა საერთოდ ნამდვილად ხელფასებში? როგორ შეიძლება მოხდეს ამ თანხების მონიტორინგი? ეს ის საკითხებია, რომელიც გამჭირვალობით ნამდვილად არ გამოირჩევა. როდესაც ქალაქ თბილისის მერიას მიმართეს, რათა გამოგვეთხოვა ბიუჯეტი, მან პასუხად ააიპ „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ გადაგვამისამართა, ხოლო "სითი ინსტიტუტ საქართველომ" განაცხადა რომ არ იყო ვალდებული თანხების გაწერის საკითხი ვინმესთან გაესაჯაროვებინა და ეს მისი საქმე იყო. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო შეესაბამება თუ არა გადახდილ თანხას, ამაზე პასუხს ვერ ვიგებთ, რადგან მერიამ ხელშეკრულებაში ეს პუნქტები, თუ როგორ უნდა მოეხდინა მონიტორინგი, არ გაითვალისწინა.
- როგორ არეგულირებს ამ ტიპის ხელშეკრულებებს და ვალდებულებებს ქართული კანონმდებლობა?
- ამ კუთხით აგრეთვე, ხარვეზიანია კანონმდებლობაც, რადგან მოცემული საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ არ არის სრულყოფილი და არ იძლევა კონკრეტულ გამიჯვნას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმასა და განაშენიანების რეგულირების გეგმებს შორის. რადგან არ არის კონკრეტულად ჩამოყალიბებული, მაგალითად, რას ნიშნავს ზოგადი ზონირება, რა დასაბუთება უნდა ახლდეს და საერთოდ უნდა ახლდეს თუ არა დასაბუთება და ა.შ. დაუხვეწავი კანონმდებლობა ბევრი ლაფსუსის გაპარვის საშუალებას იძლევა, რაც არსებითი ხასიათისაა.
თამარ ჩხენკელი
მასალის გამოყენების პირობები






