არასრულწლოვანის დედა, აღნიშნავს, რომ გოგონას ღია ნომრიდან უკავშირდებოდნენ.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოძიება, მშობლების განცხადების საფუძველზე დაიწყო.
8 წლის გოგონას დედა აღნიშნავს, რომ პირადად მოისმინა, როგორ ცდილობდნენ მისი მესამე კლასელი შვილის საშიშ ინტერნეტ თამაშში ჩართვას. ზარი „ჯეოსელიდან“ ღია ნომრით დაფიქსირდა. ზარის ავტორები ქართულ და რუსულ ენაზე საუბრობდნენ.
არასრულწლოვანის ბიძის თქმით, მას შემდეგ რაც მკაცრად დაელაპარაკა ზარის ავტორებს, მათ ტელეფობი გათიშეს. ოჯახს ეშინია და ამიტომ გოგონა ბოლო დღეებია სკოლაში არ დადის.
გოგონას დედის მონაყოლის მიხედვით, მისი შვილის მიმართ, უცნობი ადამიანების მხრიდან იყო მუქარის შემთხვევებიც.
მეტიც არასრულწლოვანს viber-ში რუსული ნომრიდან საგანგებოდ პარამეტრებიც გამოუგზავნეს, რომელიც საშიში თამაშის დასაწყებად აუცილებელია.
"გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ჩემი შვილი, რომ მე "ლურჯი ვეშაპი" არ ვიციო... ტელეფონი, როგორც კი გამოვართვი ბავშვს და დავინტერესდი ვინ იყვნენ, მაშინვე გათიშეს. 20 წუთის შემდეგ ისევ გადმორეკეს... "ჯეოსელის" ღია ნომდირად უკავშირდებოდნენ ჩემს შვილს. რუსულ ენაზე მომმართა" - აღნიშნავს გოგონას დედა.
8 წლის ბავშვის გოგონას ბიძა ამბობს, რომ მუქარის ავტორებს გამომზიებელიც ესაუბრა:
"დამცინავად პასუხობდა, უთხრა თუ პოლიციის თანამშრომელი ხართ გამოიძიეთ ვინ ვარო და ტელეფონი გათიშა"- თქვა ბიძამ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ ქარცივაძის თქმით, ბოლო ერთ წელში, აჭარაში, ბავშვების მიერ სახიფათო ინტერნეტთამაშების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართულ ონლაინ სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ გამოყენების ფაქტი არ დასტურდება.
საპირისპიროს ამტკიცებს ხელვაჩაურში მცხოვრები 17 წლის მოზარდი, რომელმაც სამი თვის წინ თვითმკვლელობა სცადა. ახალგაზრდამ "აჭარის ტელევიზიას" დაუდასტურა, რომ "ლურჯი ვეშაპს" თამაშობდა.
ოჯახის ინფორმაციით, სავარაუდოდ საშიშ ინტერნეტ თამაშში იყო ჩართული ქობულეთის კიდევ ერთი მკვიდრი, 17 წლის გოგი დოლიძე, რომელიც 2017 წლის 7 დეკემბერს გაუჩინარდა.
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 12 წლის გოგონამაც, როემლიც მე-5 სართულიდან გადახტა.
თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადახტა 14 წლის ბიჭიც. ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან რომ მოზარდი "ლურჯმა ვეშაპმა" შეიწირა.
მიმდინარე თვის დასაწყოსში დიღმის მასივში, მე-8 სართულიდან 16 წლის მოზარდი გადახტა. მოზარდი ამ დრომდე ჟურუშაურის კლინიკაში მკურნალობს. მოზარდის და ამბობს, რომ მისი ძმა საშიშ ინტერნეტთამაშს თამაშობდა.
მისივე თქმით, თამაშის მეთაური მოზარდს მცირეწლოვანი ძმის მოკვლით ემუქრებოდა თუ ბოლო დავალებას არ შეასრულებდა - ბავშვს თავი უნდა მოეკლა.
ამ ამბოდან ორი დღის შემდეგ, 7 მარტს, თბილისში, თემქის დასახლებაში მცხოვრები 14 წლის გოგონა მე-6 სართულიდან გადმოხტა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ამ დრომდე ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






