თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. „ანტალიის, იზმირის და თურქეთის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებიდან ჩამოსულები არიან ხელოვნებათმცოდნეები; ადგილობრივ მხატვრებთან ერთად იმართება მათი გამოფენები. ხვალ სამეცნიერო კონფერენცია იქნება. მე, როგორც თურქეთის ელჩი, ვამაყობ, რომ ასეთ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას და ამ ღონისძიების პატარა ნაწილი ვარ,“ - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.
თსუ ასოცირებული პროფესორის, თურქოლოგიის საბაკალავრო ხელმძღვანელის ელისაბედ ბჟალავას ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეხუთედ მასპინძლობს თურქულ-ქართული ხელოვნების ფესტივალს. „გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კათედრისა და თურქული უნივერსიტეტების წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად ტარდება. გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება. ვიზუალური ჩვენებების გარდა, გაიმართება ვორქშოფებიც,“ - აღნიშნა ელისაბედ ბჟალავამ.
თსუ ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი ბოლო წლებში აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან. ამ წლების მანძილზე გაიმართა რამდენიმე გამოფენა და ვორქშოპი თურქეთში თსუ პროფესორების და სტუდენტების მონაწილეობით. თსუ-ში კი უკვე ტრადიციული თურქული და ქართული ხელოვნების ერთობლივი ყოველწლიური ფესტივალი ტარდება.
ორი დღის განმავლობაში, 22-23 მარტს, ფესტივალის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება ვორქშოპი, თურქი და ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა სახვითი ხელოვნების სტუდიაში, სახვითი ხელოვნების პედაგოგის ლელა გელეიშვილის პერსონალური გამოფენა თსუ-ს მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, თურქი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სააქტო დარბაზის ფოიეში, კონფერენცია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების პრობლემატიკაზე.
მასალის გამოყენების პირობები






