- ქალბატონო ნათია, მუდმივად მუსირებს აზრი, რომ დარღვევებით ჩატარდა კონკურსი, რომლითაც მერიამ გენ-გეგმის ავტორად სითი ინსტიტუტი საქართველო შეარჩია, რომ ასევე იყო დარღვევები იმ კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით, რომელთაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა გენ-გეგმის მომზადებაში, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ გარიგებების დეტალებთან დაკავშირებით?
- 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.. აღნიშნული დროისთვის წარმოდგენილ იქნა 11 საკონკურსო წინადადება. წესით, კონკურსი უნდა ჩატარებულიყო ორ ეტაპად, თუმცა ჩატარდა მხოლოდ ერთი ეტაპი. რომლის საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს. ამავე დღიდან, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენის მიზნით, მუშაობა დაიწყო საკონკურსო კომისიამ. თუმცა რამდენად შეესაბამებოდა საკონკურსო კომისიის წევრთა კვალიფიკაცია შესამუშავებელ დოკუმენტის არსს, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ბევრი შეკითხვები წარმოიშვა თუ რამდენად მიუკერძოებლად და ობიექტურად ჩატარდა კანდიდატების გადარჩევა. საბოლოოდ ბევრ გამოცდილ ორგანიზაციას შორის კონკურსის გამოცხადებიდან 41-ე დღეს დაფუძნებულმა ორგანიზაციამ ა (ა) იპ „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ გაიმარჯვა, თუმცა კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, ეს არ ნიშნავდა რომ სწორედ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ უნდა შეემუშავებინა გენ-გეგმა, თუმცა მთავრობამ თავისი განკარგულებით სწორედ მას დაავალა ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნა. მაშინ როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში დადგენილია წინაპირობები, იმის შესახებ რომ ორგანიზაცია, რომელიც ამგვარ კონკურსში იღებს მონაწილეობას დაფუძნებული უნდა იყოს მინიმუმ 1 წლის ვადით ადრე, უნდა სარგებლობდეს საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით, და დაკომპლექტებული უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებით. აღნიშნულის შესაბამისად, რა მოცემულობა გვაქვს სახეზე? ტენდერის გამოცხადებიდან 41 დღის შემდეგ დაფუძნებულ ორგანიზაციას ვანდობთ ქალაქის განვითარების საკითხის გადაწყვეტას, არანაირი რეპუტაცია არ გააჩნია საზოგადოებაში, მზგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ გააჩნიათ და აგრეთვე, თანამშრომლობს იმ კომპანიებთან, რომელთა სამუშაო მიმართულებები საერთოდ არ არის ასახული ქალაქის გენ-გეგმაში, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულებების შინაარსი გასაიდუმლოებულია. ასეთ კომპანიას ვანდობთ 2 800 000(ორი მილიონ რვაასი ათასი)ლარს, რომელიც შეგახსენებთ რომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფორმირდება.
ააიპ „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ გაიმარჯვა ამ კონკურსში და მიიღო 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი როგორც გამარჯვებულმა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესამუშავებლად თბილისის მთავრობამ გამოსცა N2212 განკარგულება, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი ინტერესებიდან და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვების საშუალებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარის გამოყოფას გენგეგმის შესამუშავებლად. ისმის შეკითხვა, ხელშეკრულება რომელიც 18 თვის ვადით დაიდო ( დღეის მდგომარეობით კი 2 წელზე მეტია გასული) რამდენად ჯდებოდა გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში? რა საკვირველია, ამ ვადების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა და აღნიშნული ქმედება პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდა. ღიად დარჩენილია კითხვა: რამდენად იყო მიზანშეწონილი და უფლებამოსილი საქართველოს მთავრობა გამოეცა ამ სახის განკარგულება ამ სახის დავალების შესრულების დავალების მიზნით?
მეორე საკითხია, 2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #1742 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურსა და უცხოურ საწარმო -„ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“(PricewaterhouseCoopers) შორის გაფორმდა #42030651A001/015 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიას, საკონკურსო განაცხადებზე მუშაობის პროცესში, უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 472000 (ოთხას სამოცდათორმეთი ათასი) ამერიკული დოლარი. მოცემული ხელშეკრულების მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურეობა გასწია ეკონომიკურ საკითხებზე, ანუ რამდენად სწორად იყო მოთხოვნილი 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი და ნამდვილობა უნდა დაედგინა ამ თანხების შესაძლო განკარგვისა. მას უნდა შეემოწმებინა „სითი ინსტიტუტ საქართველოს მიერ, კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ კომპანიების გამოცდილება და შესაბამისობა მოთხოვნებთან. ეს კომპანიები იყვნენ: AS&P – Albert Speer & Partner GmbH”, Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste”,Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა(ა)იპ „სენი - კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“და სხვები. მოცემული კომპანიების გამოცდილება იყო ძალიან ვიწრო და თითქმის წარმოდგენილი მიმართულებები არ იქნა ასახული 1200 (ათას ორასი) გვერდიან გენ-გეგმაში. ისმის შეკითხვა ნამდვილად გადაირიცხა ამ კომანიების ანგარიშზე თუ არა თანხები და საერთოდ შეიმუშავეს თუ არა ამ კომპანიებმა საკუთარი დასკვნები ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნისას? საფუძვლიანი ეჭვისა და დამალული ბიუჯეტის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უცნობია ვინ და რა მიზნით შეიმუშავა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
თამარ ჩხენკელი
მასალის გამოყენების პირობები






