გენგეგმის პროექტის საბჭოური ხიბლი - როგორ განვკარგოთ სხვების კერძო ბიზნესი
საზოგადოება - 11:35, 17 Mar, 2018     3603
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ბედი ჯერჯერობით უცნობია:„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ პროექტის საბოლოოდ ჩასწორებული ვერსია ჯერ არ წარმოუდგენია და, შესაბამისად, თბილისის მერიასაც არ უნახავს, მის მიერ გამოთქმული შენიშვნებიდან, რა გაითვალისწინა და რა არა არა გენგეგმის პროექტის ავტორმა კომპანიამ. მაგრამ უკვე ვიცით დაზუსტებით, რომ გენგეგმის პროექტი უამრავ კერძო საკუთრებასა და ბიზნესს ეხება.


გენგეგმის
პროექტის ავტორებმა საკუთარ თავს იმდენად დიდი თავისუფლების ნება მისცეს, რომ არც კი გაუთვალისწინებიათ რეალობა: ერთი მხრივ, თბილისის ფინანსური შესაძლებლობები და, მეორე მხრივ, რამდენი ადამიანის კერძო საკუთრებასა და ბიზნესს შეუქმნიდნენ პრობლემას. პროექტის ავტორთა თვითნებობარ გამორჩენია აზიის განვითარების ბანკის ექსპერტს ერიკ ჰიუბრეხტს, რომელმაც გენგეგმის პროექტის მონიტორინგი ჩაატარა და დაასკვნა, რომ პროექტი ეხება ძალიან ბევრ კერძო საკუთრებასა და ბიზნესს, ამიტომაც თბილისის მერიას უსაზღვროდ დიდი ოდენობის კომპენსაციის გაცემა მოუწევს, რაც, ფრანგი ექსპერტის შეფასებით, არაგონივრული და შეუძლებელია. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონი ექსპროპრიაციის, ანუ ქონების ჩამორთმევის შესახებ (სწორედ ქონება უნდა ჩამოგართვათ მერიამ, თუკი თქვენს საკუთრებაზე „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გადაწყვიტა, მაგალითად, მაგისტრალის ან პარკის მოწყობა, ან, სულაც, მტკვართან მისასვლელის გაკეთება) საკმაოდ დახვეწილია და, თუ სახელმწიფო თავისი საჭიროებისთვის გადაწყვეტს, ჩამოგართვათ ქონება, ის ვალდებულია, თავისი გადაწყვეტილება სასამართლოში დაასაბუთოს და, რაც მთავარია, გადაგიხადოთ თქვენი ქონების ღირებულების საბაზრო ფასი. თავის მხრივ, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ეს მერიის პრობლემაა და არა მისი კომპანიის, რადგან მათ ძალიან „კარგი გენგეგმა დაწერეს“ და კომპენსაციის ფულის მოძიება და მესაკუთრეებთან ურთიერთობის გარკვევა მერიის თავსახეტია, ანუ ხელები საფუძვლიანად დაიბანეს.

გენგეგმის პროექტს თან ახლავს ახალი ზონირების რუკაც, ანუ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ თბილისში ახალი ზონები დააწესა (თუ სად უნდა იყოს საცხოვრებელი, სად ბიზნესუბანი, სად სარეკრეაციო და ა. შ. და არსებული ზონები შეიცვალა) და შესაძლოა, თქვენი საკუთრება სულ სხვა ზონამოექცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუკი მიწის ნაკვეთი შეიძინეთ იქ სახლის აშენების ან რამე ბიზენსსაქმიანობის წამოწყების მიზნით, ვერც სახლი ააშენოთ და ვერც ჩაფიქრებული ბიზნესსაქმიანობა დაიწყოთ.

მოარული ხმებით, გენგეგმის პროექტის ზონალური რუკის შექმნა მეტად სუბიექტურად მოხდა და თითქოს გენგეგმის პროექტის გუნდმა უბრალოდ გაითვალისწინა მათთან დაახლოებული პირებისა და ბიზნესჯგუფების ინტერესები (ზოგჯერ უანგაროდ, ხანდახან ანგარებით) და სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრა თბილისის ესა თუ ის ზონა.

ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, ვენდოთ ან არ ვენდოთ მსგავს ხმებს, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ენას ძვალი არ აქვს და შესაძლოა, ცილსაც სწამებდნენ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და, მეორე მხრივ, ამგვარი საკითხების მოკვლევა გამოიძების საქმეა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი მოწმე გამოჩნდება, რადგან ამგვარი გარიგებების კვალი, როგორც წესი, წაშლილია. სამაგიეროდ, დადასტურებულია, რომ გენგეგმის პროექტი ითვალისწინებს ბიზნესის წართმევის სქემას – მეტად ახლებური მეთოდით და აშკარა ტყუილსაც შეიცავს.

გამოცხადებული ტყუილის ქრონიკა

დავიწყოთ თავიდან: გენგეგმის პროექტი ითვალისწინებს მდინარე მტკვრის ქალაქის განვითარებაში ჩართვას (მის ქცევას თბილისელებისა და მისი სტუმრების დასასვენებელ ადგილად, თვით ბორნების ამუშავების ჩათვლით. პროექტის თავადპირველი ვარიანტი, საერთოდაც, გემების მოძრაობის შესაძლებლობასაც განიხილავდა) და ავითარებს „მწვანე ქალაქის“ კონცეფციას. იდეები, მართლაც, საინტერესო და მისასალმებელია, მაგრამ:

1) პროექტი არც კი განიხილავს მტკვრის გაწმენდით სამუშაოებს (არათუ ამისთვის საჭირო ხარჯს ითვლის), მაშინ, როდესაც მტკვარში ჩაედინება თბილისის საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ფაქტობრივად, გაუფილტრავად, რადგან გარდაბნის გამწვენდი ნაგებობებიდან მხოლოდ მექანიკური გაწმენდის აგრეგატები მუშაობს. ბიოლოგიურად კი თბილისის საკანალიზაციო წყალი საერთოდ არ იწმინდება. მეტიც, თუკი თბილისში წამში 20 კუბური მეტრი სუფთა წყალი შემოდის, საკანალიზაციო ქსელში მხოლოდ 5 პროცენტი ხვდება, რომელიც მხოლოდ მექანიკურად იწმინდება გარდაბანში და ისე ჩაედინება მტკვარში, ხოლო 15 კუბური მეტრი საკანალიზაციო წყალი მტკვარში პირდაპირ ხვდება, მისი ნაწილი კი ნიადაგში ჟონავს. სავსებით ნათელია, რომ მტკვრის გაწმენდის, ანუ მტკვრის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების გარეშე მასთან არც მისასვლელის გაკეთებაა შესაძლებელი და არც მდინარის ჩართვა ქალაქის განვითარებაში. ამ პრობლემას გენგეგმის პროექტი არ ახსენებს.

2) კვლევებსა და გათვლებს არც „მწვანე ქალაქის“ კონცეფცია ეფუძნება, გამწვანების არეალები დაადგენილია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გემოვნებისამებრ და არა იქ, სადაც ყველაზე მეტადაა დაბინძურებული ჰაერი („სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი აცხადებს, რომ კვლევების თანხას გენგეგმის ბიუჯეტი არ ეყოფოდა, თუმცა აქვე გეტყვით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებეს მონიტორინგს, ამდენად, თბილისის სხვადასხვა უბანში ჰაერის დაბინძურების ხარისხი მეტნაკლებად ცნობილია და ამ მონაცემის გამოყენება კომპანიას შეეძლო გენგეგმის პროექტზე მუშაობისას). ამასთან, პროექტი არც სარწყავი სისტემების ქსელს ახსენებს, რის გარეშეც სარეკრეაციო ზონების შექმნას აზრი არ აქვს. ხოლო სარეკრეაციო ზონები, ძირითადად, თბილისის გარეუბნებშია გამოყოფილი, რაც, ცხადია, ვერაფრით იმოქმედებს ეკოლოგიურ ვითარებაზე დედაქალაქის სხვა უბნებში. უფრო მეტიც, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბოლო შენიშვნები ეხებოდა, მათ შორის, ვარკეთილში შიდა კვარტალური გამწვანებების ამოღებას გენგეგმის პროექტიდან. რაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა ახსნა პროექტის მასშტაბით: რომ გენგეგმის მასშტაბი შიდაკვარტალურ 200-300 კვადრატულმეტრიანი გამწვანებული არეალების გენგეგმის რუკაზე ასახვის საშუალებას არ იძლევა. რუკის მასშტაბი, მართლაც, არ იძლევა ამის საშუალებას, აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: თუკი მასშტაბი საშუალებას არ იძლევა, მაშინ როგორ უნდა განხორციელდეს გენგეგმის პროექტის მიერ შემოთავაზებული „მწვანე ქალაქის“ კონცეფცია, თავი რომ დავანებოთ უბნების მიხედვით ჰაერის დაბინძურების კვლევებს?!

ამ წინააღმდეგობების მიუხედავადაც, გენგეგმის პროექტით, მტკვრის ქალაქის განვითარებაში ჩართვისა და „მწვანე ქალაქის კონცეფციის“ ფარგლებში გადაწყვეტილია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვართან მისასვლელი სარეკრეაციო ზონის გაკეთება, მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო მაგისტრალის გაუქმების პარალელურად (სანაცვლოდ თბილისის რკინიგზის გადატანის შემდეგ აეროპორტიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ახალი გზატკეცილი უნდა ამოქმედდეს). ხოლო, რადგან მტკვართან მისასვლელის გაკეთება გენგეგმის პროექტის ავტორებმა განიზრახეს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ეგრეთ წოდებული ელიავას ბაზრობაა განთავსებული (გენგეგმის პროექტში შენიშნავენ, რომ ის კონკრეტული ადგილი ზომაზე მეტადაა დაბინძურებული ეკოლოგიურად და ამიტომ მისი ქალაქიდან გარიდებაა აუცილებელი). საინტერესო დეტალია, რომ იმ ტერიტორიაზე არსებული ყველა ბაზრობის გატანას არ გულისხმობს პროექტი, სამშენებლო მასალებისა და რკინის საამქროები ადგილზე რჩება, თუმცა პროექტში ნათლად წერია, რომ სწორედ სამშენებლო მასალები და რკინის საჭრელი საამქროები აზიანებენ ეკოლოგიას.

და თუმცა ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მოტივით გადაწყვიტეს, გადაიტანონ ეგრეთ წოდებული ელიავას ბაზრობა, მის ადგილას აპირებენ, გააშენონ არა მხოლოდ სარეკრეაციო ზონა, არამედ ბიზნესცენტრი და ახალი საცხოვრებელი უბანი, რაც ბადებს ეჭვს, რომ არაა გამორიცხული, ვინმეს თვალი დაედგა ელიავას ბაზრობისთვის სწორედ ტერიტორიის მისაკუთრების გამო, რადგან ნებისმიერისთვის ნათელია, რომ მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები ძალიან შორეული პერსპექტივის ამბავია.

ამასაც რომ თავი დავანებოთ: ელიავას ბაზრობას მხოლოდ გადატანა არ აკმარეს, გენგეგმის პროექტით: პროექტის ავტორები თბილისის მერიას ბაზრობის ორ ნაწილად გაყოფას სთავაზობენ (ანუ ამ არჩევანსაც კი არ უტოვებენ კერძო მესაკუთრეებს).

და აი, აქ იწყება გამოცხადებული თაღლითობის ქრონიკაც.

ავანტიურა ნომერი ერთი

გენგეგმის პროექტში შავით თეთრზე წერია: ელიავას ბაზრობის რელოკაცია მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი გაყოფით, რაც მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური გადანაწილების საშუალებას იძლევა და გააუმჯობესებს მოქალაქეთა წვდომას გასაყიდ პროდუქციასა და სერვისებზე“. ანუ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ადგენს, თუ როგორ უნდა განკარგონ თავიანთი კერძო ბიზნესი კერძო პირებმა, იმიტომ რომ, მათი აზრით, ეს მოქალაქეების წვდომას გააუმჯობესებს გასაყიდ პროდუქციასა და სერვისებზე, ხოლო, რადგან მათ მოქალაქეები არ გამოუკითხავთ, სავარაუდოდ, საკითხს საბჭოთა პათოსით მიუდგნენ: ვინ ეკითხება მოქალაქეებს და, მით უმეტეს, კერძო მფლობელებს?!

და, რადგან, გენგეგმის პროექტის ავტორთა აზრით, მოქალაქეებსა და კერძო ბიზნესს არავინ ეკითხება , ის ალტერნატიული ადგილებიც თავად განსაზღვრეს. გენგეგმის პროექტში ვკითხულობთ: „შეირჩა ორი ალტერნატიული არეალი ქალაქის გეოგრაფიული ცენტრიდან თანაბარი დაშორებით… ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის რელოკაცია მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქ. დედოფლის გამზირის გასწვრივ, ორ მეტროსადგურს – ისანსა და სამგორს (ქვედა) – შორის (“ქ. დედოფლის გამზირი”, ანუ ქეთევან წამებულის გამზირი. ავტორი).“

ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილი რელოკაციისთვის (ანუ გადატანისთვის) განსაკუთვნილი ტერიტორია (ეს ნათლად ჩანს გენგეგმის პროექტის რუკაზე, რომელიც თან ერთვის გენგეგმის პროექტის ამ ნაწილს), საჯარო რეესტის მონაცემების თანახმად, სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტის“ საკუთრებაა 2007 წლიდან. ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ილია კოკაია, საბჭოს წევრები კი არიან: ნიკოლოზ ჩიქოვანი და გიორგი კაპანაძე. „რეალ ინვესტი“ მოქმედი სააქციო საზოგადოებაა და მისმა მფლობელებმა არაფერი იციან, რომ გენგეგმის პროექტის ავტორები მათ ტერიტორიაზე ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის განთავსებას აპირებენ მათთვის უკითხავად. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, ისინი არავისთვის აპირებენ თავიანთი კუთვნილი ტერიტორიის დათმობას (ან კი რატომ უნდა დათმონ თავიანთი საკუთრება და ბიზნესი?!).

ილია კოკაია: „იქნებ ვინმეს აქვს კიდეც სურვილი, რომ ჩემს ტერიტორიაზე განთავსდეს ბაზრობა, მაგრამ როგორ უნდა მაიძულონ?! როგორც ჩანს, ვიღაცას თავში მოუვიდა რაღაც იდეები. ვიღაც შეაწუხა ელიავას ბაზრობამ, მაგრამ იმ ხალხს რაღაც რეალური უნდა შესთავაზო, ის საქმიანობა მათი შემოსავლის წყაროა. მე პატივს ვცემ მათაც და გული შემტკივა, მაგრამ ვერანაირად ვერ დავთმობ ჩემს ტერიტორიას“

ილია კოკაია იმასაც შენიშნავს, რომ მთავრობას, ცხადია, აქვს საშუალება, ნებისმიერი თავისი უკანონო გადაწყვეტილება მოიყვანოს სისრულეში, მით უფრო, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში აქვთ მსგავსი გამოცდილება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ახლანდელი მთავრობა ბიზნესზე ძალადობას არ მიმართავს.

უცნობია, რატომ დააყენა ასეთი სარეკეტო არჩევნის წინაშე „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ თბილისის მერია?

რატომ ლახავს კერძო საკუთრების უფლება?

რატომ ქმნის სამართლებრივი ჩიხი გენგეგმის პროექტში?

ვისი და რის იმედით ცდილობს მსგავსი უკანონობის დაკანონებას?

და, რაც მთავარია, იკითხება თუ არა კანონდარღვევა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ამ ქმედებაში?

ავანტიურა ნომერი ორი

გენგეგმის პროექტის ავტორები ელიავას ბაზრობის მეორე ალტერნატიულ ადგილად მერიას სთავაზობენ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას, რომელიც, გენგეგმის პროექტის მიხედვით, მერიის საკუთრებაა და თითქოს ტერიტორია თავისი ნებით დაუთმო მეპატრონემ დედაქალაქის მთავრობას 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილის საფუძველზე. გენგეგმის პროექტში ვკითხულობთ, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მეპატრონე დაინტერესებულია ამ არეალიდან გასვლით, რის შედეგადაც თავისუფლდება 72 ჰექტარი ტერიტორია. ცხადია, უცნაურია, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე ჭკუათმყოფელი 72 ჰექტარი ტერიტორიიდან გასვლით.

ციტატა გენგეგმიდან: ელიავას ბაზრობის მეორე ნაწილის რელოკაცია მიზანშეწონილად მიგვაჩნია ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, დ. გურამიშვილის გამზირსა და ფეიქართა ქუჩის შორის. მოგეხსენებათ, რომ ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, 2016 წლის 10 მაისის წერილით, ოფიციალურად დაუფიქსირა, რომ დაინტერებულია აღნიშნული არეალიდან გასვლაში. შედეგად, შესაძლებელია გათავისუფლდეს 72 ჰა ტერიტორია.”

თუმცა გენგეგმის პროექტის ავტორები ელიავას ბაზრობის გადატანას გეგმავენ იმ 72 ვითომ თავისუფალი 72 ჰექტარი ტერიტორიის 9 ჰექტარზე, დანარჩენი 63 ჰექტრის მომავალი კი გაურკვეველია.

რეალურად ზემოხსენებულ და გენგეგმის პროექტში მოტანილ 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილში სულ სხვა რამ წერია (წერილის ასლი გამოვითხოვეთ თბილისის მერიიდან) და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელის სრულიად განსხვავებული სურვილები იკვეთება. პირიქით, ის შეკვეთას აძლევს თბილისის მერიასა და გენგეგმის პროექტის ჯგუფს (მერიის განმარტებით, მერიამ ამ წერილის ასლი „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ გადაუგზავნა).

წერილის თანახმად, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მესვეურებმა გაიგეს რა, რომ „აქტიურ ფაზაში შევიდა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა“, მერიას აცნობეს შემდეგი (ციტატა წერილიდან): „ს/ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საკუთრებაშია ნაძალადევის რაიონში განთავსებული ქარხანა, საერთო ფართით 202 047 კვადრატული კილომეტრი, თბილისის შემოვლითი სარკინიგზო პროექტის დასრულების შემთხვევაში ვგეგმავთ ქარხნის გადატანას სხვა ტერიტორიაზე, ხოლო გამოთავსუფლებულ ფართზე ვაპირებთ სხვადასხვა სამშენებლო პროექტის განხორციელებას, საცხოვრებელი სახლების, საოფისე ფართების, სავაჭრო ობიექტების და ასე შემდეგ მშენებობას. გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში.”

ანუ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მესვეურები მერიას სთხოვენ, გაითვალისწინონ მათი ბიზნესინტერესი გენგეგმის პროექტში.

მაგრამ ეს ფაქტი სხვა რამითაა უფრო საინტერესო: ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ის ტერიტორია, რომელიც „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გენგეგმის პროექტში წარმოაჩინა, როგორც მერიის საკუთრება, რეალურად კი სულ სხვა პირების საკუთრებაა, სასამართლოს მიერაა დაყადაღებული. ვინაიდან ქარხნის ამჟამინდელ მფლობელებს ყოფილი მფლობელი („აეს გრუფ -1990“) ედავება ქონების, ანუ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის უკანონოდ მითვისებაში

პირველი ინსტანციის სასამართლომ „აეს გრუფ 1990-ს“ სარჩელი დააკმაყოფილა, ანუ ცნო ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი, თუმცა მოპასუხემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის მოტივით დაუკმაყოფილა სარჩელი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელებს, თუმცა „აეს გრუფ 1990“ უხენაეს სასამართლოში აპირებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

როგორც უნდა იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება: ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია მერიის საკუთრება არ არის (ანუ გენგეგმის პროექტში „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ ტყუილი ჩაწერა) და ტერიტორია დაყადაღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი პროცესის დასრულებამდე მისი მფლობელის ვინაობა საერთოდაც უცნობია.

აეს გრუფ 1990-ს“ დირექტორი ავთანდილ საყვარელიძე აცხადებს, რომ თბილისის ელექტროვაგონშეკეთებელი ქარხნის კუთვნილი ტერიორია 2008 წლის აგვისტოს ომიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ბანდიტური გზით, შეიარაღებული პირების თანხლებით, ძალადობრივად მიიტაცა კეზერაშვილ–წილოსანის დუეტმა, რის შემდეგაც თავად იძულებით ემიგრაციაში წავიდა, მიიღო პოლიტდევნილის სტატუსი და მხოლოდ 2012 წელს დაბრუნდა საქართველოში. ხოლო სარჩელი ქონების დაბრუნების მოტივით 2012 წელს შეიტანა. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი 2017 წლის მაისში გამოიტანა (რომლითაც ქარხანა ყოფილ მფლობელებს მიაკუთვნა).

სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გენგემის პროექტზე მუშაობა 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ქონება უკვე დაყადაღებული იყო. ეს, ცხადია, იცოდა ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელმა, რომელმაც მაინც მისწერა წერილი 2016 წელს მერიას, რომ მისი ინტერესი გაეთვალისწინებინათ გენგეგმის პროექტში და, წესით, უნდა სცოდნოდა „სითი ინსტიტუტ საქართველოსაც“ და ევალებოდა კიდეც, დაედგინა იმ ტერიტორიების სამართლებრივი მდგომარეობა, რომლებსაც განკარგავდა.

ბუნებრივია,სითი ინსტიტუტი საქართველოსთვის“ ცნობილია 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილის შინაარსი, რომლითაც ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ამჟამინდელმა მფლობელმა მიმართა მერიას, მაგრამ წერილის შინაარსი გენგეგმის პროექტში დაამახინჯა.

ეს ფაქტი ეჭვვეშ აყენებს გენგეგმის პროექტის სხვა მოსაზრებებსაც და პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: რატომ დაამახინჯა „სითი ინსტიუტტმა საქართველომ“ ფაქტები? რატომ დააყენა თავი კანონზე მაღლა? ვისი იმედით იმოქმედა კანონგარეშე და რა ჩრდილოვანი პოლიტიკური და ბიზნესინტერესები დგას ამ კომპანიის უკან?! და რატომ ცდილობენ ისინი ბიზნესის წართმევისა და კერძო საკუთრების ძალადობრივად ხელყოფის წარსული პრაქტიკის გაცოცხლებას?!

მიხეილ ბოლქვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42