ვინაიდან თბილისის რკინიგზა საქართველოს გამჭოლი რკინიგზის შემადგენელი ნაწილია, თბილისიდან სატვირთო კომპონენტის გატანა ზეგავლენას ახდენს საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე (დასუსტების თვალსაზრისით), რომელიც უმნიშვნელოვანეს, მეტიც, საკვანძო როლს ასრულებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ თავისი საერთაშორისო სადერეფნო ფუნქციის შესრულებაში. ამდენად, თბილისის რკინიგზის როლს ვერც ერთი კერძო კომპანია გადაწყვეტს და ვერც თბილისის მერია: ეს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას უკავშირდება და სარკინიგზო დერეფნის დასუსტება ავტომატურად ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოს.
ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოს რკინიგზის სტრატეგიულ როლსა და მნიშვნელობაზე, რაც სრულად გამორჩა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტში.
–საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ განსამარტია, რა დანიშნულება აქვს ქართული სახელმწიფოსთვის საქართველოს რკინიგზას. განვმარტოთ.
–საქართველოს რკინიგზა არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ფუნქციონირებაში. იმიტომ რომ საქართველოს რკინიგზა ერთდროულად არის უსაფრთხოების საგანი, ეკონომიკური განვითარების საგანი, ჰუმანიტარული და რომელი ერით ჩამოვთვალო. ისე დალაგდა დღეს გეოპოლიტიკური ვითარება, რომ საქართველოს რკინიგზა გახდა პოლიტიკის ნაწილი. ეს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამკავშირებელი არტერია და, ამ თვალსაზრისით, მას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზა, ერთი შეხედვით, მოკლეა და დიდ მონაკვეთს არ მოიცავს, ისეთ ადგილას მდებარეობს და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ საქართველოს ტერიტორიაზეც, რომ ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რომელზეც მქონდა ლაპარაკი. ადრე ის სამხრეთსა და ჩრდილოეთსაც აკავშირებდა, მაგრამ ცნობილი მოვლენების შემდეგ ეს ასე აღარ არის, თუმცა დღესაცაა ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი.
–აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი.
– რადგან ეს რკინიგზა ხომ მხოლოდ ჩვენთვის არ აშენებულა?! თავის დროზე ის ამ სივრცეში, სადაც დღეს არის განლაგებული, დაპროექტდა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ.
–მაშინ რა ფუნქცია ჰქონდა, რა მიზნით დააპროექტა იმპერიამ, თავისი შიდა მოხმარებისთვის, რუსეთის იმპერიის შიდა კომუნიკაციის გასაიოლებლად?
– მაშინ საქართველოს რკინიგზის მთავარი ამოცანა იყო ბაქოდან შავ ზღვამდე ნავთობის მიტანა. ამის შემდეგ მან სხვა დატვირთვაც შეიძინა. საერთოდ, კავკასიის შემოერთებისას რუსეთის იმპერიისთვის მთავარი ადგილი იყო საქართველო და, განსაკუთრებით, თბილისი. ამიტომ თბილისში იყო განლაგებული ყველა ის საკვანძო ორგანო, რომელიც იმპერიის ფუნქციონირებას სჭირდებოდა და, ცხადია, ამიერკავკასიის რკინიგზის ცენტრიც, მთავარი სამამრთველოც, თბილისში მდებარეობდა. აი, ის შენობა, რომელიც თამარ მეფის გამზირის კუთხეშია, ჯერ კიდევ მაშინ აშენდა და ძალიან კარგად იცოდნენ იმპერიის მესვეურებმა, რას აკეთებდნენ.
თუ, თავდაპირველად, მხოლოდ ბაქოდან ნავთობის შავ ზღვამდე მიტანის ფუნქცია ჰქონდა საქართველოს რკინიგზას, შემდეგ მისი ფუნქცია გაფართოვდა და მგზავრების მთავარ გადამყვანადაც იქცა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს სახელმწიფო პირდაპირაა დაკავშირებული რკინიგზასთან. სახელმწიფოს აძლიერებს საქართველოს რკინიგზის არსებობა იმ ფორმატით, რომელიც დღესაა.
–საქართველოს რკინიგზა არის ევროპასთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის საშუალებაც. სხვა საზღვარი ევროპასთან ჩვენ არ გვაქვს.
–რკინიგზის ის ნაწილი, რომელიც ევროპასთან პირდაპირი სახმელეთო გზით გვაკავშირებს, არის ახლად შექმნილი ახალქალაქი-თბილისის ყარსისკენ მიმავალი მონაკვეთი და ისიც საქართველოს რკინიგზის ბაზაზეა აშენებული. ამ გზისთვის საქართველოს რკინიგზის უკვე არსებული ერთი მონაკვეთი აღადგინეს: თბილისი-მარაბდის მონაკვეთს ვგულისხმობ.
–საქართველო დასავლეთისთვის მომხიბვლელია სწორედ სადერეფნო ფუნქციის გამო და დერეფნის ერთ-ერთი ატრიბუტია რკინიგზა. როდესაც სუსტდება რკინიგზა, იზრდება გადაზიდვის ტარიფი და თბილისის რკინიგზის სატვირთო კომპონენტის გადატანა სწორედ ტარიფებს აძვირებს, ეს ხომ ნიშნავს, რომ საქართველოს დერეფანი არაკონკურენტუნარიანი ხდება და სუსტდება?
–ეს თავისთავად ასეა, დერეფანი სუსტდება, თუ რკინიგზას არ ექნა საშუალება, გაატაროს ტვირთების ის ნაკადი და იმ დროში, რაც სჭირდებათ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩართულები არიან ტრანსნაციონალურ სარკინიგზო გადაზიდვებში.
და ერთი რამ მინდა, გავიხსენო საქართველოს ისტორიიდან: გასული საუკუნის 10-20-ან წლებში, როდესაც შედგა კავკასიის დაცვის გეგმა, რკინიგზას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა მხოლოდ სამხედრო ტვირთების გადატანის, არამედ ჯავშანმატარებლების მოძრაობის თვალსაზრისითაც. ჯავშანმატარებლების ყველაზე უფრო განვითარებული პარკი რუსეთის იმპერიას ჰქონდა საქართველოში. სხვათა შორის, შემდგომში ამ ჯავშანმატარებლებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს სომხეთთან დაპირისპირებისას.
–უკვე პირველი რესპუბლიკის დროს.
–დიახ, თურქეთთან ომის დროს ჩოლოქთან და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში. ამით ხაზი მინდა, გავუსვა, რომ თავდაცვითი თვალსაზრისითაც რკინიგზას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა რუსეთის იმპერიაში. მართალია, ჯავშანმატარებლების დრო წავიდა, მაგრამ, სხვათა შორის, საქართველოს მარცხი აფხაზეთში დიდწილად განაპირობა იმან, რომ სამეგრელოში სარკინიგზო ხაზი იყო გადაკეტილი.
–ვერ მარაგდებოდა აფხაზეთში მყოფი ჩვენი შეიარაღებული ნაწილები.
–აი, ასეთი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სისტემაშიც კი საქართველოს რკინიგზას, გარდა იმისა, რომ, როდესაც ტერიტორიაზე გადაიზიდება საერთაშორისო ტვირთები, იმ ტერიტორიის დაცულობის ხარისხი მაღალია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ეს რომ იყოს შიდა მოხმარების რკინიგზა, მაგალითად, ბორჯომ-ბაკურიანის, მაშინ სხვა შემთხვევაა, ამოვარდნილი იქნებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემიდან და მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებაზე იქნებოდა ორიენტირებული. მაგრამ ტრანსნაციონალური რკინიგზა, რომელზეც გადაიზიდება ტვირთები, საჭიროა ბევრისთვის და ამიტომ ეს ტერიტორია დაცულია. გავიხსენოთ 2008 წელი, როდესაც რუსეთმა ვერ გაბედა, დაებომბა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო მილსადენები და ვერ გაბედა სწორედ ამის გამო.
–თუმცა ეცადა რკინიგზის აფეთქებას.
–სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს და ამან ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია რეგიონში, რომ კარგად მახსოვს, სომხური დელეგაცია ჩამოვიდა, 12 დღის საკვებია დარჩენილი ერევანში და ჩვენ აღვადგენთ სარკინიგზო ხიდსო, რომ ოღონდ რკინიგზას ეფუნქციონირა. აი, ასეთი რამაა რკინიგზა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კომუნიკაციის საშუალება შეიქმნა, რკინიგზა არ კარგავს თავის მნიშვნელობასა და ფუნქციას და, მათ შორის, საქართველოში.
–ვილაპარაკოთ იმაზეც, თუ ვინ არის დაინტერესებული საქართველოს სარკინიგზო დერეფნის დასუსტებით? მხოლოდ რუსეთი?
–რასაკვირველია, რუსეთი დაინტერესებულია, მაგრამ, თუ ვგულისხმობთ რკინიგზის ხაზის გატანას ქალაქგარეთ, ეს კეთილშობილური ნააზრევით იყო ნაკარნახები თავის დროზე, თორემ სამგზავრო რკინიგზა ჩიკაგოშიც დადის. თბილისის რკინიგზის სატვირთო კომპონენტის გატანის ჩანაფიქრი გაჩნდა გასული საუკუნის 90-ან წლებში, მაგარმ იმდენად ძვირი ჯდებოდა მხოლოდ სატვირთო კომპონენტის გაატანა, რომ გადაწყდა, მთლიანად გადაეტანათ. ვიმეორებ, თავისთავად, კეთილშობილური ჩანაფიქრი იყო, მაგრამ სემდეგ ვიღაცამ მოინდომა მერე ფულის კეთება და შეიძლება, სხვა ქვეყნის პოლიტიკური ამოცანებიც ჩაერია, ვერ გეტყვით დაზუსტებით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის გეგმა, რომელიც არსებობდა არაეფექტიანი იყო, ტარიფებს ზრდიდა და ასე შემდეგ. მე ვარ თბილისის რკინიგზის სატვირთო კომპონენტის გადატანის მომხრე, მაგრამ ისეთი გეგმა უნდა შემუშავდეს, რომელიც არ დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას. თუ ჭკუით გაკეთდება, არაფერი არაა რთული. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ხიმინჯებზე დგას რკინიგზა. სიჩქარე საჭირო არ არის და ფულის კეთების სურვილმა არ უნდა შეიპყროს მავანი. უნდა გაიხედ–გამოიხედონ, გადახედონ მსოფლიო გამოცდილებას, მოარგონ არსებულ რეალობას და ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღონ.
–არის ვერსია, რომ, თუ რკინიგზას ექნება დიდი ფინანსური წნეხი და გადატანა დიდ ხარჯს მოითხოვს, ამასთან, ზრდის დერეფანში ტარიფს, ანუ ორმაგი ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება რკინიგზა, ის შეიძლება, გაკოტრდეს და გაიყიდოს.
–საქართველოს რკინგზის დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, ტვირთების რაოდენობამ იკლო და ბევრი პრობლემა აქვს რკინიგზას. რასაკვირველია, ბევრია დაინტერესებული საქართველოს რკინიგზის ყიდვით და ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო: სააკაშვილის დროსაც და მანამდეც.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკტთოთ, რომ რკინიგზა შევინარჩუნოთ, გარმეშო ყველა რკინიგზა, აზერბაიჯანის გარდა, უკვე იყიდა რუსეთმა. სომხეთის რკინიგზა მისია, აფხაზეთის რკინიგზაც, ფაქტობრივად, მისია: იმხელა ვალი აჰკიდა აფხაზეთს, რომ მისი გადამხდელები აფხაზები არ არიან. ამიტომ ჩვენი რკინიგზა უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ამით ვართ საინტერესონი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. თუ აქ პრობლემა შეექმნება საერთაშორისო გადაზიდვებს, ეს იქნება პრობლემა ქვეყნისთვის. ეს არის სტრატეგიულოი მნიშვნელობის სტრუქტურა. მას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და შესაბამისად მოვიქცეთ. ეს არის ის თემა, რომელზეც ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.
ანა ლეჟავა
მასალის გამოყენების პირობები






