დედაქალაქის მერია სითი პარკთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კონტრაქტი გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 10 აპრილიდან შევა და „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია დროებით შეითავსებს.
„თბილისელებისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევაა, რომ თბილისი იყოს თანამედროვე, კომფორტული ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, თითოეული ჩვენი სამუშაო დღე მიმართულია ამ მიზნის განხორციელებისაკენ.
ჩვენს მიერ დაანონსებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეთათვის, მაღალი სტანდარტების მქონე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამკვიდრება, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების პრობლემის მოგვარებაა.
ეს ნიშნავს ტანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემის შექმნას, რომელიც ერთის მხრივ ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორეს მხრივ კი ქალაქის საცობებისაგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების ხელშეწყობაზე.
განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა.
არანაირად არ შევურიგდები არც ერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვქმნით ქალაქის უკეთეს მომავალს და ვნერგავთ საზოგადოებრივი მომსახურებების მაღალ სტანდარტებს.
დღესდღეობით ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ მოქმედების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასთან და მაღალ სტანდარტებთან. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვასა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემის შექმნის მიზეზად იქცა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






