უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით გადაიკეტა. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება.
სამუშაობი თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და ადგილზე მდგომარეობას გაეცნო.
"ჩვენ დავიწყეთ სარეაბილიტაცო სამუშაოები ამ საფეხმავლო ხიდზე, რომელიც ბაგებსა და მაღლივ კორპუსს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდს აშენების შემდეგ რეაბილიტაცია აქამდე არასოდეს ჩატარებია. ჩვენ აქ კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩავატარებთ, რაც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, რადგან აღნიშნული ხიდით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ სამი ავტობუსი, რომელიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოემსახურება მათ, ვინც ამ ხიდის მეშვეობით გადმოდის ბაგებიდან მაღლივის მიმართულებით და პირიქით. რეაბილიტაციის დასრულებამდე ეს ავტობუსები 10-წუთიანი ინტერვალებით იქნება მათ სამსახურში," - აცხადებს კალაძე.

მასალის გამოყენების პირობები






