ჩოხატაურელი მომღერლები, ლილიანა, ქეთი და საბრინა მშობლიურ კუთხეში რამდენიმე დღეა დაბრუნდნენ. დაახლოებით ორი კვირის წინ კი, მშობლებმა ისინი ბორტგამცილებლებს ჩააბარეს და ლას -ვეგასში გაუშვეს.
მსოფლიოს ერთ-ერთ საოცნებო ქალაქში მოულოდნელად მოხვდნენ და დიდი წარმატებაც მოულოდნელად მოვიდა.
საერთაშორისო კონკურსზე "ოქროს ოცნება 2018" გოგონებმა სხვადასხვა კატეგორიაში სხვადასხვა საპრიზო ადგილები აიღეს.
14 წლის ქეთი მოდებაზე გამარჯვებამდე განვლილ გზას იხსენებს:
"მე სამი წელია ვმღერი. 2016 წელოს გავედი "ბლექსი სტარზე" და გავხდი პრიზიორი. შემდეგ, 2017 წელს ნიუ- იორკში ვიყავი "PEARL OF NEW UORK"-is კონკურსზე და გრანპრი ავიღე. წელს ლას ვეგასში ავიღე პირველი პრიზი. დიდი ბედნიერებაა მართლა."-ამბობს ქეთი.
რამდენიმე პრიზისა და გამარჯვების შემდეგ, ლას ვეგასში აღებული სიგელი ქეთის ოჯახის წევრებისთვის ყველაზე ღირებულია. მას ხელს ჟიურის 11 წევრი აწერს. მათ შორის ქართველი თამარ ღოღობერიძე და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ჯაზ ვოკალის კატეგორიაში ჩოხატაურელი 14 წლის გოგონა საუკეთესოა.
ქეთისთან ერთად ჯერ მანჰეტენის ერთ-ერთ გამორჩეულ ცენტრად აღიარებულ კაუფმანის მუსიკალური ცენტრისა და შემდეგ ლას-ვეგასის სცენაზე ლილიანა ლომინეიშვილმა იმღერა. შემსრულებელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩოხატაურში ორჯერვე გამარჯვებული დაბრუნდა. ის ჯერ 16 წლისაა, თუმცა მისი მიღწევები ერთი პატარა გოგოს დიდ და მნიშვნელოვან ისტორიას ქმნის:
"პირველი ფესტივალი ეს იყო "ბათუმის მარგალიტი 2015", სადაც 2 ნომინაციაში მივიღე მონაწილეობა. ფოლკვოკალსა და პოპვოკალი და პირველი ადგილი ავიღე. აქედან მიმიწვიეს რიგაში, შემდეგ ნიუ-იორკში და ლას -ვეგასში. დიდი ბედნიერება იყო როდესაც გამოაცხადეს პირველი ადგილიო"-ამბობს ლილიანა.
სამიდან ყველაზე უფროსი და ყველაზე აკადემიური ლილიანა ლომინეიშვილი ლას ვეგასში გამარჯვებული სწორედ აკადემიური ვოკალის კატეგორიაში გახდა.
უცხო ქვეყანას ქეთისთან და ლილიასთან ერთად საბრინა აბდულაშვილი პირველად ეწვია.
"წინაზე გოგოები ხომ იყვნენ ნიუ-იორკში და მეც ძალიან მინდოდა. მომეცა სტიმული და მოვემზადე. ჩემი ვიდეო კოლაჟები გააგზავნეს, მოეწონათ და შევძელი რომ წავსულიყავი. ყველაზე მეტად მე ვნერვიულობდი, რადგან პირველად ვიყავი ასეთ დიდ კონკურსზე"-ყვება 14 წლის საბრინა.
საბრინამ ათი ქვეყნის წარმომადგენელს აჯობა. პოპ ვოკალის კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და მისი მუსიკალური კარიერაც დიდი წარმატებით დაიწყო. ასე აასრულა ოჯახისა და ოჯახთან ერთად ყველაზე დიდი გულშემატკივრის, მასწავლებლის ოცნება.
მარისა დოლიძე იყო პირველი ვისაც სჯეროდა, რომ სამივე გოგონა ლას-ვეგასიდან სამი პირველი ადგილით დაბრუნდებოდა.
"იმხელა სტიმული მომცეს ამ ბავშვების წარმატებებმა, რომ უფლება არ მაქვს გავჩერდე. ამბიცია დავარქვა ამას, ინტერესი თუ რა არ ვიცი, მაგრამ მინდა ეს ბავშვები უფრო დიდ სცენებზე ვნახო."-ამბობს მარისა დოლიძე.
მოულოდნელი იყო ისიც რომ ტრიომ საერთაშორისო კონკურსის განსაკუთრებული პრიზი მოიპოვა და ხალხის რჩეული გახდა.
ჩოხატაურელი გოგონების დიდ წარმატებაზე სიუჟეტი იმედის დილამ მოამზადა.
მასალის გამოყენების პირობები






