ზემონახსენები განცხადების შინაარსი იმეორებს „სიით ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტის პათოსს: (მათსავე ტერმინს გამოვიყენებ) აღვირახსნილად აყრის თბილისელებს თვალში ნაცარს, რადგან კვლავ ამახინჯებენ ფაქტებს, ისევე, როგორც გენგეგმის პროექტის შემთხვევაში. სავარაუდოდ, ისევ იმის იმედად, რომ გენგეგმის პროექტის წაკითხვას თბილისელები ვერ შეძლებენ (ის მოცულობითი დოკუმენტია და არასპეციალისტს მასში გარკვევა გაუჭირდება). რითაც გენგეგმის პროექტის ავტორები მეტად მოხერხებულად სარგებლობენ და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი დოკუმენტი სასიცოცხლოდაა აუცილებელი ქალაქისთვის. რეალურად კი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენგეგმის პროექტი სიცოცხლის ყოველგვარ შანსს დაუკარგავს თბილისს და ამას მოწმობს (გენგეგმის პროექტსაც რომ თავი დავანებოთ, რომელიც ელემენტარულ გათვერბსაც კი არ ეფუძნება), თუნდაც, ზემოხსენებული განცხადება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანელ ექსპერტ ჯონ ბეროუზის 2017 წლის ივნისის ანგარიშში („ყოფილი საწარმოო ტერიტორიები („ბრაუნფილდები“) თბილისში“),კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული რკინიგზის ქალაქის ცენტრიდან გატანის საკითხი (მართლაც, ასეა, მსოფლიო ბანკის ბრიტანელი ექსპერტი დაუშვებლად მიიჩნევს რკინიგზის მთავარი მაგისტრალის ქალაქის ცენტრიდან გატანას როგორც ურბანული განვითარების, ისე ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით).
განცხადებაში „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მიუთითებს, რომ „ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის საკითხი არანაირად არ არის „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და მისი პარტნიორების ინიციატივა და იგი ჯერ კიდევ მოქმედი თბილისის გენგეგმით იქნა შეთავაზებული და ორჯერ, სხვადასხვა წლებში დამტკიცდა თბილისის საკრებულოს მიერ.”
ამიტომაც გაკვირვებას ვერ მალავენ, თუ რატომ არ იშვერენ ხელს მოკრიტიკეები (სავარაუდოდ, მათ შორის, მეც ვიგულისხმები) თბილისის მერიისკენ და გენგეგმის განახლებაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ სთხოვენ პასუხს. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი გენგეგმის თავდაპირველი ვარიანტი დამტკიცებულია 2009 წელს გიგი უგულავას საკრებულოს მიერ, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს კი დავით ნარმანიას საკრებულომ შეიანა ცვლილებები და სახელად მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაარქვა.
გავიმეორებ, რომ საქართველოს რკინიგზა და მისი ცენტრალური პუნქტი თბილისის სარკინიგზო ხაზი ასრულებს უმთავრეს როლს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებაში და, ძირითადად, სწორედ რკინიგზას უკავშირდება საქართველოს მთავარი სტრატეგიული – აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის – ფუნქცია და ეს განსაზღვრავს ქვეყნის უსაფრთხოებას (სწორედ საქართველოს რკინიგზის საშუალებითაა შესაძლებელი საქართველოს პირდაპირ დაკავშირება ევროპასთან, რასაც ემსახურებოდა ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა), „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებულ გენგეგმის პროექტში რკინიგზის ეს ასპექტი საერთოდაც არ არის განხილული. პირიქით: მთელი ძალისხმევა მიმართულია საქართველოს რკინიგზისთვის ხარჯის გაზრდისა (რაც მას საგრძნობლად დაასუსტებს ეკონომიკურად) და მისთვის ფუნქციონირების გართულებისკენ.
მართლაც, ნებისმიერს ემახსოვრება, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის იდეა ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში დაიბადა (ამიტომაც იცავენ მას დღესაც, როგორც თავად ბ-ნი უგულავა, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები). ოღონდ 2014 წელს კონკურსი გამოცხადდა თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლებაზე და ამ კონკურსში გაიმარჯვა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა განეახლებინა მოქმედი გენგეგმა (ამდენად, ვერაფერი არგუმენტია, რომ რკინიგზის გადატანის იდეა მოქმედ გენგეგმაშია ასახული). და თბილისის მერიამ იმიტომაც გადაწყვიტა მოქმედი გენგეგმის განახლება, რომ ის არ მოწონდა (და სავსებით სამართლიანადაც). ამდენად, გაუგებარია, რატომ უნდა გაიშვირონ ხელი „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენგეგმის პროექტის მოკრიტიკეებმა სხვებისკენ და არა „სითი ინსტიტუტი საქართველოსკენ“, რომელსაც რკინიგზის გადატანის იდეა გადმოუწერია ძველი, ანუ მოქმედი და დაწუნებული გენგეგმიდან?!
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ განცხადების მეორე შენიშვნა მთლიანად ბრიტანელ ექსპერტ ჯონ ბეროუზის ეხება. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ექსპერტს მათ მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი თვალად არ უნახავს და ამის დასტურად მოჰყავთ ჯონ ბეროუზის დასკვნის 25-ე თავის 28-ე პუნქტი, რომელშიც ექსპერტი მართლაც წერს: „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი წარდგენილი უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტისთვის “ბრაუნფილდების“ ამ კვლევის განხორციელების დროს (2017 წლის აპრილი /მაისი), მაგრამ იმ დროისთვის არ ყოფილა დასრულებული. ამ ანგარიშში წარმოდგენილი კომენტარები გეგმასთან დაკავშირებით ეხება ხედვის განაცხადს „მომავლის ქალაქი – ხედვა – სტაბილურობიდან მდგრადობამდე“. აქედან გამომდინარე, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მიანიშნებს, რომ ბრიტანელი ექსპერტი შეცდა და დაასკვნის, რომ ჯონ ბეროუზიმ დასკვნები ჰაერზე გააკეთა (ფაქტობრივად, მასაც თაღლითობაში სდებენ ბრალს, ისევე, როგორც ფრანგ ექსპერტ ერიკ ჰიუბრეხტს).
ჩვენ კი ლოგიკა მოვიშველიოთ: „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ კონკურსში წარადგინა თავისი ხედვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ შექმნილი გენგეგმის პროექტი იქნებოდა ამ ხედვის ვრცელი ვარიანტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჯონ ბეროუზი მთლიანად არ გასცნობია გენგეგმის პროექტს და მხოლოდ ხედვის დებულება წაიკითხა, თუკი ექსპერტისთვის მიუღებელია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხედვის განაცხადი (იმიტომ რომ არასწორად მიიჩნევს), სავსებით ცხადია, რომ უფრო მიუღებელია იმ ხედვის განაცხადის ვრცელი ვარიანტი, ანუ გენგეგმის პროექტის დებულებები, იმიტომ რომ არასწორი ხედვა არასწორი დასკვნების საფუძველია.
ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გენგეგმის პროექტის დებულებები ეწინფაღმდეგება პროექტის ხედვის განაცხადს, მაშინ გამოდის, რომ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ შემკვეთი მოატყუა: ერთი რამეს დაჰპირდა და მეორე შესთავაზა.
„სითი ინსტიტუტი საქართველო“თავის განცხადებაში იშველიებს ჯონ ბეროუზის დასკვნის 25-ე თავის 28-ე პუნქტს (იმის დასტურად, რომ ბრიტანელი ექსპერტი მხოლოდ ხედვის განაცხადს აანალიზებს) და არაფერს ამბობენ იმავე 25-ე თავის 29-ე პუნქტზე, რომელშიც ჯონ ბეროუზი წერს: „ამ ანგარიშმა ვერ შეძლო განეხილა ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები ჩატარდა ანგარიშის “ბრაუნფილდების “ თავთან დაკავშირებით და ასევე თბილისის ცენტრიდან რკინიგზის მთავარი მაგისტრალის აღების შესახებ წინადადებასთან დაკავშირებით – რასაც ეს კვლევა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მისი რეკომენდაციაა, რომ ეს წინადადება ამოღებულ იქნეს მიწათსარგებლობის გეგმიდან.”
ანუ ბრიტანელი ექსპერტი კატეგორიულად მიუთითებს, რომ რკინიგზის გადატანის წინადადება უნდა ამოიღონ მიწათსარგებლობის გენგეგმიდან!
უფრო მეტიც, თუმცა „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ ჯონ ბეროუზის არ აქვს წაკითხული მათი გენგეგმის პროექტი და ისე იწუნებს, იქვე თავადვე ეწინააღმდეგებიან საკუთარ მოსაზრებას და, პირიქით, ადასტურებენ, რომ ჯონ ბეროუზის დასკვნაში ნათლად ჩანს, თუ რატომ იწუნებს ის გენგეგმის ხედვის დებულებას და, შესაბამისად, გენგეგმის პროექტს (პროექტი ხედვისგან განსხვავებული ვერ იქნება!).
კერძოდ: „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავისი განცხადების შესავალშივე აცხადებს: „პატივცემულმა ექსპერტმა (იგულისხმება ჯონ ბეროუზი.ავტ.), კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა რკინიგზის ქალაქის ცენტრიდან გატანის საკითხი, ასევე, მკაცრად გააკრიტიკა გენგეგმის ჯგუფი ამ გადაწყვეტილების არასათანადო არგუმენტაციისა და საკითხისადმი მიძღვნილი ტექსტის სიმწირის (სიტყვების მცირე რაოდენობის) გამო.“
აქვე განვმარტავ, რომ ბრიტანელი ექსპერტი სიტყვების სიმცირეს კი არ იწუნებს, არამედ იმას, რომ გენგეგმის პროექტის მთავარი წინადადება, გენგეგმის პროექტის ავტორთა მიერ „უდიდეს მეგაპროექტად“ შეფასებული რკინიგზის გადატანა „პროექტში არ არის არგუმენტებული და გადატანის დასაბუთებისთვის მხოლოდ 86 სიტყვაა გამოყენებული.“ რითაც ექსპერტი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება არ გაუაზრებიათ ავტორებს. ხოლო, რადგან პირადად მე წაკითხული მაქვს გენგეგმის პროექტის რკინიგზის გადატანისადმი მიძღვნილი ნაწილი – უნდა გითხრათ, რომ ის მხოლოდ ერთ გვერდსა და რამდენიმე სტრიქონს მოიცავს, ანუ იმავე მოცულობისა და შინაარსისაა, როგორც ხედვის განაცხადში. ასე რომ, ჯონ ბეროუზის გენგეგმის პროექტის წაკითხვა არც სჭირდებოდა, რადგან მასში ახალს რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებით ვერაფერს აღმოაჩენდა.
მეტიც, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავსი განაცხადში უნებლიეთ ადასტურებს, რომ ჯონ ბეროუზი ზედმიწევნით ზუსტად იცნობს გენგეგმის პროექტს. კერძოდ:
განცხადებაში ვკითხულობთ: „თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მოქმედი გენგეგმისგან განსხვავებით, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე, ინარჩუნებს სატრანსპორტო დერეფანს და სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საქართველოს რკინიგზის მიერ შესაბამისი საფუძვლიანი კვლევების ჩატარებამდე, მგგ-ს ძირითად რუკაზე არეზერვებს პერსპექტიულ ელექტროტრანსპორტის ხაზს.“
ჯონ ბეროუზი თავის საექსპერტო დასკვნაში განიხილავს არა მხოლოდ ცენტრალური რკინიგზის ლიანდაგის აღების დამანგრეველ შედეგს დედაქალქისა და, ზოგადად, საქართველოს რკინიგზისთვის, არამედ გენგეგმის პროექტის მიერ შემოთავაზებულ იმ წინადადებასაც ახსენებს, რომლითაც „დარეზერვებულია ელექტროსატრანსპორტო ხაზი“, ოღონდ დიდუბისა და სამგორის სადგურებს შორის მსუბუქი სალიანდაგო სისტემის აგებას მაინც ეწინააღმდეგება მთავარი სარკინიგზო ლიანდაგის აღების საპირწონედ (და ამას ასაბუთებს, განსხვავებით, გენგეგმის ავტორებისგან).
საინტერესოა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ განცხადების ის ნაწილიც, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ „სრულიად აუცილებელია ქალაქის ცენტრალური და დასახლებული ნაწილებიდან ჯანმრთელობისათვის საშიში სარკინიგზო ტვირთების მოძრაობის არიდება და რადგანაც ვხედავთ დიდ ნაკლოვანებებს დღემდე დაუსრულებელი მშენებარე შემოვლითი რკინიგზის პროექტში, საჭიროდ მივიჩნევთ ამისათვის ახალი ალტერნატიული გზის მოძიებას, რაც აგრეთვე შესაბამის კვლევებს უნდა ეფუძნებოდეს.“
გენგეგმის პროექტი რკინიგზის თბილისის ზღვაზე გადატანას გულისხმობდა და სწორედ ფრანგი ექსპერტ ერკ ჰიაბრეხტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ (რომელმაც გამოუსწორებელი შეცდომა უწოდა რკინიგზის გადატანას და, მით უფრო, თბილისის ზღვაზე და რის შესახებაც ჩვენც ვწერდით) შეიტანეს შესწორება პროექტში და უკვე იმას ამტკიცებენ, რომ რკინიგზის თბილისის ზღვაზე გადატანა დაუშვებელია და, თურმე, ნაკლოვანებებსაც ხედავენ.
განცხადების თანახმად, შემოვლითი რკინიგზისთვის ალტერნატიული გზები უნდა მოიძებნოს, რაც კვლევების სედეგად უნდა სეირჩეს. მაგრამ, თუ გენგეგმის პროექტი რკინიგზის სატვირთო კომპონენტის გადატანას გულისხმობს და დედაქალაქს უსახავს გეგმას, თუ როგორ უნდა აითვისოს რკინიგზის გადატანით გამოთავისუფლებული ტერიტორია, როდესაც რკინიგზის გადატანის ადგილიც კი უცნობია ,გამოდის, რომ რკინიგზის მუშაობის შეწყვეტის რჩევას აძლევენ თბილისის მერიას?! ან ვინ უნდა ჩაატაროს კვლევები და როდის, როდესაც გენგეგმის პროექტის დამტკიცებას ახლავე მოითხოვენ კატეგორიულად?!
რაც გვაფიქრებინებს, რომ, სამწუხაროდ, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ეს განცხადებაც ისეთივე არათანმიმდევრული და ალოგიკურია, როგორიც მათ მიერ შედგენილი გენგეგმის პროექტი.
განცხადების დასასრულს, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სვამს რიტორიკულ კითხვას: „სერიოზული კითხვა ჩნდება დამკვეთის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. რას ემსახურებოდა მის მიერ, 2018 წლის 15 იანვარს, საკუთარ საიტზე, სიახლეების ნაწილში, ჯონ ბეროუზის 2017 წლის ივნისის ზემოთხსენებული ანგარიშის ატვირთვა და ხომ არ იყო ყოველივე ეს განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა?“ და იმედს გამოთქვამენ, რომ არგუმენტებული პასუხი არ დააყოვნებს.
ამ რიტორიკული კითხვის ლოგიკური პასუხი კი ასეთია:
ჯონ ბეროუზმა თავისი დასკვნა, მართლაც, 2017 წლის ივნისში დაწერა, როდესაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გახლდათ, რომელიც, როგორც ჩანს, მხარს უჭერდა თბილისის რკინიგზის გადატანის საბედისწერო გადაწყვეტილებას (ჯონ ბეროუზის დასკვნა სწორედ რკინიგზის გადატანის დაუშვებლობას ეხება და ასაბუთებს), 2018 წლის 15 იანვარს კი თბილისის მერი კახა კალაძე იყო (და ახლაც არის), რომელიც, როგორც ჩანს, ხვდება, რომ თბილისის რკინიგზის გადატანა არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.
ხოლო ის ფაქტი, რომ დავით ნარმანიამ ბოლო წუთს თავი შეიკავა გენგეგმის პროექტის დამტკიცებისგან, გვაფიქრებინებს, რომ ის საფუძვლიანად გაეცნო ჯონ ბეროუზისა და ერიკ ჰიუბრეხტის დასკვნებს გენგეგმის პროექტის შესახებ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დედაქალაქის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღება საკუთარ თავზე არ აიღო.
აი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ რკინიგზის გადატანის აჩემება კი (ყოველგვარი დასაბუთებისა და კვლევების გარეშე) ძალიან უსიამოვნო ეჭვებს აჩენს (ვისი ინტერესია ამ არასახელმწიფოებრივი დავალების შესრულება?!), იმას გარდა, რომ კომპანიას (განსაკურებით, ამ განცხადების ფონზე) ლოგიკაში წავარჯიშებაც არ აწყენდა.
მიხეილ ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






