16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართება. 2010 წლიდან სკი კროსი (Ski Cross) ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. წელს კი პირველად, საერთაშორისო შეჯიბრს საქართველო უმასპინძლებს. სათხილამურო ფრისტაილი ერთ-ერთი დისციპლინაა. სკი კროსი ტრასაზე 4 სპორტსმენის ერთდროულად მონაწილეობას გულისხმობს. დაბრკოლებებით აღჭურვილ, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ტრასის დაფარვას მოთხილამურეები მინიმალურ დროში შეეცდებიან.
საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეს სპორტსმენებმა: ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში 4 ქართველი მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას.
ბაკურიანში ჩატარებულ შეჯიბრში მოპოვებული საერთაშორისო ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. შეჯიბრი დიდველის პირველ ტრასაზე გაიმართება. სათხილამურო ტრასის ასაშენებლად სკო კროსის მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებლი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდოა ჩამოსული.
ეს შეჯიბრი პირველი ნაბიჯია სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. „სკი კროსის“ ბაკურიანში წარმატებით ჩატარება ხელს შეუწყობს სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საქართველოს საპატიო ადგილის მოპოვებას.
ბაკურიანში „სკი კროსის“ შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. შეჯიბრის პარტნიორი კომპანია „სილქნეტია.
„ეს არის ერთგვარი გამოცდა, აქ არიან ჩამოსული უმაღლესი კლასის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებმაც უნდა შეაფასონ თუ როგორი ორგანიზებულია ეს შეჯიბრება, რაც ხელს შეგვიწყობს 2023 წელს საქართველომ მიიღოს მსოფლიო ჩემპიონატი სქი ქროსსა და სნოუბორდში“, - აღნიშნავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






