“კურიერისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ აფგან მუხთარლი ციხეში ვადაზე ადრე დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ავრცელებს.
აფგან მუხთარლიმ, რუსთავი 2-თან საუბრისას ალიევი, კვირიკაშვილი და ივანიშვილი დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი დაკავების ინტერესი სწორედ აღნიშნულ პირებს ჰქონდათ.
„დადგენილ ვადაზე ადრე დააბრუნეს ციხეში, ეს იმ ინტერვიუებს უკავშირდება, რომლებიც ჩემმა მეუღლემ ქართულ და აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებს მისცა. ვფიქრობ, ამ ინტერვიუს შემდეგ, ქართულმა მხარემ ზეწოლა მოახდინა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე და მოითხოვა, რომ ვადაზე ადრე დაებრუნებინათ ის ციხეში, რადგან აფგანს ბევრი აღარ ელაპარაკა. აფგანმა ყველაფერი თქვა, დეტალები მოყვა, საქართველოს პროკურატურა მუდმივად გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ აზერბაიჯანელი კოლეგები არ აძლევდნენ მას აფგანის დაკითხვის საშუალებას, მაგრამ ახლა უკვე არსებობს აფგანის ინტერვიუ, რომელიც მათ ჩვენებად უნდა გამოიყენონ, ამის შემდეგ ქართულმა მხარემ უნდა გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მუხთარლის საქმეს წმინდა პოლიტიკური მოტივი აქვს, რამდენი მასალაც არ უნდა დავუდოთ, ისინი ამ საქმეს მაინც არ გამოიძიებენ“, - აღნიშნავს ლეილა მუსტაფაევა.
მასალის გამოყენების პირობები






