როგორც ჩვენთან საუბრისას ნატა მაჩალიკაშვილმა განაცხადა, „მხედრიონის“ ყოფილ ლიდერი ტრაგედიის წუთებიდან "ოჯახს მხარში ედგა".
მაჩალიკაშვილებს უჭირთ საუბარი, ჰქონდა თუ არა დოდო გუგეშაშვილს ინფორმაცია პანკისის სისხლიან სპეცოპერაციაზე.
„ქალბატონ დოდოს ვიცნობდით, ის დუისშიც იყო ჩამოსული და საავადმყოფოშიც მოდიოდა. ამ პერიოდში მას არ უთქვას, რომ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა ჩემი ძმის მკვლელობის ირგვლივ. ის ოჯახს გვერდში ედგა და გვამხნევებდა"- აღნიშნა თემირლან მაჩალიკაშვილის დამ.
ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ ვერსიას, რომ თავდასხმა პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.
ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს ხეობის მცხოვრებლებთან, მათ შორის გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან.
რაც შეეხება დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობას, როგორც „ნიუპოსტს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. პოლკოვნიკი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
ექიმის თქმით, დოდო გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა გულმკერდის არეში. მას გადაუდებელი ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.
„მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს გუშინ ესროლეს. გუგეშაშვილის 33 წლის შვილი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
პოლიციას ბრალდებული არ დაუკავებია. არსებული ინფორმაციით გუგეშაშვილმა მისი მძიმედ დაჭრა მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები






