გუშინ კი, „რუსთავი-2-ის“ ეთერში ეს მტკიცებულება თვითონვე გამოამზეურეს ერთის მხრივ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ და მეორეს მხრივ- ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა და მათი პატრონაჟის ქვეშ მყოფმა პირებმა.
სრული 2 საათის განმავლობაში მიდიოდა პირდაპირი შანტაჟი და მუქარა ხელისუფლების მისამართით, რომ გენგეგმის არ დამტკიცეების შემთხვევაში ოპოზიცია და „საზოგადოება“ საპროტესტო აქციებს მოაწყობდა და არ დაუშვებდა, რომ დედაქალაქი დარჩეს ამ „შესანიშნავი“ დოკუმენტის გარეშე.
თურმე, ნუ იტყვით, მათ გულდასმით შეუსწავლიათ 1500- გვერდიანი დოკუმენტი და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მათაც არ მოწონთ ამ სქელტანიან ნაშრომში, მაინც სასწრაფოდ მოითხოვენ მის დამტკიცებას.
საინტერესოა რა მოწონთ მათ ამ გენგეგმაში, როცა ცნობილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები უკვე 6 თვეზე მეტია წერენ და არგუმენტირებულად უსაბუთებენ ხელისუფლებასა და საზოგადოებას თუ რატომ არ ვარგა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და რატომ არის დაუშვებელი მისი დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით.
ამ წერილში ვერ განვიხილავთ ყველა იმ არგუმენტს , რაც სპეციალისტებს მოყავთ გენგეგმის არაკვალიფიციურობის დასამტკიცებლად და ხაზს გავუსმევთ მხოლოდ მერიის არქიტექტურის სამსახურის ბოლო შენიშვნას დოკუმენტში მოყვანილ განაშენიანების ფუნქციურ ზონებთან დაკავშირებით.
როგორც გენგეგმის ავტორები აცხადებენ მათი ინიციატივით „ამ გენგეგმაში შემოვიდა განაშენიანების შეზღუდვების“ მსუყე“ მონაკვეთი.“ არქიტექტურის სამსახური სწორედ ამ შეზღუდვების დასაბუთებას ითხოვენ, რადგან ყოველი შეზღუდვის უკან დგას კერძო მესაკუთრე და ხდება მისი საკუთრების შეზღუდვა. საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესების კოლიზიის დროს კი თვითმმართველობას უნდა ქონდეს მკაფიო განმარტება თუ რატომ უზღუდავს მეპატრონეს უფლებას მის საკუთრებაზე და რას სთავაზობს მას ამის სანაცვლოდ.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ „მსუყე“ შეზღუდვა თბილისის აქტიური სამეწარმეო საქმიანობის არეალის თითქმის 1/3-ს და სულ ცოტა 25-30.000 კერძო მესაკუთრის საკუთრებას მოიცავს.
ანუ ამ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, თბილისის მერია რეალურად მიიღებს გარემოს რეგულირების გეგმას თავისი საყრდენი რუკით, რომელიც შეცვლის ქალაქის ფუნქციონალურ ზონებს და თბილისი სულ სხვა რეალობაში დაიწყებს უფლებრივად ფუნქციონირებას. ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდება საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის. თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწების მესაკუთრეები, ლილოს ინდუსტრიული ზონა, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები და სხვ. ეს კი რამოდენიმე ათასი კერძო მესაკუთრის უფლებეს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ბუნებრივია, არ დარჩება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და ეს თავის ტკივილი ბ-ნ კალაძის პრობლემა გახდება.
თბილისი პატარა ქალაქია და არ იმალება არაფერი. ინფორმაციის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ როგორც ამბობენ ამ რუკაზე მუშაობის დროს ავტორების მთავარი იარაღი ფერადი ფანქრები იყო, რომელთა მეშვეობითაც ხან ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ზონალობას ეძლეოდა სასურველი ფერი და ხან მეორესას. ხოლო ვინც სასურველი ფერის მისაღებად არ მიაკითხა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ამ „გენგეგმის“ წყალობით საერთოდ ერთმევა განვითარების საშუალება.
დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ როგორც გენგეგმის ავტორებმა აღნიშნეს, განაშენიანების შეზღუდვა „მსუყედ“ მოხდა და გონივრულად ჩნდება ეჭვი, რომ სასურველი ფერის მიღების მსურველებსაც საკმაოდ „მსუყე“ ფინანსურ მოთხოვნებს წამოუყენებდნენ.
ფაქტია კი ის არის, რომ ამ გენგემის დამტკიცების შემთხვევაში ნაცმოძრაობა იღებს ჯერ კიდევ მისი მმართველობის დროს შემუშავებულ დოკუმენტს, რომლითაც განაღდებული იქნება მისი ბიზნეს ინტერესები, ხოლო დაინტერესებული პირები- მათ გემოვნებასა და სურვილზე მორგებულ თბილისის ფუნქციონალური დაყოფის რუკას, კონკრეტულ ადგილებზე მშენებლობის ნებართვის მიღების გარანტიით.
თამარ ღლონტი
მასალის გამოყენების პირობები






