ღია წერილი რადიო "თავისუფლების" პროექტ "ეხო კავკაზას" მთავარ რედაქტორს, ბატონ დემის პოლანდოვს
საზოგადოება - 13:35, 05 Feb, 2018     1780

1 დეკემბერს ინტერნეტგამოცემა „netgazeti.ge“-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტ დემის პოლანდოვის სტატია სათაურით „ ბრძოლა კილმარნოკისათვის, ან როგორი აფხაზეთი სურს საქართველოს?“, სადაც ავტორი დაუფარავი ირონიით საუბრობს შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზური მემორიალის დემონტაჟის თაობაზე, ასევე, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ სურვილზე მისი ქვეყანა ერთიანი და განუყოფელი იყოს.


დემის პოლანდოვი თავისი სტატიის დასაწყისშივე აცხადებს, რომ მას აღიზიანებს ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობის დროს მათ მიერ ხშირად დასმული კითხვა: “არსებობს თუ არა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის არსებობის ისეთი ვარიანტები, რაზეც აფხაზური მხარე თანახმა იქნებოდა”?


„ყოველ ჯერზე თავი ის ჯადოქარი მგონია, რომელმაც ქუდიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ რაიმე პასუხი უნდა ამოიღოს. უმეტესად ვპასუხობ, რომ ტერიტორიული მთლიანობის ან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჟურნალისტური საქმე არ არის, რომ სამშვიდობო საქმიანობაც ცალკე პროფესიაა. ზოგიერთ თანამოსაუბრეს შემხვედრ კითხვას ვუბრუნებ: და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოს საერთოდ სჭირდება აფხაზეთი? სხვათა შორის, ძალიან განსხვავებულ პასუხებს ვიღებ.“-აღნიშნავს პოლანდოვი.


ბატონო დემის, ზემოთმოყვანილი ციტატიდან აშკარა იკვეთება სეპარატისტებისადმი თქვენი დაუფარავი სიმპატიები, ამავე დროს, უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს ლეგიტიმური საურვილის- ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ. თქვენ გაღიზიანებული აცხადებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის ან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჟურნალისტური საქმე არ არის, რომ სამშვიდობო საქმიანობაც ცალკე პროფესიაა. და მერე ვინ გავალებთ, ბატონო პოლანდოვ თქვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას ან სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის მიღებას? თუ თქვენ ქართველი ახალგაზრდები მეგობრულად გისვანენ შეკითხვას -“არსებობს თუ არა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის არსებობის ისეთი ვარიანტები, რაზეც აფხაზური მხარე თანახმა იქნებოდა?”- ჩვენი აზრით, აქ გასაბრაზებელი და საქილიკო არაფერია, ესე იგი ეს ახალგაზრდები თქვენ გენდობიან, თქვენს აზრს პატივს სცემენ და ჰგონიათ, რომ თქვენ მიუკერძოებელი ჟურნალისტი ხართ. მეორეც, ჟურნალისტი, რომელიც კონფლიქტის შესახებ წერს, არა მხოლოდ კითხვებს უნდა სვამდეს, არამედ კარგად უნდა იცნობდეs თემას და გარკვეული მოსაზრებებიც უნდა გააჩნდეს მისი გადაწყვეტის გზებზე, მაგრამ, როგორც თქვენი სიტყვებიდან ჩანს, თქვენ მხოლოდ კითხვების დასმით შემოიფარგლებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არც ესაა მთლად ადვილი, რადგან ეს კითხვებიც ისე უნდა დასვათ, რომ თქვენს პატრონს არ უნდა აწყენინოთ, არც სეპარატისტები მოიმდუროთ, ქართვლებს კი თავში ქვაც უხლიათ და ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ. აი, ასეთი ქვეტექსტები იკითხება თქვენს სტატიაში ბატონო დემის.


თქვენ იქვე წერთ: „ზოგიერთ თანამოსაუბრეს შემხვედრ კითხვას ვუბრუნებ: “თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოს საერთოდ სჭირდება აფხაზეთი?“
და ვინ მოგახსენათ, ან საიდან მოიტანეთ ჟურნალისტო პოლანდოვ, რომ საქართველოს აფხაზეთი არ სჭირდება?!


მინდა ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროთ, რომ ქართველი კაცი არასდროს არ შეურიგდება თავისი ქვეყნის ძირძველი და განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ( ე.წ. სამხრეთ ოსეთის) დაკარგვას, დიახ, ამ აზრზეა სწორედ მეინსტრიმი საქართველოში და არა იმაზე, რომ მისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვა სულერთია. ზოგადად, მთავარია, რას ფიქრობს ამ საკითხზე მთლიანად ქართული საზოგადოება და არა ცალკეული პიროვნებები. თქვენ იძულებული ხართ აღიაროთ, რომ „ქართული საზოგადოება აფხაზეთზე უარს საერთოდ არ განიხილავს“ და იქვე აღნიშნავთ, რომ „მოქმედი პოლიტიკოსებისთვის ეს, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის ტოლფასია. საზოგადოება კი ერთ აზრს სჯერდება, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, თუნდაც დე იურე.“ აქ კი ცოტა დავიბენით, მეგობარო, რადგან თქვენი ნააზრევიდან შინაარსი ვერ გამოვიტანეთ. რა არის მოქმედი პოლიტიკოსებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი, ის, რომ ქართული საზოგადოება არასდროს იტყვის უარს აფხაზეთზე? და მაინც ვინ არიან ეს მოქმედი პოლიტიკოსები, რატომ არ ამბობთ, რატომ არ ასახელებთ, რატომ გვაინტრიგებთ ბატონო დემის, სტატიას წერთ თუ თრილერის სცენარს.


როგორც ჩანს, თქვენ საქართველოსთან გაქვთ დიდი გული, რადგან ის პატარა და დაუცველი ქვეყანაა, თორემ აბა თქვენს საყვარელ რუსეთს რატომ არ დაუსვამთ შეკითხვას- რისთვის სჭირდება მას ჩეჩნეთი და ჩეჩნები, რომლებიც არსაიდან არ ჩამოსულან და ოდითგანვე თავიანთ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, განსხვავებით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზებისა და ოსებისა, რომელთა მიგრაციის ისტორია განსხვავებულია. დაუსვით რუსეთს შეკითხვა, რატომ ებრძოდა წლების განმავლობაში მამაც ჩეჩენ ხალხს, რატომ ჩაახრჩო მათი თავისუფლებისკენ სწრაფვა სისხლში. გაუშვას ისინიც თავის ნებაზე. მისცეს თავისუფლება, აღიაროს, რომ ჩეჩნეთი და ჩეჩენი ხალხი და სხვებიც, სხვა კავკასიელი ხალხებიც თავიანთი თვითმყოფადი კულტურით, ენით, მენტალობით აბსოლუტურად განსხვავდებიან რუსებისგან და დამოუკიდებელ არსებობას და განვითარებას იმსახურებენ. არაფერს ვამბობთ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე, რომლებიც თავის დროზე ძალით ჰყავთ „ხალხთა საპყრობილეში“ შეთრეული. რატომ ამაზე არ წერთ, რატომ არ სვამთ კითხვებს? ააა, ვერ იტყვით? რუსეთი დიდი დერჟავაა და მისი დაშლა არ შეიძლება? საქართველო კი პატარა და დაუცველი ქვეყანაა და ამიტომ რუსეთმა უნდა წაგლიჯოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და გადაუაროს?


რა თქმა უნდა, თქვენ არასდროს არ დასვამთ ამ კითხვებს, სამაგიეროდ იმის გასაპრავებლად, რომ დროა რუსეთის მიერ მიტაცებული რეგიონების „ დამოუკიდებლობა“ საქართველომ აღიაროს, ქართველი ექსპერტებისა და ექსპრეზიდენტ შევარდნაძის სიტყვები მოგყავთ:
„ გვახსოვს, 2011 წელს პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ როგორ გაამხნევა ქართული საზოგადოება აფხაზეთის შესაძლო აღიარების იდეით, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ – ტერიტორიების გაყოფა, ქონების კომპენსაცია და ა.შ. საპასუხო რეაქციამ მაშინ აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება აფხაზეთზე უარს საერთოდ არ განიხილავს. მოქმედი პოლიტიკოსებისთვის ეს, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის ტოლფასია. საზოგადოება კი ერთ აზრს სჯერდება, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, თუნდაც დე იურე.


საინტერესოა, რომ მაშინ არეშიძის წინადადება გარკვეულწილად ქართულ-აფხაზური ომის დამწყების , საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის კომენტარში ჩაიკარგა. “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ის ეთანხმებოდა არეშიძეს, და თქვა: “აფხაზეთი საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი ვერასდროს გახდება და სულ დაკარგვას ჩვენ შეგვიძლია, თანაცხოვრებას მაინც მივაღწიოთ, ავაწყოთ ისეთი ურთიერთობა, როგორც მოძმე ხალხებს შეეფერებათ”. -წერს თქვენ.


მართლაც რომ შექების ღირსი ხართ, ბატონო პოლანდოვ, კარგად დაგიმახსოვრებიათ ის, რაც თქვენთვის სასარგებლოა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ცალკეული ადამიანების, მათ შორის, ექსპრეზიდენტის გამონათქვამები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით, ვერასოდეს შეცვლის, ზოგადად ქართული მეინსტრიმის დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ვერ შეანელებს ქართული სახელმწიფოს, მისი ხალხის ლეგიტიმურ სწრაფვას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებისაკენ.


გადავიდეთ ახლა შემდეგ საკითხზე, რომელსაც თქვენს სტატიაში ეხებით. ეს არის შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში „ აფხაზეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა“ მემორიალის დემონტაჟის თემა. თქვენ წერთ:


“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედებები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს იმის ხედვა, საქართველოს როგორი რეგიონი უნდა იყოს აფხაზეთი. ძმობაზე საუბრით დაწყებული და ბავშვთა ანსამბლებისა და შოტლანდიის რომელიღაც ქალაქში ყველასთვის უცნობი ძეგლების მიმართ მეწვრილმანე ბრძოლა და უსისტემო გამოსვლებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.“


რა თქმა უნდა, აბსურდულია იმაზე ლაპარაკი, რომ „საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ არა აქვს იმის ხედვა, საქართველოს როგორი რეგიონი უნდა იყოს აფხაზეთი“.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად გააჩნია ხედვა აფხაზეთთან და საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში მის ადგილთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთ ერთია გაფართოებული ავტონომიიის სტატუსი, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.


პირადად მე თუ მკითხვათ, როგორც საქართველოს ერთ ერთ მოქალაქეს მიმაჩნია, რომ აფხაზეთს, ომამდე, ავტონომიური რესპუბლიკის სახით, სრულიად დამაკმაყოფილებელი სტატუსი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც აფხაზ ეთნოსს გააჩნდა საკუთარი ენის, კულტურის განვითარების, ტრადიციების შენარჩუნებისა და დაცვის, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ რეალობაში მცხოვრებ აფხაზეთზე ,რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის პირობებში არსებობამ ბევრი უფლება ჩამოართვა და თავისი „მოკავშირის“-რუსეთის ფედერაციის სატელიტად აქცია.


ცოტა ქვემოთ აფხაზეთთან და აფხაზებთან დაკავშირებით თქვენ წერთ: “რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ რეგიონი, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს, მაგალითად, კახეთი იყოს“. მინდა შეგახსენოთ, რომ კახეთს , საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეს, არასდროს მოუთხოვია განსაკუთრებული სტატუსი, მაგრამ მას ამით დაჩაგრულად და გარიყულად არ უგრძვნია თავი . რაც შეეხება აფხაზებს, მათ საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში ავტონომია გააჩნდათ, ამიტომ არავინ არ აპირებს მათთვის ამ სტატუსის წართმევას, თუ გაფართოებას არა.


ქართულ საზოგადოებაში საუბარი იყო, ასევე, საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე და აფხაზეთისთვის ფედერაციის სუბიექტის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ამ ორიოდე წლის წინ ქართულ სააგენტოსთან ინტერვიუში აფხაზეთის ე. წ. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, ამასთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან, ცივი წყალი გადაგვასხა და აღნიშნა, რომ ფედერაციაზე ლაპარაკი წარსულს ჩაბარდა, ეს ომამდე ითხოვდნენ აფხაზები ფედერაციას, ახლა კი სხვა რეალობაა, მატარებელი უკვე წასულია და ქართველები მის საფეხურზე შეხტომას ამაოდ ცდილობთო. მე კი მიმაჩნია, რომ ის მატარებელი, რომელსაც ბატონი შამბა გულისხმობს, არსად წასულა, მას მხოლოდ მოძრაობის ილუზია შეუქმნეს და სინამდვილეში დეპოში დგას. ამიტომ დღის წესრიგიდან არასდროს მოიხსნება აფხაზებთან ერთად ამ თემის განხილვის საკითხი.


თქვენ სტატიაში აღნიშნავთ: “კილმარნოკში არსებული ძეგლი, დიდწილად, თავიდანვე კომპრომისი იყო. ის ქართულ-აფხაზური ომის მსხვერპლებს დაუდგეს დაძმობილებული ქალაქ სოხუმიდან. მსგავს ძეგლს აფხაზური მხრიდან [კილმარნოკში ის აფხაზეთის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს] არ უნდა ველოდეთ. უკვე გვესმის კიდეც ზოგიერთი აფხაზისგან უკმაყოფლება: და საერთოდ, რაში გვჭირდება აგრესორის მხრიდან მსხვერპლთა ძეგლი წარწერით “სოხუმი” “სუხუმის” ნაცვლად?


და საერთოდაც, აგვიხსენით, რანაირად უწყობდა ხელს 20 წლის ძეგლი დიდი ბრიტანეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას? ამის შესახებ საუბარიც სასაცილოა“. -წერთ თქვენ.


შეკითხვა ერთობ რიტორიკულია, თუმცა კონტექსტისთვის შეუფერებელი. კიდევ ერთხელ გვიწევს ხაზგასმა, რომ საქართველო ვერასდროს შეეგუება სეპარატისტულ „თვითშემოქმედებას“ და გამოხტომებს, თუნდაც იმ ფაქტს, რომ სეპარატისტული რეჟიმი ცდილობს რუსეთის მიერ ინსპირირებული ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტად გაასაღოს და შორეულ კილმარნოკში დადგმული მემორიალით ხაზი გაუსვას, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთში მომხდარი ტრაგედია აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ საქართველოს მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგია, და არა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, მისი ტერიტორიების მითვისების სურვილით გაჩაღებული ომის ლოგიკური დასასრული, რასაც მოჰყვა ათასობით უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი, ეთნიკური ნიშნით ქართველი მოსახლეობის დევნა, წამება და საბოლოოდ მათი გამოყრა თავიანთი სახლ-კარიდან, რომლებიც დღემდე ლტოლვილისა და დევნილის სტატუსით ცხოვრობენ საკუთარ სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ბუნებრივია, ამ ადამიანების, და ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვის სულერთი არ არის რა კონტექსტი ექნება კილმარნოკში დადგმულ ძეგლს, სადაც დაფიქსირებულია, რომ ეს ძეგლი ეძღვნება „აფხაზეთ-საქართველოს“ ომში დაღუპულთა ხსოვნას-„ In memory of those from aur twin town of sukhumi who dead in the Abkhazian/Georgian CONFLICT 1992-1993“. რითაც მიჩქმალულია და დამახინჯებული კონფლიქტის ჭეშმარიტი არსი და გენეზისი.


იმედი გვრჩება, რომ მომავალში ქართული და აფხაზური საზოგადოებები, (უამრავი „კეთილისმსურველის“ საწინააღმდეგოდ ) შეთანხმდებიან ისეთი ძეგლის დადგმაზე, რომელშიც ჭეშმარიტ ასახვას ჰპოვებს ამ ომის შედეგად დაღუპულთა ტრაგედია.


„აფხაზები იყვნენ და არიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მხარე. მისი გადაჭრის ვარიანტი აფხაზების გარეშე – მხოლოდ ძალადობრივი იქნება, და ამას ქართული მხარე არ აღიარებს [სიტყვიერად]. დიახ, კანონის დონეზე შეიძლება ტერიტორია ოკუპირებულად აღიარო, ხელისუფლება – მარიონეტულად, შეიძლება ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ქართულ-რუსული დაპირისპირების ნაწილად განიხილო, თუმცა საქართველოსთან ურთიერთობებში აფხაზური ეთნოსის სუბიექტურობას ეს არ შეცვლის.“-წერთ თქვენ.


როგორც რუსები ამბობენ, „опять двадцатпять!“. ისევ იმ წრეზე დავდივართ რითაც დავიწყეთ! ამიტომ იძულებული ვართ, ერთხელ კიდევ ხაზი გავუსვათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო აფხაზ ხალხს კონფლიქტის მხარედ არ აღიქვამს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია ამ კონფლიქტის მთავარი ფიგურანტის და დაინტერესებული მხარის არალეგიტიმური გეოპოლიტიკური მისწრაფებები და ვინაობა. ეს არის ის, ვინც მავთულხლართები და ბარიერები აღმართა ენგურზე, ვინც მოახდინა აფხაზეთის ფაქტობრივი ოკუპაცია და ანექსია და ათასგვარი ხელშეკრულებითა და შეთანხმებით მისი რუსულ სახელმწიფოზე მიბმა, ვინც ყველანაირი ხერხითა და მეთოდით ეწინააღმდეგება დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას. სამწუხაროდ, ამ ხრიკების შედეგად, დღეს აფხაზი ხალხი და აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობა ისეთივე მძევალია სიტუაციისა, როგორც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში-ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის „ სახალხო რესპუბლიკებში“ მცხოვრები ხალხი. ამას ძალიან კარგად ხედავს მსოფლიო თანამეგობრობა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი შეფასებებიც არაერთხელ გაკეთდა საერთაშორისო დონის ტრიბუნებიდან, ამიტომ, ბატონო პოლანდოვ, მინდა გითხრათ, რომ სულ ამაოდ დაშვრით, როცა კილმარნოკში აღმართული ძეგლის დემონტაჟში სხვა სარჩულის ძებნა დაიწყეთ. მინდა გირჩიოთ, რომ სულაც არაა საჭირო ბნელ ოთახში იმ კატის ძებნა, რომელიც იქ არ არის. ანუ შეეშვით და ნუ ეძებთ სიძულვილს და ეთნიკურ შეუთავსებლობას ქართველებსა და აფხაზებს შორის. ამ ომის მიუხედავად ჩვენ დღემდე პატივს ვცემთ ერთმანეთის ტრადიციებსა და ფასეულობებს. არსებობს უამრავი ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახი, ნათესაურ-მეგობრული კავშირები, რომელიც ჩვენი სულიერი ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის სიმბოლოა. და რომ არა ენგურზე საოკუპაციო და სეპარატისტული ძალების მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები, ჩვენ დიდი ხნის წინ მოვძებნიდით საერთო ენას ჩვენს მოძმე აფხაზებთან, მათთან ერთად გადავწყვეტდით როგორ და რანაიარად გვეცხოვრა მომავალში. ჩვენ გვწამს, რომ ეს დღე აუცილებლად მოვა და მიუხედავად ყველაფრისა, დადგება დრო, როცა სწორედ აფხაზებთან ერთად აღვმართავთ იმ ძეგლებს, რომლებშიც ასახული იქნება ჩვენი ტკივილები და იმედები, ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემა და მომავლის რწმენა, რაც ორივე ხალხისთვის მისაღები და სასურველი იქნება.

მარინა მხეიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42