საეჭვოდ, ვინაიდან ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ლამის თვალის ფერიც კი არ მოწონს და ამის გამოც კი შეუძლია, გააკრიტიკოს, უდრტვინველად ადევნებდა თვალს გენგეგმაზე მუშაობის პროცესს და ერთი შენიშვნა რაა, ისიც კი არ გამოუთქვამთ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებულ პროექტზე. თუმცა ამ დუმილის (ოპოზიციის) მიზეზი შესაძლოა, ისიც ყოფილიყო, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სწორედ იმ ადამიანებითაა უმეტესად დაკომპლექტებული, რომლებიც 2009 წლის გენგეგმის პროექტზე მუშაობდნენ და სწორედ ის გენგეგმაა დღემდე მოქმედი.
2009 წელს ხელისუფლებაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და აწ მისგან განაყარი „ევროპული საქართველო“ იყო, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმის ახალი პროექტი კი, თუ სპეციალისტებს ვერწმუნებით, ფაქტობრივად, გადმოწერილია იმ ძველი გენგეგმიდან. ხოლო, 2009 წლის გენგეგმა რომ არ ვარგა, ამას ყველაზე ნათლად დღევანდელი თბილისი მოწმობს.
ამის მიუხედავადაც, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფაქტობრივად, მარტო აღმოჩნდა, ერთი მხრივ, სტაგნაციაში მყოფი დედაქალაქის, მეორე მხრივ – ოპოზიციისა და, მესამე მხრივ – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ პირისპირ, რომლის მიერ შექმნილი პროექტი დედაქალაქის ვერც ერთ გამოწვევას ვერ პასუხობს, მაგრამ ჯიუტად ითხოვენ მის დამტკიცებას და დარჩენილ 800 000 ლარს.
ოპოზიცია ზურგს უმაგრებს „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ და აცხადებს, რომ კახა კალაძე არ იბარებს გენგეგმის პროექტს, ვინაიდან საკუთარი ბიზნესინტერესების გატარება უნდა.
ისიც სათქმელია, რომ გენგეგმის პროექტის შექმნაში საზოგადოებრივი ჩართულობა საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული (თუმცა ეს კანონის პირდაპირი მოთხოვნაა) და გენგეგმის პროექტის განხილვისას ქართველი სპეციალისტების არათუ აზრი არ მოუსმენია ვინმეს, არც კი დაინტერესებულა მათი აზრით. მეტიც, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ არც მერიის სამსახურებთან გაუვლია შესაბამისი კონსულტაციები (რაც, ასევე, კანონის მოთხოვნაა), რომ გაერკვია, აქვთ თუ არა გენგეგმის პროექტში დასახული ღონისძიებების გატარების რესურსი, ისევე, როგორც არც სტრატეგიული საკითხები შეუთანხმებია ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მხოლოდ საკუთარი შეხედულებებისამებრ გადაწყვიტა თბილისის ბედი.
ასეა თუ ისე, კახა კალაძემ ოპონენტებს უზუსტესი სვლით უპასუხა და გენგეგმის შესწავლის პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩართო, რაც მთავარია, ადგილობრივ, ანუ ქართველ ექსპერტებთან ერთად.
სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, რომელზეც თბილისის მერმა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს განუმარტა, თუ რატომ არ მიიღო მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი: „უკვე 2 წელზე მეტია, ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დოკუმენტი არ ჩაიბარა, რადგან სრულყოფილი არ იყო. "სითი ინსტიტუტმა საქართველომ" მოითხოვა 45–დღიანი ვადა, რომ დოკუმენტი მოიყვანოს სრულყოფაში და გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებზეც მივუთითეთ.“
კალაძემ შენიშნა, რომ, რადგან ამ დოკუმენტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დედაქალაქისთვის, მის შეფასებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები. კერძოდ, გიგა ბათიაშვილი, პავლე ძინძიბაძე, ირაკლი ჟვანია და მერაბ ჩხენკელი, ასევე, მსოფლიო ბანკისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდის“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა, ჩართონ თავიანთი ექსპერტები გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში.
აქვე შეგახსენებთ, რომ გენგეგმის პროექტის მონიტორინგი ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობისას ჩაატარა აზიის განვითარების ბანკის მიერ მოწვეულმა ფრანგმა საერთაშორისო ექსპერტმა, რომლის დასკვნაც მკაფიოდ უარყოფითია, თუმცა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ ნარმანიას მერიას ბრალი დასდო, რომ ფრანგ ექსპერტს არამარტო არასრული, არამედ –არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს გენგეგმის პროექტის შესახებ. ამიტომ, როგორც ჩანს – კალაძემ თადარიგი დაიჭირა და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობის ფორმაც საჯაროდ შეათანხმა: „მოგაწვდით ყველა ინფორმაციას, რომელიც "სითი ინსტიტუტის" მიერ არის წარმოდგენილი“. მისი თქმით, შემდეგ შეხვედრას უკვე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კახა კალაძეს არც ოპოზიცია გამორჩენია და მათაც შესთავაზა – თუ სურვილი ექნებათ – ჩაერთონ გენგეგმის შეფასების პროცესში.
ოპოზიცია ჯერჯერობით ამ წინადადებას არ გამოხმაურებია, როგორც ჩანს, სანამ შეცვლილ რეალობაში სამოქმედო გეგმას ამუშავებენ, დუმილის უფლებას იყენებენ, ვინაიდან თბილისის მერის ამ სვლამ ისინი მოქმედების ჩვეული რიტმიდან ამოაგდო: თუკი საერთაშორისო ექსპერტები გენგეგმის პროექტს დაიწუნებენ, მაშინ მათი სუბიექტურობა ან გენგეგმის პროექტის სწორედ ამ ფორმით მიღებაში დაინტერესება გამომჟღავნდება.
თუმცა ისიც აშკარაა, რომ კახა კალაძის მიერ გაკეთებული სვლა მას ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს და ვერავინ დასდებს ბრალს, რომ გენგეგმის პროექტს ქვენა მოტივებით იწუნებს. ეს კი დედაქალაქს საშუალებას მისცემს, მიიღოს, მართლაც ღირებული დოკუმენტი, რომელიც განავითარებს და არსებულ პრობლემებს მოუგვარებს, პოლიტიკურ ველზე კი შექმნის თამაშის ახალ წესს – რომელიც პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმს ეფუძნება და არა ვინმეს კერძო ინტერესს.
ნანა მდივანი
მასალის გამოყენების პირობები






