ვერც გასაღებდა, ვინაიდან ის არ მოწონთ არც ადგილობრივი, ანუ ქართველი პროფესიონალების აბსოლუტურ უმრავლესობას და არც მონიტრინგისთვის დაქირავებულ უცხოელ ქალაქმგეგმარებელს, საერთაშორისო ექსპერტ ერიკ ჰიუბრეხტს.
ცხადია, გენგეგმის პროექტი მოწონთ იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე მუშაობდნენ (ბუნებრივიცაა, რადგან 2 მილოინ 800 ათასი ლარი ქუჩაში არ ყრია) და თბილისის ერთადერთ ხსნას სწორედ მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტის განხორციელებაში ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებიათ, არც არაფერი გაუთვლიათ და არც ხარჯები დაუთვლიათ (ეს ჩვენი საქმე არ არის, თანხა მერიამ გამონახოსო). უფრო მეტიც, პასუხისმგებლობა მოსალოდნელ შედეგზეც მოიხსნეს: რაკი გენგეგმის პროექტი მხოლოდ თეორიაა და სურვილები, სავსებით რეალურია, რომ მისი განხორციელების შემდეგ თბილისში მდგომარეობა, უარეს შემთხვევაში, დამძიმდეს, უკეთესში კი – იგივენაირი დარჩეს. გენგეგმის პროექტის განხორციელებას არაერთი (თუ ასეულობით არა) მილიარდი დასჭირდება, რაც წარმოუდგენელი ზარალი იქნება, თუ გენგეგმამ ვერ გაამართლა (მაგალითად, თუ ახალი მაგისტრალის გაყვანის, ერთ-ერთი სანაპიროს გაუქმების, შვიდი ახალი ხიდის აშენების შემდეგ მოძრაობა ვერ განიმუხტა), მაგრამ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მერიის ბრალი იქნება, რადგან მათ მიერ შემუშავებული პროექტი უნივერსალურია.
მეორე მხრივ, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამტკიცებენ, რომ გენგეგმის პროექტი 2009 წლის გენგეგმის ასლია, რომელიც რამედ რომ ვარგებულიყო, თბილისს უკვე შეეტყობოდა.
უცნობია, რატომ მიიყვანა დავით ნარმანიამ (თბილისის ყოფილმა მერმა და აწ უკვე სემეკის წევრმა გარანტირებული ექვსი წლით) გენგეგმის დამტკიცების პროცესი თითქმის ბოლომდე და აღარ დაასრულა, ანუ რატომ გადააბარა ეს პასუხისმგებლობა კახი კალაძეს, რომელიც, მართალია, დავით ნარმანიას გუნდის, ანუ „ოცნების“ წევრია, მაგრამ მისი წინასაარჩევნო პროგრამა განსხვავდებოდა გენგეგმის პროექტის ხედვისგან.
არანაკლებ საინტერესო იყო გენგეგმის პროექტისადმი თბილისი წინა, დავით ნარმანიას ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხმატკბილებულად დადებითი დამოკიდებულება გენგეგმის პროექტისადმი. გენგეგმის პროექტის ხუთივე ეტაპი დავით ნარმანიას მერიამ მშვიდად და თითქმის გართულებების გარეშე ჩაიბარა, ერთი ისაა, რომ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვადის დარღვევის გამო. ოპოზიციაც მშვიდად ადევნებდა თვალს პროცესს (შენიშვნაც კი არ გამოუთქვამთ), რაც უცნაურია, იმიტომ რომ რომ ქართული ოპოზიციის თავისებურებაა ყველაფერის დაწუნება და ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯის არათუ კრიტიკა, ლანძღვაა.
ჩვენ არ ვიცით, რატომ დაემთხვა დავით ნარმანიას, ოპოზიციისა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ პოზიციების ერთმანეთს იმ გენგეგმის პროექტის შესახებ, რომელიც არ მოწონს არც ერთ სპეციალისტს, რომელიც არ იყო და არც არის დასაქმებული „სითი ინსტიტუტ საქართველოში“.
ოპოზიციას არ გამოუთქვამს არც ერთი შენიშვნა გენგეგმის პროექტის მერიისთვის ჩაბარების არც ერთ ეტაპზე (ნარმანიას მერობის პერიოდში სამუშაოს ხუთი ეტაპი ჩაბარდა მერიის არქიტექტურის სამსახურს).
შესაძლოა, დავით ნარმანია ადგილობრივ არჩევნებს ელოდა, რაკი თავად მიდიოდა პოსტიდან და მისი მერობის პერიოდში გენგეგმის პროექტის ჩაბარება ვერ ესწრებოდა, საქმე არ გაირთულა: არც ჩაბარებით და არც არჩაბარებით.
ამასთან, დავით ნარმანიას პერიოდში მერიას რომც ჩაებარებინა გენგეგმის პროექტი, მისი დამტკიცება უკვე ახალ საკრებულოს მოუწევდა კახი კალაძის მერობის პერიოდში, ანუ ახალი მერის ქმედებები შეზღუდული იქნებოდა გენგეგმის პროექტით.
მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: უკვე კახი კალაძის მერად არჩევის შემდგომ პერიოდს დაემთხვა გენგეგმის პროექტსი მეექვსე ეტაპის ჩაბარება, რომლის მიმართაც არქიტექტურის სამსახურმა უამრავი შენიშვნა გამოთქვა: „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვერ ჩაეტია ვადებში და ის ორჯერ დააჯარიმეს (არქიტექტურის სამსახურის უკვე ახალმა შემადგენლობამ) სავსებით კანონიერად.
„სითი ინსტიტუტმა საქარველომ“ ტაქტიკა შეცვალა და თბილისის ახალ მერსა და არქიტექტურის სამსახურის ახალ უფროსს დაუპირისპირდა: თავდაპირველად, საერთოდაც, უარი განაცხადა ჯარიმების გადახდაზე და სასამართლოში გასაჩივრებით დაიმუქრა, ოღონდ, თუ იურისტების ვერწმუნებით, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ამ საქმის მოგების არანაირი შანსი არ აქვს, იმიტომ რომ არიქიტექტურის სამსახური კანონის ფარგლებში მოქმედებდა, შემდეგ კი მერიას ჯარიმების უბრალოდ პატიება (ანუ კანონის დარღევევა) სთხოვა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ვერავინ გადაახდევინებს დაკისრებულ ჯარიმებს, კომპანიის იურიდიული ფორმიდან გამომდინარე, რადგან მის მფლობელებს შეუძლიათ, ის ბანკროტად გამოაცხადონ და უბრალოდ გააუქმონ (კომპანია სწორედ გენგეგმის პროექტის ტენდერისთვის შეიქმნა სახელდახელოდ ტენდერის გამოცხადების შემდეგ).
პროცესი, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში, მაქსიმუმ, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო: მერიის არქიტექტურის სამსახურს ან მიღება-ჩაბარების აქტი გაეფორმებინა კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოსთვის“, ანუ გაეწყვიტა ხელშეკრულება, დღემდე გრძელდება.
გასულ კვირას თბილისის მერიამ კომპანიას კიდევ 45-დღიანი ვადა მისცა შენიშვნების გასათვალისწინებლად (აქვე გეტყვით, რომ, თუკი დედაქალაქის არქიტექტურის სამსახური არ ჩაიბარებს გენგეგმის პროექტს, კომპანიის ზარალი ის იქნება, რომ ვეღარ მიიღებს დარჩენილ 800 000 ლარს, მაშინ, როდესაც ორი მილიონი ლარი უკვე ათვისებულია). „კომპანია სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორის მტკიცებით, გენგეგმის პროექტზე მუშაობდნერ ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები და თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ მათ ჰონორარებს მოხმარდა, თუმცა ამის შემოწმება შეუძლებელია, რადგან კერძო კომპანია ამ ინფორმაციას არ გასცემს. შესაბამისად, ისეთივე ალბათობით იმუშავეს უცხოელმა სპეციალისტებმა ამ პროექტზე, როგორი ალბათობითაც, არ უმუშავიათ.
მას შემდეგ, რაც კახი კალაძის მერობის პერიოდში მერიასა და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის ურთიერთობა გამწვავდა (მერიამ შენიშვნები გამოთქვა და ხარვეზებზე მიუთითა გენგეგმის შემქმნელებს და დააჯარიმა ვალდებულებების შეუსრულებობის გამო) ოპოზიციაც გააქტიურდა და გენგეგმის პროექტის აქტიურ დამცველად იქცა. მოტივით, რომ თბილისის მერია აფერხებს თბილისის განვითარებას, მაგრამ, რეალურად, გენგეგმის პროექტია არარეალისტური და ვერ აგვარებს თბილისის პრობლემებს, იმას გარდა, რომ უქმნის დამატებითს.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოპოზიციის შენიშვნები, ძირითადად, დეკლარაციული ხასიათისაა და ისინი არასდროს საუბრობენ თემაზე, თუ რატომ არის, მათი აზრით, გენგეგმის პროექტი კარგი და რით წაადგება დედაქალაქს, ჩნდება ეჭვი, რომ მათ არც წაუკითხავთ გენგეგმის პროექტი (რაც ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდი დროისა და ენერგიის გარდა, სპეციფიკურ ცოდნასაც მოითხოვს). ხოლო, როდესაც დოკუმენტის წაკითხვის გარეშე გამოთქვამ აზრს, უდიდესი ალბათობით, უბრალოდ ლობირებ ვიღაცის ინტერესებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გენგეგმის პროექტი თბილისის მერიას, ფაქტობრივად, კერძო ბიზნესებისა და საუთრების განკარგვასა და მათი ახლებურად გადანაწილების სქემებს სთავაზობს (ფაქტობრივად, ბიზნესის წართმევას), არც ისაა გამორიცხული, რომ ოპოზიციაცაა დაინტერესებული ამა თუ იმ ბიზნესინტერესებით უკვე არსებული და მოქმედი ბიზნესებისა და კერძო საკუთრების ხარჯზე.
ამიტომაც მათ ერთობლივად მიიტანეს იერიში კახი კალაძეზე, რომ აიძულონ გენგეგმის პროექტის მიღება. კახი კალაძისთვის კი, სავარაუდოდ, ცნობილია, თუ რას გამოიწვევს გენგეგმის პროექტის ამ სახით მიღება და დამტკიცება – პასუხისმგებლობა ამ გამოუსადეგარ დოკუმენტზე დაეკისრება სწორედ მას და არა ოპოზიციას, რომელიც ძალას არ იშურებს ზეწოლის მოსახდენად, რომ როგორმე გაიტანოს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 2009 წლის გენგეგმიდან გადმოწერილი პროექტი, რომელსაც ასაღებენ, როგორც ძველი გენგეგმის განახლებულ ვარიანტს.
შესაბამისად, ახალმა მერმა მოულოდნელი სვლა გააკეთა და გენგეგმის პროექტის შეფასების პროცესში საერთაშორისო ინსტიტუტები ჩართო (რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს) და განაცხადა, რომ სწორედ საერთაშორისო ექსპერტების ვერდიქტი იქნება საბოლოო: თუკი საერთაშორისო ექსპერტები მოიწონებენ პროექტს, მერია მას ჩაიბარებს, თუ დაიწუნებენ – არ ჩაიბარებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მეთოდი გამოიყენა დავით ნარმანიამაც, ოღონდ უფრო მოკრძალებული მასშტაბით (შესაძლოა, იმიტომ რომ ვეღარ უძლებდა ზეწოლას ან სიმართლის გარკვევა უნდოდა გენგეგმის პროექტის შესახებ): მან გასული წლის აგვისტოში აზიის განვითარების ბანკს მიმართა გენგეგმის პროექტის მონიტორინგის თხოვნით და სწორედ აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებულმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა უკიდურესად უარყოფითად გენგეგმის პროექტი, რის შემდეგაც დავთი ნარმანიამ მისი დამტკიცების მიღების ისე გაწელა, რომ კახი კალაძეს გადააბარა.
თბილისის ახალმა მერმა, რომელიც, როგორც ჩანს, მარტო დარჩა იმ დილემის წინაშე, რასაც გენგეგმის პროექტის ამ სახით არმიღება ჰქვია (ვინაიდან პრობლემების გარდა ვერაფერს მოუტანს დედაქალაქს), ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი იპოვა როგორც თავისთვის, ისე დედაქალაქისთვის: საერთაშორისო საექსპერტო წრეების მხარდაჭერა.
ეს სვლა გაანეიტრალებს ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას და გენგეგმის პროექტის დამტკიცება-არდამტკიცების პროექტს კონსტრუქციულ ტალღაზე გადაიყვანს, რომელშიც მთავარი არა პოლიტიკოსების კერძო ინტერესები და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ ლობირებული ბიზნესინტერესები, არამედ დედაქალაქის რეალური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მაკა ჯოხაძე
მასალის გამოყენების პირობები






