ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. მგგ-ზე მომუშავე ჯგუფის წევრები ჩართული იყვნენ მცხეთის და რუსთავის გენგეგმის შედგენის პროცესში და ორივეგან მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტი მძაფრი კრიტიკის საგანი გახდა ადგილობრივი და უცხოელი სპეციასლიტების მხრიდან. მცხეთის გენგეგმა კი უშუალოდ იუნესკოს მიერ იქნა დაწუნებული. დღეს კი ანალოგიური პროცესი იწყება გორშიც, სადაც „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ქალაქ გორისათვის საყრდენი გეგმის შემუშავების პროცესში.
საქართველოს უახლოეს ისტორიაში ძნელად მოიძებნება მგგ-ს მსგავსი დოკუმენტი, რომლის მიღებასაც 10 თვის განამვლობაში ვერ ხერხდება მისი არაკვალიფიციურობის გამო.
მგგ-ზე იმდენი შენიშვნა გამოითქვა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ, რომ ჩვენ ალბათ ახალს ვერაფერს დავამატებთ და იმის საილუსტრაციოდ, თუ რა დონის ნამუშევართან გვაქვს საქმე დოკუმენტიდან გამქრალ, საზოგადოებაში ღიმილისმომგვრელ ეპილოგს მოვიშველიებთ, სადაც მოთხრობილია 2030 წლის უტოპიურ თბილისზე, ქალაქზე, რომელშიც აღარ იქნება კერძო ავტომობილები და დამყარდება სრული ეკოლოგიური ჰარმონია მტკვარზე მოსეირნე სამგზავრო გემების ფონზე.
არც იმის გახსენება იქნებოდა ურიგო, რომ მგგ-ს ავტორებმა უბრალოდ მოახდინეს ძველი ვერსიის ელემენტარული განახლება, დაახვავეს სხვადასხვა წყაროებიდან აღებული ინფორმაციული მასალები, გამოფინეს პარიზისა და ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის დროინდელი რუქები, ანაზღაურების გარეშე ამუშავეს ქართველი სპეციალისტები, სამაგიეროდ, ვორკ-შოპებზე მოიწვიეს უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც დააბრალეს თანაავტორობა და თან ბიუჯეტის კუთვნილი 1,4 მილიონის საზღაურად მიღებაც დაადეს ცოდვად.
„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ის გახლავთ ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ( ბ-ნი ნარმანია) მიერ იქნა ინიცირებული და რომელსაც მხურვალედ უჭერს მხარს „ ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათთან ასოცირებული პოლიტიკური პერსონები. მხარს უჭერენ არა მისი პროფესიონალიზმის, არამედ ფაქტობრივი გარემოების გამო, რაც გამოიხატება მგგ-ში მათვის საინტერესო ადგილებისთვის გარკვეული ზონალობის მინიჭებაში, რკინიგზის გადატანის ქვეყნის ინტერესებისთვის მავნებლური პროექტის განხორციელების ხელშეწყობასა და კონკრეტული ბიზნეს ლოკაციების ხელში ჩაგდების სურვილში.
თბილისის არქიტექტურის სამსახურში დასამტკიცებლად წარდგენილი პროექტი იმდენად სუსტია პროფესიონალური თვალსაზრისით და იმდენად დახუნძლულია კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებით, რომ თბილისის ახალ მერს, ბ-ნ კალაძეს, პოლიტიკურ აქტივში ამ დოკუმენტის ასეთი სახით მიღება პლიუსად ვერანაირად ვერ ჩაეწერება. თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ მგგ-ს ასეთი ფორმით მიღება მის ავტორებს საშუალებას მისცემს მსგავსი კვალიფიკაციის პროექტები თავს მოახვიონ დანარჩენ საქართველოსაც, მაშინ ბ-ნი კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ თბილისის მერისა.
ბ-ნი კალაძის გადაწყვეტილება - კიდევ მიეცა 45 დღე კონტრაქტორი კომპანიისთვის, სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იყო მიღებული და იმის გამოც, რომ საბოლოოდ წყალში არ გადაყრილიყო მგგ-ზე უკვე დახარჯული 2 მილიონი ლარი. თუმცა, ჩვენთვის მაინც ძნელად წარმოსადგენია, როგორ მოხერხდება ამ დოკუმენტის გაკეთილშობილება, როცა მგგ-ზე მუშაობის ოფიციალურად დასრულებიდან 10 თვის თავზე „სითი ინსტიტუტი საქართველომ“, უამრავი შენიშვნის და 300.000 ლარი ჯარიმის მიუხედავად, ვერაფრით შეძლო ისეთი პროდუქტი მიეღო, რომელიც მინიმუმ თბილისელების „თანხმობის დოკუმენტის“ სახელს დაიმსახურებდა.
როგორც კახა კალაძის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ თუ ამ დროშიც ვერ მოხერხდება დედაქლაქისთვის მისაღები დოკუმენტის შექმნა, კონტრაქტორს უპირობოდ შეუწყდება ხელშეკრულება, აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო იურიდიული შედეგების გათვალისწინებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შარი სახელად - „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა“ ქვეყნის სხვა ქალაქებსაც ემუქრება და ნაციონალური მოძრაობას ეძლევა შანსი, მოახდინოს თავისი ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ინტერესების რეალიზება არა მარტო თბილისში არამედ მთელ საქართველოში.
ჯუმბერ ჯალაღონია
მასალის გამოყენების პირობები






