გენგეგმის პროექტის ხუთი ეტაპი თბილისის მერიამ უკვე ჩაიბარა (წინა, ანუ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში. შეგახსენებთ, რომ სწორედ დავით ნარმანიას დროს გამოცხადდა კონკურსი და ამ კონკურსში კონკურსისთვის სახელდახელოდ შექმნილმა კომპანიამ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გაიმარჯვა). სადავოდ იქცა გენგემის პროექტის მეექვსე, ბოლო ეტაპი, რომლის ჩაბარების თარიღმა კანონით დადგენილ ყველანაირ ვადას გადააცილა. გასულ კვირას კი დედაქალაქის მერიის ახალმა შემადგენლობამ პროექტის ავტორ კომპანიას კიდევ 45 დღე მისცა დამატებით შენიშვნების გასათვალისწინებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მესვურები თავის გასამართლებლად შენიშნავენ, რატომ ჩაიბარა მერიამ პროექტის ხუთი ეტაპი, თუ ის უვარგისი იყო. თუმცა გენგეგმის პროექტისადმი შენიშვნებს ყველა ეტაპზე გამოთქვამდნენ ქართველი არქიტექტორები, ურბანისტები და ქალაქმგეგმარებლები, ოღონდ „საკონტროლო გასროლის“ ავტორი მაინც ფრანგი ქალაქმგეგმარებლის, ერიკ ჰიუბრეხტის დასკვნა გამოდგა (რომელიც გასული წლის ზაფხულში, დავით ნარმანიას მერობისას, დაიქირავა დედაქალაქის მერიამ გენგემის პროექტის მონიტორინგისთვის აზიის განვითარების ბანკის რეკომენდაციით,), რომლის ვერდიქტითაც: „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი არც მიწათსარგებლობის გეგმაა და არც გენერალური გეგმა.
მართლაც, რატომ ჩაიბარა დავით ნარმანიას მერობისას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გენგეგმის პროექტის ხუთი ეტაპი უმტკივნეულოდ?! რეალურად, პროცესი საკმაოდ მტკივნეული იყო და ამიტომაც იცვლებოდა მერიის არქიტექტურის სამსახურის შემადგენლობა გენგეგმის პროექტზე მუშაობის პროცესში. უფრო მეტიც, არქიტექტურის სამსახურის ერთ-ერთი უფროსი სწორედ გენგეგმის პროექტის დაწუნებას შეეწირა. თბილისის მერიაში ამაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს კონფლიქტი კარგად ჩანს არქიტექტურის სამსახურის მერიასთან მიმოწერაში, რომლებშიც თავის შენიშვნებს გამოთქვამდა გენგეგმის პროექტის ზემონახსენები ხუთი ეტაპის მიმართ და ამტკიცებდა, რომ გენგეგმის პროექტის ამ ფორმის ჩაბარება დაუშვებელი იყო.
დედაქალაქის მერიამ მაშინ პრობლემა მეტად მარტივად გადაწყვიტა: არქიტექტურის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა, გენგეგმის პროექტის ხუთივე ეტაპი კი ჩაიბარა. თუმცა, როგორც ჩანს, დავით ნარმანიამაც იგრძნო, რომ საქმე მთლად ხავერდოვნადაც ვერ იყო (ან უბრალოდ თავი დაიზღვია) და აზიის განვითარების ბანკს გენგეგმის პროექტის შემოწმება სთხოვა. ამ უკანასკნელმა ამგვარ საქმეებში გამოცდილი ფრანგული კომპანია დაიქირავა, მათ კი „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შექმნილი მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის მონიტორინგი ცნობილსა და გამოცდილ ქალაქმგეგმარებელ ერიკ ჰიუბრეხტს ანდეს. რომელმაც დეტალურად დაასაბუთა, თუ რატომ ვერ ივარგებს გენგეგმის პროექტი და რატომაა მისი განხორციელება შეუძლებელი. პასუხად „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ ფრანგ ექსპერტს ბრალი დასდო არაკომპეტენტურობაში, მერიის არქიტექტურის სამსახურს კი იმაში, რომ ერიკ ჰიუბრეხტს არასრული ინფორმაცია მიაწოდეს და რუკები საერთოდაც შეუცვალეს.
ანუ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“, ფაქტობრივად, ფრანგი ექსპერტი საერთაშორისო თაღლითად, თბილისი მერია კი ავანტიურისტად გამოაცხადა.
ხოლო, რაკი ამასობაში დედაქალაქის ხელმძღვანელობაც შეიცვალა, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მთავარ სამიზნედ თბილისის ახალი მერი და მერიის არქიტექტურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი იქცნენ, რომლებსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ გენგეგმის პროექტის არდამტკიცებით ფერხდება დედაქალაქის განვითარება.
რეალურად კი გენგეგმის დამტკიცების შემთხვევაში (იმას გარდა, რომ მის დამტკიცებას, გენგეგმის პროექტის ფორმის გამო, საკრებულო უბრალოდ ვერ შეძლებს, თუ ბრმად არ მისცემს ხმას დოკუმენტს), კმაყოფილდება კერძო დეველოპერული ინტერესები (რომლებსაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ლობირებს გენგეგმის პროექტის ავტორი კომპანია), ილახება კერძო საკუთრებისა და ბიზნესის ინტერესები და, რაც მთავარია, გადამწყვეტი იერიშია მიტანილი სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.
კერძოდ, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ კვლავ რკინიგზის გადატანის ვერსიაზეა (მერიის არქიტექტურის სამსახურის ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ რკინიგზის გადატანას ეხება) და „იმედის კვირის“ სიუჟეტშიც ამტკიცებდა გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი ბ-ნი ბოლქვაძე, რომ სატვირთო კომპონენტის გადატანა ქალაქგარეთ აუცილებელია დედაქალაქის ეკოლოგიის გადასარჩენად. ცხადია, სატვირთო რკინიგზა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს, თუმცა დედაქალაქში ეკოლოგიის დაბინძურების 90 პროცენტი მოდის ავტოტრანსპორტზე. შესაბამისად, როდესაც გენგეგმა არაფერს ამბობს ავტომანქანების შემცირებაზე ან საავტომობილო ნაკადების მართვაზე, რთული დასაჯერებელია, რომ რკინიგზის გადატანის მოტივი ეკოლოგიაა.
მივყვეთ ლოგიკას: საქართველოს რკინიგზა არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და სახელმწიფოს სძენს გეოსტრატეგიულ სადერეფონო ფუნქციას, რითაც ის მომხიბვლელია დასავლეთისთვის, როგორც აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი რგოლი. რკინიგზის სატვირთო კომპონენტის გადატანა (რომლის ინფრასტრუქტურის ნაწილიც კერძო საკუთრებაა და, ცხადია, რკინიგზას ან მერიას მოუწევს სამართლიანი კომპენსაციების გაცემა) გამოიწვევს რკინიგზისთვის ხარჯის გაზრდას (არა მხოლოდ ერთჯერადად: აუცილებელი ინფრასტრუქტურის თავიდან შესაქმნელად, ჩიხებისა და ნავთობაზების სახით, არამედ ექსპლუატაციის პროცესშიც: ვინაიდან რთულ რელიეფზე არა ერთი, არამედ ორი ორთქლმავალი დასჭირდება სატვირთო შემადგენლობებს). გაზრდილი ხარჯი დაასუსტებს რკინიგზას ფინანსურად და გააკოტრებს. გაკოტრებული რკინიგზა, ცხადია, გაყიდვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მას ერთადერთი მყიდველი ჰყავს: რუსეთის რკინიგზა, რომლის ცისფერი ოცნებაა პირდაპირი სარკინიგზო ხაზის გაჭრა ირანთან სომხეთის გავლით (შეგახსენებთ, რომ სომხეთის რკინიგზა უკვე რუსეთის საკუთრებაა და მას ჰქვია სამხრეთ კავკასიის რკინიგზა).
რუსეთის მიერ საქართველოს რკინიგზის კონტროლი ნიშნავს, რომ საქართველო ასუსტებს და, საბოლოოდ, კარგავს თავის ფუნქციას (სწორედ რუსეთის გვერდის ავლით ევროპისკენ ტვირთების ტრანსპორტირებაა საქართველოს რკინიგზის ხიბლი). ამდენად, გაუგებარია, რატომ მოითხოვენ გენგეგმის პროექტის ავტორები ასე დაჟინებით დედაქალაქიდან რკინიგზის გადატანას და რატომ აქცევენ გენგეგმას უცხო, მეტიც, ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესის გატარების იარაღად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ინტერესების ხარჯზე.
უცნაური დეტალია ისიც, რომ, მაგალითად, „დიდი აბრეშუმის გზის პროექტით“, სატვირთო შემადგენლობებს უნდა დაემატოს სამგზავროც (ჩინეთიდან მომავალი), ასე რომ, საინტერესოა, როგორ მიიღებს ამ შემადგენლობას ორად გაყოფილი თბილისის რკინიგზა?!
მეორე – ბ-ნი ბოლქვაძე შენიშნავს, რომ რკინიგზის გამოთავისუფლებულ არეალს (სატვირთო კომპონენტის გადატანის შემდგომ) გენგემის პროექტით, პარალელურად გაჰყვება საგზაო მაგისტრალი, სამაგიეროდ, გადაიკეტება ერთ-ერთი სანაპირო, სადაც მთელ სიგრძეზე მოეწყობა სარეკრეაციო ზონები და მტკვართან მისასვლელები.
ბუნებრივია, მტკვართან მისასვლელები რომ მოეწყოს, უპირველესად, მტკვართან უნდა მიგესვლებოდეს, ანუ, თუ მტკვარი არ გაიწმინდა, მისასვლელის – თან, მთელ გაყოლებაზე – მოწყობას აზრი არ აქვს. მეორე მხრივ, თუ სატრანსპორტო ნაკადები არ შეგისწავლია (და გენგეგმის ჯგუფს ეს საკითხიც არ აქვს შესწავლილი), როგორ ადგენ, რომ მარცხენა სანაპიროს გადაკეტვა, ახალი მაგისტრალისა და მტკვარზე დამატებით შვიდი ხიდის აგება მოძრაობას გაამარტივებს?!
იმას გარდა, რომ გენგეგმის პროექტი არ ითვლის, რა თანხაა აუცილებელი ზემონახსენები ინიციატივების განხორციელებლად: არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულის, არამედ კერძო საკუთრების საკომპენსაციოდ გასაცემის.
უფრო მეტიც, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ბ-ნი სალუქვაძე აცხადებს, რომ მათ არ ევალებათ ფინანსური გათვლები და სავარაუდო ხარჯის ანალიზი.
თბილისის არქიტექტურის სამსახური „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ სთხოვს წარმოუდგინოს მასალები, რის საფუძველზეც დგინდება, რომ დედაქალაქს სჭირდება ახალი მაგისტრალი და ხიდები (ესეცაა ერთ-ერთი შენიშვნა), რაზეც გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი ბ-ნი ბოლქვაძე შენიშნავს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურს ამას აუხსნიან. ოღონდ კვლევის გარეშე როგორ უნდა აუხსნან, უცნობია.
ასევე, გენგეგმის პროექტით, მტკვრის სანაპირო უნდა იქცეს უწყვეტი გამწვანების ზონად, თუმცა მერიის შენიშვნაზე, თუ როგორ უნდა გამწვანდეს თბილისის დასახლებული ან დასასახლებელი უბნები, ბ-ნი სალუქვაძე აცხადებს, რომ მცირე ზომის მწვანე არეალებს რუკაზე ვერ დაიტანდნენ, ვინაიდან მასშტაბი ამის საშუალებას არ იძლევა, მერიის რუკებს კი ვერ ენდნენ (უხარისხო რუკებია და ასეთ რისკზე ვერ წავიდოდითო). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ გენგეგმის პრეოქტს თან ახლავს რუკები რუსული წარწერებით (რაც, სავარაუდოდ, რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის რუკებია), გენგეგმის ჯგუფის ლოგიკა საინტერესოა: ვერ ენდობიან თბილისი მერიას, მაგრამ ენდობიან საბჭოთა სამხედროებს.
მართალია, წინ 45 დღეა, ხარვეზების გამოსასწორებლად, მაგრამ, რადგან 45 დღეში „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვერც კვლევას ჩაატარებს (არც სჭირდებათ, გუმანით გეგმავენ ახალ-ახალ ქალაქებს) და მით უფრო, საერთოდაც, არ აპირებენ თავიანთი პროექტის ფინანსურ დასაბუთებას (იმიტომ რომ მოქმედებენ პრინციპით: „მათ ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა“), დიდი ალბათობით, გენგეგმის პროექტი არსებითად ვერ შეიცვლება. ხოლო, თუ არსებითად ვერ შეიცვლება, მის მიღებას აზრი არ აქვს.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომ არის დაინტერესებული „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ქვეყნი ს სტრატეგიული ფუნქციისა და უსაფრთხოების დასუსტებით: ეს უნებლიე შეცდომაა (რაც მეტად საეჭვოა) თუ უბრალოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევის მსურველთა დაკვეთა?!
მიხეილ ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






