40 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის განმავლობაში, თეიმურაზ გუგუშვილს მრავალი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩამონათვალი გრძელი და შთამბეჭდავია: საქართველოს სსრ სახალხო არტისტისა (1989) და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის (1992) წოდება, ზურაბ ანჯაფარიძის ფონდის (1998), ზურაბ ანჯაფარიძის სახელწიფო და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (2003) პრემიები, ღირსების ორდენი (1994), მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება; UNESCO-ს ასოცირებული ცენტრის საპატიო პროფესორის წოდება და დიპლომი, მინსკის საერთაშორისო საშობაო საოპერო ფორუმის საპატიო დიპლომი; ირინა არხიპოვას ფონდის ვერცხლის მედალი.
მაგრამ ყველზე დიდი ჯილდო, ალბათ, ხალხის სიყვარული და საკუთარი ქვეყნის მხრიდან დაფასებაა. ხელოვანისადმი სწორედ ხალხისა და ქვეყნის უდიდესი პატივისცემის, აღიარებისა და მადლიერების გამოხატულებაა თეიმურაზ გუგუშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნა იმ ოპერის თეატრის წინ, რომლის სცენაზეც 40 წლის წინ შედგა მომღერლის დებიუტი და რომლისთვისაც არასოდეს უღალატია, მიუხედავად არაერთი მომხიბლავი შემოთავაზებისა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი საოპერო თეატრიდან. 90-იან წლებში, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ მიუტოვებია მშობლიური თეატრი და თავდაუზოგავად, მთელი შემართებით იდგა სცენაზე და თავისი ულამაზესი ხმით, შეუდარებელი არტისტიზმით, მაღალი პროფესიონალიზმითა და შესრულების უნაკლო ტექნიკით აღფრთოვანებაში მოჰყავდა ბედნიერი მაყურებელი.
თემურ გუგუშვილისთვის არ არსებობს დაუძლეველი პარტია. იგი ერთნაირი ვირტუოზულობით ასრულებს ტენორის როგორც ლირიულ, ასევე დრამატულ პარტიებს ქართულ თუ უცხოურ ოპერებში, როგორიცაა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომი), „დაისი“ (მალხაზი), „ლატავრა“; ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ (კოტე), ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“ (მინდია) „მთვარის მოტაცება“ (არზაყანი), „პირველ სიყვარული“ (ერთაოზი) და „მუსუსი“ (მიხო); მერი დავითაშვილის „ნაცარქექია“ (ნაცარქექია); გია ყანჩელის „და არს მუსიკა“(ანჟელო), ჯანსუღ კახიძის „ბარბარე“ (კოტე), ვერდის „აიდა“ (რადამესი), „დონ კარლოსი“ (დონ კარლოსი), „ოტელო“ (კასიო), „რიგოლეტო“ (ჰერცოგი); პუჩინის „ტოსკა“ (კავარადოსი), „ბოჰემა“ (რუდოლფი), „მადამ ბატერფლაი“(პინკერტონი); ჰენდელის „რადამისტო“ (ტიგრანე), გუნოს „ფაუსტი“ (ფაუსტი), ლეონკავალოს „ჯამბაზები“ (კანიო), მასკანის „სოფლის ღირსება“ (ტურიდო), დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“ (ნემორინო), როსინის „სევილიელი დალაქი“ (გრაფი ალმავივა), მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (თვითმარქვია, ღვთის გლახა), ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (ლენსკი) და „პიკის ქალი“ (გერმანი); პროკოფიევის „დუენია“ (ანტონიო) და „სამი ფორთოხლის სიყვარული“ (პრინცი); ტენორის პარტიები მოცარტისა და ვერდის რექვიემებში, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში და სხვ.
სრულიად ფენომენალურია თეიმურაზ გუგუშვილის მიერ შესრულებული ტონიოს არია დონიცეტის ოპერიდან „პოლკის ქალიშვილი“, რომელიც ვოკალისტებსა და მუსიკის მოყვარულებში ფართოდაა ცნობილი თავისი 9 „დო“-თი და ტენორებისათვის ერთგვარ აქილევსის ქუსლს წარმოადგენს. უსმენ გუგუშვილისეულ 9 „დო“-ს (ხშირად 18, რადგან მომღერალი ჩვეულებრივ ანებივრებს-ხოლმე მსმენელს „ბის“-ზე შესრულებით) და ხვდები, რომ თემურ გუგუშვილის ფიზიკურ და ვოკალურ შესაძლებლობებს საზღვარი არ გააჩნია.
თეიმურაზ გუგუშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია და აკადემიური სიმღერის კათედრას ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან დღემდე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედის“ ვოკალური განყოფილების გამგეა. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ (ნოდარ ანდღულაძის კლასი) თავად ლა-სკალაში სტაჟირებისას ეზიარა იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებსა და პრინციპებს ჯულიეტა სიმიონატოსა და ლუჩანო სილვესტრის ხელმძღვანელობით, რაც შემდგომ კიდევ უფრო დახვეწა და უმაღლეს რეგისტრში აიყვანა, დღეს კი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას დაუღალავად გადასცემს თავის სტუდენტებს. ასევე ატარებს მასტერ კლასებს მიწვევით სხვადასხვა ქვეყანაში.
მრავალფეროვანია და მსოფლიოს უამრავ ქვეყანას მოიცავს გუგუშვილის საგასტროლო „გეოგრაფიაც“ იაპონიით და ავსტრალიით დაწყებული, ევროპის გავლით, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით. მის ყველა სპექტაკლსა თუ კონცერტზე ბილეთები რამდენიმე თვით ადრე იყიდება და წარმოდგენები სრული ანშლაგით მიდის. უცხოური პრესა და კრიტიკოსები კი არ იშურებენ საქებ ეპითეტებს და დამსახურებულად ასხამენ ხოტბას თემურ გუგუშვილის უშრეტ ნიჭს. „შეუდარებელი ტენორი“, „ოქროს ხმა“, „ოქროს ყელი“, „უბერებელი მგოსანი“, „საოპერო მოვლენა“, „ცოცხალი ლეგენდა“ „ფენომენალური მომღერალი“, „მარად ახალგაზრდა ტენორი“, „გუგუშვილის ფენომენი“ და ბევრი სხვა სიტყვათა შეთანხმება უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა თეიმურაზ გუგუშვილის სინონიმად საოპერო სამყაროსა და მუსიკის მოყვარულებში.
4 თებერვალს ქართველ მსმენელს დიდი სიამოვნება და ნამდვილი დღესასწაული ელის. თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნამდე ოპერის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“ – პირველი მოქმედება და რუჯერო ლეონკავალო „ჯამბაზები“ – მეორე მოქმედება, სადაც თემურ გუგუშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ შესანიშნავი ქართველი მომღერლები თამარ ივერი (რომელიც ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოვა ავსტრიიდან), სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ჭელიძე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი. სადირიჟორო პულტს წარუძღვება გამოჩენილი დირიჟორი ვიქტორ პლოსკინა (ბელარუსი).
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტი“ ულოცავს ბატონ თემურს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, რათა კიდევ დიდხანს გაეხარებინოს მსმენელი ჩვეული ოსტატობით, ფენომენალური შესრულებითა და ოქროს ხმით. ის, ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავია და მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება საოპერო ხელოვნების ისტორიაში.
მასალის გამოყენების პირობები