2018 წლის 15 იანვარს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) პროექტის განახლებული ვერსიის შეფასება გამოაქვეყნა და გამოთქმული შენიშვნების აღმოსაფხვრელად კონტრაქტორ კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ კიდევ ერთხელ, უკვე მეშვიდედ, 45 დღით გაუგრძელა ვადა შესწორებული ვარიანტის წარმოსადგენად.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. თბილისის გენგეგმის ისტორია 2015 წლის 21 მაისს დაიწყო, როდესაც ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი : „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის“ მიზნით. კონკურსის პირობებით გამარჯვებულისათვის გათვალისწინებული იყო 50.000 ლარი თუმცა მთელი რიგი იურიდიული მანიპულაციების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა ქ.თბილისი მერია, საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებულ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 50.000 ლართან ერთად პირდაპირი შესყიდვის წესით გაუფორმდა ხელშეკრულება 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია სამეწარმეო რეესტრში კონკურსის გამოცხადებიდან 41-ე დღეს გაფორმდა და მას როგორც იურიდიულ პირს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი 18 თვიან ვადაში უნდა წარმოედგინა, თუმცა კონტრაქტზე ხელისმოწერიდან 26 თვეზე მეტი გავიდა და ამ დოკუმენტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ხნის განმავლობაში დოკუმენტში გამოვლენილი ხარვეზების და ვადების გადაცდენის გამო, კომპანია 6-ჯერ დაჯარიმდა და საჯარიმო სანქციებმა საერთო ჯამში დაახლოებით 300 ათას ლარი შეადგინა.
რეალურად ეს 45 დღე მერიას ჭირდება, რომ როგორმე პოლიტიკურად კორექტულად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აშკარად ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მისი გამოსწორება დათქმულ დროში პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
წარმოდგენილი გენერალური გეგმის არკვალიფიცირებულობას მრავალი მიზეზი აქვს. დოკუმენტი იქმნებოდა კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური დაკვეთის შესასრულებლად და არავის არ აინტერესებდა მისი შინაარსობრივი მხარე. აქ მთავარი იყო საყრდენი რუკა, თავისი კონკრეტული პროექტებით და სასურველი ზონალობით. დამკვეთებს იმედი ქონდათ, რომ როგორც ყოველთვის, მსგავსი დოკუმენტების მიღებისას, მოხერხდებოდა პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარება და მისი უხმაუროდ დამტკიცება თბილისის საკრებულოში. თუმცა საზოგადოების მაღალი აქტიურობის და თბილისი ახალი მერის ბ-ნი კალაძის პრინციპული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დიდი ალბათობით თბილისი არ მიიღებს მორიგ არაკვალიფიცირებულ და კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების მატარებელ დოკუმენტს.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ჩავთვალოთ, რომ თუნდაც არ არსებობდეს ის შენიშვნები რაც დღეს გაუჩნდა თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ეს დოკუმენტი მაინც ვერ იქნებოდა სრულყოფილი და თანამედროვე რეალობის შესაბამისი. პირველ რიგში ავტორებისთვის დასმული საკონკურსო ამოცანა არ შეესაბამებოდა არანაირ საერთაშორისო სტანდარტებს და ეს იყო დაკვეთა ისევ ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი, გენერალური გეგმის შესაფერისი დოკუმენტის მისაღებად. ერთი რაშიც შეიძლება დავეთანხმოთ პროექტის ავტორებს, ისინი მუდმივად აპელირებენ საკონკურსო დავალების მოთხოვნებით - რაც დაგვიკვეთეს ის გავაკეთეთო. მართალია არც ის არის გაკეთებული სრულყოფილად რასაც საკონკურსო მოთხოვნა ითვალისწინებდა, მაგრამ ის რომ დავალება უკიდურესად არაკვალიფიცირებული იყო ამაში მთლიანად ვეთანხმებით მათ.
სამწუხაროდ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და შესაბამისად ჩვენ დედაქალაქის ბიუჯეტიც მწირია. სწორედ ამიტომაც, ცნობილი გამონათქვამის თანახმად - ჩვენ არ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ქალაქის განვითარების განმსაზღვრელი დოკუმენტი იყოს იაფი ანუ უხარისხო.
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე მერყეობს 5-8 დოლარის ფარგლებში და შესაბამისად თბილისის რეალური და სრულფასოვანი გენგეგმის შესაქმნელად სულ ცოტა 6-8 მილიონი დოლარია საჭირო. შესაბამისად დღეს განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის საპროექტო ღირებულება 2 800 000 ლარია და აქედან პროექტის ავტორების განცხადებით ნახევარი ანუ 1 400 000 ლარი (???) უცხოელი ესქპერტების მომსახურების ანაზღაურებაზე დაიხარჯა, ვერც ფინანსური პარამეტრების და ვერც მასზე დახარჯული ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით ვერ იქნება დოკუმენტი, რომელიც სჭირდება 21-ე საუკუნის ქალაქს.
ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის სწრაფი განვითარების ერთადერთი საწინდარი თანამედროვე ტექნოლოგიების და უახლოესი საერთაშორისო გამოცდილების სწორი გაზიარება და ცხოვრებაში დანერგვაა.
1) კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერება; 2) მონაცემთა ბაზები და დარგობრივი კვლევები; 3) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელები; 4) ტერიტორიული დაგეგმარება; 5) რუკების ერთიანი სტანდარტი; 6) სიტუაციური მოდელირება; 7) სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის თანხვედრა არსებულ სიტუაციასთან და პერსპექტივები; 8) განსახორციელებელი ღონისძიებების რანგირება, მათი განხორციელების ბიუჯეტი, ფინანსების მოზიდვის წყაროები და ეკონომიკური დასაბუთება; 9) ერთიანი სამშენებლო ნორმები; 10) საერთაშორისო ქარტიებთან შესაბამისობა 11) საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის რეკომენდაცია და ა.შ. ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, ეს გახლავთ იმ კომპონენტების მცირე ნაწილის ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს კომპონენტები არსად არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.
თბილისის მერიაში ჩატარებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად თბილისის არქიტექტურის სამსახურს ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა. რეორგანიზაციის ფარგლებში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება, რომლის ძირითადი მიმართულება ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება. სწორედ ამ სამსახურის პასუხისმგებლობა იქნება პროფესიულად სრულყოფილი მგგ-ს მიღება.
იმედი გვაქვს, რომ ამ სამსახურის მესვეურები თავს გაართმევენ ამ გამოწვევას და ამ დოკუმენტის მიღებით დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფის შეტევას მასმედიის და სხვა საშუალებებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მგგ-ს ამ ფორმით მიუღებლობაზე საზოგადოების დიდ ნაწილშიც მიღწეულია თანხმობა და თბილისი ელოდება მისი განვითარებისთვის აუცილებელ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გენერალურ გეგმას.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“
მასალის გამოყენების პირობები






