გენგეგმის პროექტის ავტორი კომპანიის მტკიცებით (მართალია, კვლევებისა და გათვლების გარეშე), მათ თბილისის განვითარების საუკეთესო სქემა შექმნეს. მეორე მხრივ, სავსებით შესაძლებელია, თბილისის ლას ვეგასად ქცევის გეგმაც დაიწეროს, თუმცა მისი განხორციელებისთვის არსებული ქალაქის სრულად დანგრევა, კერძო საკუთრების ფაქტის იგნორირება და უამრავი თანხის გაღება იქნება საჭირო, რის საშუალებაც არათუ თბილისის, ცენტრალურ ბიუჯეტსაც კი არ აქვს.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ გენგემის პროექტიც, დაახლოებით ასეთ ძვრებს ითვალისწინებს (აგული ერისთავის პათოსით: „მე ამისგან გავაკეთებ...“). გენგეგმის პროექტის ავტორებმა საკუთარი შეხედულებისამებრ მეტად თავისუფლად განკარგეს თბილისელთა კერძო საკუთრება და ბიზნესინტერესები. და, ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, გათვალისწინებულია კონკრეტული ბიზნესჯგუფების ინტერესები არა მხოლოდ უამრავი მოქალაქის კერძო საკუთრების, არამედ თვით სახელმწიფოსა და დედაქალაქის უსაფრთხოების ხარჯზე.
თავის მხრივ, ფრანგი ექსპერტი ერიკ ჰიუბრეხტიც შენიშნავს, რომ გენგეგმის პროექტი იმდენად ბევრ კერძო საკუთრებას ეხება (ანუ ხელყოფს), რომ კომპენსაციების გადახდას თბილისის მერიას ვერ აუვა, რასაც, მეორე მხრივ, ინვესტორების დაფრთხობის საფუძვლადაც მიიჩნევს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გენგეგმის პროექტი მოიცავს მხოლოდ სურვილებს და არ ეფუძნება კვლევებს („სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობს, რომ კვლევები შემდგომი ეტაპია და ის მერიამ უნდა განახორციელოს), არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ კერძო მესაკუთრეების კომპენსაციებისთვის ბიუჯეტიდან გადახდილი უზარმაზარი თანხა შედეგს მოიტანს და მისი ერთადერთი ეფექტი ქალაქის გაკოტრება, უკმაყოფილო მოსახლეობა, დაზარალებული ბიზნესი და დამფრთხალი ინვესტორები არ იქნებიან.
საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ იცავს კერძო საკუთრებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიას აქვს ორი გზა (თუ გენგეგმის არსებულ პროექტს დაამტკიცებს): ან გადაიხადოს უზარმაზარი თანხა კომპენსაციებისთვის, ან უბრალოდ წაართვას კერძო საკუთრება მოქალაქეებს. ორივე გზა ჩიხია და გაუგებარია, რატომ დააყენა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ თბილისის მერია, გენგემის პროექტით, ისეთი დილემის წინაშე, რომლის გადაწყვეტის გზა დედაქალაქის მესვეურებს, ფაქტობრივად, არ აქვთ და რატომ არ შეუსაბამეს თავიანთი ხედვა რეალობას ოპტიმალური გადაწყვეტილების მოძებნის მიზნით?!
როგორ იცავს საქართველოში კანონი კერძო საკუთრებას და არის თუ არა რეალური და გონივრული კერძო საკუთრების დარტყმის ქვეშ დაყენება? ამ კითხვით ექსპერტებსა და იურისტებს მივმართეთ.
დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): „უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში თბილისი დანაშაულებრივად განაშენიანდა და დღეს უკვე ურთულესი სიტუაციაა. ბუნებრივია, ქალაქის ხელმძღვანელობა უნდა ცდილობდეს, გამოასწოროს ყველა ის ხარვეზი, რაც არის, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ძალადობრივი და კერძო მესაკუთრეების შეზღუდვის გზით. ბოლოს და ბოლოს, ბისმარკის დროს საყოველთაოდ ცნობილი იურიდიული ფაქტია, რომ იმპერატორმაც კი ვერ ათქმევინა უარი საკუთარ მიწასა და წისქვილზე მეწისქვილეს, იმიტომ რომ ეს მისი კერძო საკუთრება იყო და არ უნდოდა მისი დათმობა.
რაც შეეხება საქართველოში კერძო საკუთრებისადმი დამოკიდებულებას: ამის ნათელი მაგალითია წინა ხელისუფლების საქციელი, როდესაც საკუთრების უფლებს დაცულობა არ არსებობდა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შესაძლოა, ზეწოლა მოხდეს კერძო საკუთრებაზე, თუკი გასაკეთებელია პროექტი ქალაქის საერთო მომხარებისთვის, ამას გაიგებს კერძო სექტორიც და ქალაქის ხელმძღვანელობაც გაიღებს ხარჯს, მაგრამ არ მგონია, სასტუმროებისა და მსგავსი რამეებისთვის ღირდეს საკუთარ მოქალაქეებზე ზეწოლა. თუ რამე საინტერესო პროექტი იქნება, დაე, კერძო ინვესტორი მოელაპარაკოს კერძო სუბიექტებს და მათ გადაწყვიტონ ეს საკითხი. საქალაქო ბიუჯეტიდან ასეთ რამეებზე ფულის ხარჯვა, თუ პროექტი არ არის უნივერსალური, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მაგალითად, თუ იუსტიციის სახლისმაგვარი პროექტია განსახორციელებელი, რაც ყველასთვის საჭიროა, მაშინ კერძო მესაკუთრეს უნდა გადაუხადო კომპენსაცია, რომ გული არ დასწყდეს და ქონების ღირებულების შეფასება რთული არ არის. ეს არ გამოიწვევს დიდ ზეწოლას, მაგრამ ამ ქალაქის რეკონსტრუქციის ჩატარება შეუძლებელია. ჩახედული ვარ ეკონომიკურ სფეროში და ამ ქალაქის გადაკეთება თანამედროვე ცივილიზებულ დასახლებად, როგორიცაა პარიზი თუ ბარსელონა, წარმოუდგენელია. ან ეს იმდენად ძვირი დაჯდება, რომ მისი ღირებულება ბევრად გადაამეტებს იმას, რისთვისაც ეს თანხა უნდა იქნას გაღებული. ეს დიდი პრობლემაა. მესმის ქალაქის ხელმძღვანელობის, ძალიან კარგია, თუ მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ, მაგრამ ბიუჯეტის იმედად ყოფნა გამოსავალი არ არის. კერძო ინვესტორს კი უფლება აქვს, მივიდეს და ადამიანებს მოელაპარაკოს და მიაღებინოს გადაწყვეტილება და მერია ამაში არ უნდა ჩაერიოსო, თუ, ვიმეორებ, არ არის ისეთი პროექტი, რაც აუცილებელია ყველა მოქალაქისთვის. ასეთ შემთხვევაში, გასაგებია, რომ ბიუჯეტმა თანხა უნდა გაიღოს.”
მამუკა არეშიძე (პოლიტოლოგი): „ეს ურთულესი საკითხია. მაგალითი მინდა მოვიტანო: ქალაქ ბაქოში, ცენტრში, არის ახალაშენებული უბანი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის არქიტექტურის სტილშია აგებული და იმ უბნის შუაში დგას ერთი ძველი, შეუხედავი სახლი, იმიტომ რომ გაითვლისწინეს კერძო ინტერესი. იმის თქმა მინდა, რომ რაღაცნაირად უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, კერძო საკუთრების და, მეორე მხრივ, ქალაქის ინტერესების დაცვა. ზოგჯერ მეც ვხედავ, რომ კერძო ინტერესების გამო ვერ ხდება რეაბილიტაცია. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ, ჩემი აზრით, ჰარმონია ამ ურთიერთობებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ასე ხდება ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ამის მაგალითია ავსტრიაც. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, იქ მაქსიმალურად ითვალისწინებენ ორივე მიდგომას: ავსტრიული კანონმდებლობა გულისხმობს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კერძო ინტერესების დათმობას, ოღონდ ისე, რომ არ შეილახოს კერძო მესაკუთრის უფლებები და მან თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს. ერთი სიტყვით, რთული სქემაა. ჩვენც გვაქვს კანონი, რომელიც იცავს კერძო მესაკუთრის უფლებებს, მაგრამ ჩვენთან ეს კანონი ან მუშაობს, ან არა; აუცილებელია, შეიქმნას მოლაპარაკებების სისტემა, რათა არსებობდეს ჰარმონიული გარემო. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება: ორივე მხარეს ეზარება ასეთი სივრცის შექმნა და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება. მე გავეცანი გენგეგმის პროექტს. პრეამბულაში ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ ფანტასტიკური დოკუმენტია, მაგრამ რეალურად, გამოდის, ისეთ რამეებს ეჯახები, რაც უხერხულობებს ქმნის. ამ გენგეგმის პროექტში ვხედავ იმასაც, რომ ვიღაცეების კერძო ინტერესებიცაა გათვალისწინებული; იმასაც, რომ ელემენტარულ გათვლებში არიან გაჭედილი, იმიტომ რომ შესაბამისი სპეციალისტები არ მოიზიდეს და იმასაც, რომ, ეტყობა, ვიღაც აჩქარებდა და დოკუმენტი ნაჩქარევადაა შექმნილი. რაც მთავარია: სიღრმე აკლია ამ პროექტს.“
დავით ებრალიძე (ყოფილი ენერგოომბუდსმენი, იურისტი): „თუ გენგეგმის პროექტი ცვლის ზონირების პრინციპს და ამიტომაც, თუ ადრე კერძო საკუთრების მიწაზე ზონირებით დაშვებული იყო სამშენებლო საქმიანობა და ახალი ზონიერბით ეს იზღუდება, მაშინ შეიძლება, კერძო მესაკუთრეებმა ჯერ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება და თუ ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს, დააყენონ ზიანის ანაზღაურების საკითხი. სამართალი ამის საშუალებას იძლევა და რამდენად მასშტაბური იქნება კომპენსაციების გაცემის პროცესი, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, თუ გენგეგმის პროექტი დამტკიცდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომ მესაკუთრეებმა დაიცვან თავიანთი ინტერესები, თუ ზონირების შეცვლა გააუარესებს მათ მდგომარეობას.
ზაქარია ქუცნაშვილი (პარალმენტის წევრი, იურისტი): „ქართული სამართალი უპირატესობას ანიჭებს საჯარო ინტერესს, მაგრამ ბალანსის არდარღვევის მიზნით აწესებს სამართლიანი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. ერთი მხრით, ის ამბობს, დიახაც, საჯარო ინტერესია გვირაბის, დამბის, ელექტროგადამცემი ხაზის აგება, ოღონდ ეს ინტერესი ბალანსდება მეორე მხარისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდით. ამასთან, ყოველთვის არ არის საზომი გასაცემი თანხის ოდენობა: იმიტომ რომ ქალაქის განვითარებისთვის საჭიროა უსაფრთხოების მომენტების დაცვა. ამდენად, როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, ეს პრიორიტეტული საკითხია. მაგალითად, ვერეს ხეობის აღდგენა, რაც უნდა დაჯდარიყო, უნდა გაკეთებულიყო. იმიტომ რომ მასზე გადის ქალაქის სატრანსპორტო და იქ მცხოვრებთა უსაფრთხოება. იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის ფული არ არის საზომი. გააჩნია, რა არის ინტერესის საგანი. უსაფრთხოებას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მატერიალურ ხარჯს. ოღონდ მე არ ვიცი, გენგემას აქვს თუ არა დაცული ეს პარამეტრები.“
ლევან ალაფიშვილი (იურისტი): „საკუთრების უფლების შესახებ ლაპარაკობს ჩვენი კონსტიტუციის 21-ე მუხლი და ამას გარდა, არსებობს ორგანული კანონი, რომელიც შეეხება საკუთრების ჩამორთმევას, ანუ ექსპროპრიაციას. ის შინაარსობრივად უფრო დატვირთულია და თავდაპირველი ვარიანტის მიღების შემდეგ, 1999 წელს, სწორედ დემოკრატიული სტანდარტების დანერგვის მიზნით შედიოდა მასში ცვლილებები და დღეს უკვე ეს კანონი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მასში განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, დაიწყოს ქონების ჩამორთმევის პროცედურა და თუკი თავდაპირველ ვერსიაში სასამართლოს ჩართულობა არ იყო კანონით განსაზღვრული, ახლა უკვე სასამართლოს ჩართულობა სავალდებულოა და, რაც მთავარია, ბოლო ცვლილებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა სტანდარტი და სავალდებულოა სახელმწიფოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმეული ქონების წინასწარი ანაზღაურება სამართლიანი კომპენსაციით. კანონში გათვალისწინებულია შემთხვევები, როდის ექვემდებარება კერძო საკუთრება ექსპრორპიაციას. თუკი, მაგალითად, გენგეგმის პროექტში ლაპარაკია, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ან უძრავ ქონებაზე უნდა გაიაროს მილსადენმა ან სხვა ტიპის ინფრასტრუქტურამ, ან მასზე უნდა განთავსდეს საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ექსპროპრიაციის პროცესის დაწყება. თუმცა, მაგალითად, სარეკრეაციო ზონის მოწყობის გამო ექსპრორპიაცია კანონის ამ მუხლში ვერ ჩაიდება და სასამართლო ამაზე ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მინიმუმ, ინიციატორს მოუწევს, დაასაბუთოს ეს საჭიროება. კანონში მკაფიოდ წერია, რომ ქონების ჩამორთმევისას აუცილებელია დასაბუთება და აქცენტი არ არის მხოლოდ კომპენსაციის წინასწარ გადახდაზე. ამდენად, ასე იოლიც არ არის იმის დასაბუთება, რომ ამ ქონების ჩამორთმევა არის ერთადერთი და ოპტიმალური საჭიროება.
ანა ლეჟავა
მასალის გამოყენების პირობები






