ასეთმა სითამამემ ძალიან გამაბრაზა, ვიფიქრე, მივცემ ხურდას და თავს დამანებებს-მეთქი, ხურდები მოვჩხრიკე, დაახლოებით, 50 თეთრი იქნებოდა, მივეცი, დახედეს, არ მოეწონათ. „ეს რა არის? მეტი მომეციო“ - მითხრა. კვლავ უაპელაციოდ მინდოდა გზის გაგრძელება, მაგრამ კიდევ არ გამიშვეს: „იცოდე, ფული მოგვეცი თორემ შეგაფურთხებთ!“ ბავშვები, დაახლოებით, 10-11 წლისანი იქნებოდნენ, ბიჭები. რა თქმა უნდა, უარესად გავბრაზდი - „არ გაბედოთ“-მეთქი. „გავბედავ, დროზე ფული მომეცი, თორემ შეგაფურთხებო“, - ისევ გაიმეორა და შევატყვე, პირის ღრუში ბიოლოგიური სითხე მოიმარაგა. არ ვიცოდი, რა მექნა, ფულის მიცემას არ ვაპირებდი იმიტომ კი არა, რომ არ მქონდა, უბრალოდ, პრინციპის ამბავი იყო და თან ვფიქრობდი, ავიტანდი თუ არა ამ თავხედი ბავშვის შემოფურთხებას.
ამ დროს ერთ-ერთი კორპუსიდან ავტომობილი დაიძრა. ეტყობა, ეს ბავშვები და მათი ქცევა ამ დასახლებაში ნაცნობი თემა იყო, ავტომობილი ჩვენს გვერდით გაჩერდა და მძღოლმა, დახმარება ხომ არ გჭირდებაო, ბავშვები გაიქცნენ, მეც გადავრჩი ფურთხს, თუმცა ნატკენი თავმოყვარეობა შემრჩა ხელში.
ამბავი2: საახალწლო დღეებში განათებული რუსთაველის გამზირი, მთავარი ნაძვის ხე და მოსწავლე-ახალგაზრდობის წინ მდებარე ე.წ. ხეივანი, სადაც სხვადასხვა „აქტივობა“ მიმდინარეობს... სამსახურიდან გამოსული თანამშრომლები მეტროსადგურ „თავისუფლების“ მიმართულებით მივდიოდით, ამ დროს ხეივნის ე.წ. ბორდიულზე მსხდომი ორი მცირეწლოვანი ბავშვი შევნიშნეთ, ერთი, დაახლოებით, 8 წლის იქნებოდა, მეორე - 5-6 წლის, პუტკუნა, ლოყებღაჟღაჟა, საყვარელი ბავშვები იყვნენ, წინ მუყაოს ნაგლეჯი ედოთ და მღეროდნენ.
ჩვენც გავჩერდით, ხურდები შევკრიბეთ, - უნდა მიგვეცა. ამ დროს ბავშვი მის უკან მდგარი სკამისკენ გაიქცა, სადაც ქალი იჯდა. ამასობაშ, ნასვამი მამაკაცი კი მოგვიახლოვდა და გვითხრა (ისიც რიგითი გამვლელი იყო და ბავშვებმა მისი ყურადღება მიიპყრეს): „აი, იქ რომ ქალი ზის, ის ამათხოვრებს ამ ბავშვებს!“ ჩვენც ყურადღება ამ ქალბატონზე გადავიტანეთ, შემდეგ ბავშვებს ვკითხეთ, ვინ იყო ის ქალი. ბავშვებმა ხმა არ ამოიღეს, ჩავეკითხეთ, დედაა თუ ნაცნობიო. ბავშვებმა არაფერი გვიპასუხეს. ყველაფერმა ამან ქალის აგრესია გამოიწვია, „რა გინდათ? არ შეიძლება, ნუ ელაპარაკებით ბავშვებს!“.
დავინტერესდით, თუ ბავშვებთან საუბარი არ შეიძლება, ის, რომ სიცივეში, ქუჩაში სხედან და შემწეობას ითხოვენ, შეიძლებოდა თ არა?
ამან ქალბატონის გაღიზიანება გამოიწვია, მას რამდენიმე სიტყვა ნასვამმა მამაკაცმაც უთხრა, ქალი უარესად გაბრალზდა, გინებითა და შეურაცხყოფით მოკიდა ბავშვებს ხელი და წავიდა. სანამ წავიდოდა, ნასვამ მამაკაცს ერთი-ორი უთავაზა, თან ყვიროდა „მაშინ თქვენ მომიტანეთ სოციალური!“
ამბავი 3: რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი სუფრასთან, ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად სიგარეტს ეწევა. ამ ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და საქმეში სოციალური სამსახურის ჩართვა მოითხოვა, რასაც მშობლების საკმაოდ რეაქცია მოჰყვა.
მცირეწლოვანი ბავშვის დედამ სოციალურ სამსახურსა და ჟურნალისტებს აუკრძალა მისი ოჯახის საკითხით დაინტერესება: „მე ჩემი შვილი ძალიან მიყვარს, მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ“.
მოგვიანებით, ბავშვის მშობლების facebook-პროფილების გადათვალიერებამ ნათელი მოჰფინა , რომ აღნიშნული პირები არა მხოლოდ სიგარეტს აწევინებენ, არამედ, ალკოჰოლსაც ასმევენ ბავშვებს და „არ იციან“, რომ ეს მცირეწლოვნების უფლებების შელახვა და მათი ჯანმრთელობის დაზიანებაა.
ამბავი 4: გასულ წელს, ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო - ქუთაისის ერთ-ერთ მარკეტში მცირეწლოვანი ბიჭუნა დედამ პროდუქტის შესაძენად გაგზავნა, ბიჭუნა წელსზევით შიშველია და საკმაოდ აგრესიულად ესაუბრება ერთ-ერთ კლიენტს, რომელიც ვიდეოს იღებს (სავარუდოდ, ბიჭის ნაცნობი). ბავშვი იყენებს ქუჩურ ტერმინებს.
ამბავი 5: კვლავ ახალი წლის დღეები და მეტრო. მეტროში ბავშვები შემწეობას რომ ითხოვენ, ეს სიახლე არაა, შემოდიან ვაგონში და ზოგი შობას გიორგობას გვილოცავს, ზოგი კი - გიორგობას შობას და 5-10 თეთრით დახმარებას გვთხოვენ. მოკლედ, მატარებელში პატარა გოგონა შემოვიდა, საახალწლო „აბადოკით“ და „ჩუსტებით“, მატარებლის დაძვრისთანავე წარმოსთქვა „მონოლოგი“ და დაიწყო ვაგონში მოძრაობა, ერთ-ერთ სავარძელზე წყვილი იჯდა, გოგოს ხელში შოკოლადი ეჭირა, სავარუდოდ, საჩუქრად მიჰქონდა. ბავშვმა ჩაუარა და, მომეცი ეგ შოკოლადიო. გოგომ უარი უთხრა, ბავშვმა ხელი მოუღერა, მომეცი, თორემ დაგარტყამო და აქ უკვე გოგონას თანმხლები ბიჭი წამოდგა ფეხზე, გამასწარიიო. ბავშვი არ შედრკა, თუმცა მოღერებული ხელი ჩამოწია, მაშინ ფული მომეციო, მხოლოდ მას შემდეგ დაანება მგზავრებს თავი, როცა ხურდა ჩაუჩხრიალეს.
„რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!“ - გაუქმებული სოციალური დახმარებები, მაგრამ ლამაზი საშობაო განათებები ქუჩებში. გამოწერილი პრემია-დანამატები მაღალჩინოსნებისთვის და გაძვირებული კომუნალური გადასახადები, ინფლაცია და პურზე ფასის მატება, - ჩვენი საქართველო აქ არის?! ჰოდა, ისევ აქტუალურია ილია:
„ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი - „რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!“
მასალის გამოყენების პირობები






