დედაქალაქის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს სახალო დამცველი ნინო ლომჯარია კომენტარს აკეთებს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უპირატესი. როგორც ლომჟარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი აპარატი საქმეს სწავლობს:
„ოთარ აბესაძის საქმეს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს, ჩვენ მიმართ ადვოკატების მხრიდან ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა. იყო ერთადერთი თხოვნა, რომ დავსწრებოდით სასამართლო პროცესებს და ჩვენ ვესწრებით.
ასევე, მოვინახულეთ ოთარ აბესაძე სამედიცინო დაწესებულებაშიც. ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ მასალებს თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ჩემი პოზიციაა, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენად პროპორციულია ამ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება. რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უპირატესი და ამ გარემოების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიების გამოყენება. ამ ეტაპზე, სხვა დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც ეს საუბარი სახალხო დამცველთან იყო კონფიდენციალური და არ ყოფილა დასტური, რომ გაგვესაჯაროებინა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






