ისე მოხდა, რომ გენგეგმის პროექტზე აღმატებით ხარისხში ლაპარაკობენ მისი შემქმნელები და არაფრით ეთანხმებიან ოპონენტებს, რომლებიც არგუმენტებულად იწუნებენ გენგეგმის პროექტს (მეტიც – შეუძლებლად მიიჩნევენ მის დამტკიცებას იმ ფორმით, რა ფორმითაცაა წარმოდგენილი). თუმცა თავად ავტორებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მათ მიერ შექმნილი დოკუმენტია თბილისის გადარჩენის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროგნოზით, დედაქალაქს ლამის ისეთივე ბედი ემუქრება, როგორიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ (ჯვარი გვწერია!).
საზოგადოებას გენგეგმის შემქმნელი კომპანიის მესვეურების მიერ საკუთარივე დოკუმენტის ქება-დიდების გადამოწმების საშუალება თითქმის არ აქვს: ჯერ ერთი, იმიტომ რომ გენეგმის პროექტი ათასზე მეტ გვერდს ითვლის (და თუმცა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დაევალა ძველი გენგეგმის განახლება, პროექტი თხრობით სტილშია გადაწყვეტილი და უცნობია, ძველი გენგეგმის რა ნაწილები შეიცვალა და როგორ და რა ჩაემატა ან დააკლდა; მეორეც – გენგეგმის პროექტის თანდართული რუკების წაკითხვა მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას. მათ შორის, გენგეგმის ჯგუფის მიერ დადგენილი მიწის ფასიც. ამის წაკითხვა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია და მათი რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია).
ამდენად, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ უხერულობითაც სარგებლობდეს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ (რომ დოკუმენტი ვერ გახდება ფართო მასების მსჯელობის საგანი) და გამუდმებით აქებს დოკუმენტს, რომლის მიღებაც დედაქალაქს ვერაფერს შეჰმატებს (ის განწირულია მკვდრადშობილობისთვის), მაგრამ, სამაგიეროდ, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მიიღებს თავის დარჩენილ 800 000 ლარს და, როგორც ჩანს, კომპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ამ თანხის მიღებაა.
რატომ? იმიტომ რომ თავად კომპანიის დირექტორის მამუკა სალუქვაძის ინტერვიუები იძლევა ნათელ წარმოდგენას იმაზე, რომ მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი არასრულყოფილი და წინააღმდეგობრივია და მაინცდამაინც, არც ღრმა განსჯისა და მუშაობის შედეგია.
მაგალითად, „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბ-ნი სალუქვაძე ამბობს შემდეგს: „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისს სჭირდება სატრანსპორტო მოდელირება და მასტერპლანი. თბილისის გენგეგმა სატრანსპორტო კვანძებს არ განიხილავს, არ განიხილავს¬ ქუჩებში მანქანების ნაკადების დათვლას და სხვ. ეს არის სხვა ეტაპის დამოუკიდებელი დოკუმენტი. გენგეგმა სტრატეგიული დოკუმენტია და ჩვენ სტრატეგიულად განვსაზღვრეთ მასში სატრანსპორტო მიმართულებაც.”
საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეც კი დასვამს ლოგიკურ კითხვას: როგორ უნდა განსაზღვრო სტრატეგიულად სატრანსპორტო მიმართულებები, თუ არ დაგითვლია სატრანსპორტო ნაკადები და არ განგიხილავს სატრანსპორტო კვანძები?! ინტუიციურად თუ მაინც ნათელხილვის ძალით?!
მამუკა სალუქვაძე იმავე ინტერვიუში აცხადებს, რომ „არც დეტალური ზონირებაა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფუნქცია.ეს არის ზოგადი ზონირების დოკუმენტი და კონკრეტიკა ჩნდება უკვე ქალაქგეგმარების შემდგომ დოკუმენტებში. “
იქვე კი ამატებს, რომ „მახინჯი შენობების მშენებლობის დარეგულირების ერთადერთი საშუალებაა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.”
თუ გენგეგმა არის ზოგადი ზონირების დოკუმენტი და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტიც შენიშნავს (რასაც www.fact2.ge-სთან ინტერვიუში მამუკა სალუქვაძეც ეთანხმება), რომ გენგეგმის პროექტის რუკა ისეთ მასშტაბშია შესრულებული, რომ მიწათსარგებლობის გეგმისთვის ვერ გამოდგება (ანუ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრები მისი საშუალებით ვერ დადგინდება), როგორ უნდა დაარეგულიროს გენგეგმამ მახინჯი მშენებლობები?! იქნებ ისინი იმ ადგილას აშენდება, რომლებიც მათ მიერ მომზადებული გენგეგმის რუკაზე არ ჩანს მასშტაბის გამო?!
გენგეგმის პროექტში გაკვრითაც კი არ არის ნახსენები მიწისქვეშა კომუნიკაცების პრობლემა – არადა დედაქალაქი რეალურად დგას ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე, იმიტომ რომ მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის ნაწილი, თქვენ წარმოიდგინეთ, ერეკლე მეორის მიერაა აშენებული, ხოლო ახალმეშენებლობები კი პირდაპირ უერდება თბილისის ძველ საკანალიზაციო სისტემას, რომელიც ცხადია, გაზრდილ დატვირვვას ვერ უძლებს. იმავე მდგომარეობაშია სანიაღვრე სისტემებიც და ამიტომაცაა, რომ თვით ჟუჟუნა წვიმაც კი ტბორავს დედაქალაქს.
გენგეგმა არც უსაფრთხოების სხვა საკითხებს ახსენებს (ტერორიზმისა და ოკუპაციის საფრთხეს ვინ ჩივის): ხანძრებისა და წყალდიდობების პრვენციაზე კრინტს არ ძრავს, ისევე, როგორც არც მეწყერსაშიშ ზონებზე. უფრო მეტიც, არც სახიფათო ნივთიერებების სამარხებია დატანილი გენგეგმის რუკებზე, როგორც ის ადგილები, სადაც დაუშვებელია ნებისმიერი აქტივობა.
გენგეგმის პროექტში არ არის განხილული თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის როლი და ფუნქცია, არც ტერორიზმისა და არც ოკუპაციის საფრთხეები (წამლადაც კი არ არის ნახსენები, მაგალითად, თავშესაფრების აუცილებლობა ან მეტროპოლიტენის სადგურებთან მისასვლელი არეალის გამოთავისუფლება).
თმცა მსგავს უამრავ ლაფსუსს შეიცავს გენგემის პროექტი, ყველაზე საინტერესო მაინც გენგეგმის ჯგუფის დამოკიდებულებაა კერძო საკუთრებისადმი. ყველაზე სიინტერესო, რადგან ქვეყანამ გაიარა პერიოდი, როდესაც ბიზნესმენები მასობრივად „ჩუქნიდნენ“ თავიანთ ქონებასა და ბიზნესს სახელმწიფოს, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურა ვერ აუდის ქონებრივი დავების საქმეებს, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, კერძო საკუთრების წართმევა 2004-2012 წლის პერიოიდის საქართველოს სავიზიტო ბარათი იყო.
მამუკა სალუქვაძე აც[ადებს, რომ მათ მიერ შედგენილი გენგემის პროექტი არის პირველი დოკუმენტი, რომელშიც საზოგადოებრივი ინტერესი წინა პლანზეა წამოწეული. კერძოდ, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობს: „მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი უდიდესი დარღვევაა, როცა კერძო საკუთრებას მივეცით მაქსიმალური უფლებები და საჯარო ინტერესები უკანა პლანზე გადავიტანეთ.”
ცხადია, იბადება კითხვა: როგორ იცავს გენგეგმის ჯგუფი საჯარო ინტერესს?
სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ: მაგალითად, გენგეგმის პროექტი ავითარებს თბილისის რკინიგზის გადატანის, ანუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის იდეას, მაშინ, როდესაც სწორედ საჯარო ინტერესია რკინიგიზის დატოვება იქ, სადაც არის. რადგან მისი გადატანა ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოს და მის ერთ-ერთ მთავარ – სადერეფნო ფუნქციას, რაც უსაფრთხოების მთავარი ღერძია.
სქემა მარტივია: რკინიგზის გადატანა, იმას გარდა, რომ დაუშვებელია სუფთა სატრანსპორტო კვანძის თვალსაზრისით: ვაგზალზე თავს იყრის მეტროპლიტენის ორი ხაზი და, საერთოდაც, ქალაქის ცენტრში რკინიგზის არსებობა არის დასავლური ქალაქების გამოცდილება) მატერიალურად იმდენად ასუსტებს რკინიგზას (რომელიც უკვე ჩართულია დიდი აბრეშუმის გზის პერსპექტიულ პროექტში), რომ სავსებით რეალურია მისი გაკოტრება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის ყიდვის აქტიური მსურველია რუსეთის ფედერაცია (იმისთვის, რომ პირდაპირი დერეფანი გაჭრას თავისი მოკავშირე სომხეთთან და იქიდან – ირანისკენ და, რაც მთავარია, გააკონტროლოს საქართველოს სადერეფნო ფუნქცია, რითაც ასეთი მომხიბვლელია საქართველო დასავლეთისთვის. მეტიც, საქართველოს რკინიგზაზე გამავალი დიდი აბრეშუმის გზის პროექტი არის რუსეთზე გამავალი ასეთივე პროექტის კონკურენტი). ასე რომ, გაუგებარია, რატომ მიაჩნია გენგეგმის ჯგუფს, რომ საჯარო ინტერესია სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების შელახვა და მათი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა?!
მეორე მხრივ, რკინიგზის გადატანის შემდეგ გამოთავისუფლებულ ზოლში გენგეგმის ჯგუფი პროექტში მერიას სთავაზობს სარეკრეაციო ზონის მოწყობას, ხოლო ტერიტორიის 10-25 პროცენტი განსაზღვრულია „და სხვა“ აქტივობებისთვის. უდიდესი ალბათობით, ეს „და სხვა“ ნიშნავს ახალმშენებლობებს (რასაც, ასევე, არ უარყოფს მამუკა სალუქვაძე www.fact2.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში). ანუ, რეალურად, სახელმწიფო სუსტდება დეველოპერებისთვის ადგილიმ გამოთავისუფლების მიზნით, რომლებისთვისაც ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთები ციდან მანანის ჩამოფრქვევის ტოლფასია.
აშკარაა, რომ, გენგემის პროექტით, სწორედ საჯარო ინტერესი ინაცვლებს უკანა პლანზე და რკინიგზის გადატანის მიზანია ახალი საცხოვრებელი უბნისთვის ნიადაგის მომზადება. ეს კი სწორედაც რომ კონკრეტული დეველოპერების კერძო ინტერესია, რომელთაც გენგეგმა ეხმარება.
იქმნება საინტერესო სურათი: საქართველოს რკინიგზამ, ესე იგი, სახელმწიფომ (რადგან რკინიგზის ზოლის გარკვეული ნაწილი გასხვისებულია), უნდა გადაუხადოს კომპენსაციები კერძო კომპანიებს (რომლებიც რკინიგზის ზოლში ოპერირებენ), ანუ გაიღოს გაუმართლებელი ხარჯი; ამის შემდეგ – რკინიგზა გადავიდეს (რაც, ასევე, ხარჯია) იმ მიზნით, რომ გამოთავისუფლებულ ადგილას კერძო სამშენებლო კომპანიებმა გააფართოონ თავიანთი ბიზნესი. აი, ეს სქემა, მამუკა სალუქვაძის ლოგიკით, არის საჯარო ინტერესის კერძო ინტერესზე წინ დაყენება.
დეველოპერებზე ეს უცნაური ზრუნვა, თანაც, სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, ბადრბს გონივრულ ეჭვს, რომ გენგეგმის ჯგუფს „საჯარო ინტერესი“ ესმის, როგორც მათთან დაახლოებული კერძო კომპანიების ინტერესის გატარება მათგან შორს მდგომი კერძო კომპანიების ხარჯზე.
მეორე, არანაკლებ კურიოზული შემთხვევაა გენეგმის მიერ ეგრეთ წოდებული ელიავას ბაზრობის პრობლემის გადაჭრა: მამუკა სალუქვაძის ჯგუფი თბილისის მერიას სთავაზობს ბაზრობის ორ ადგილას გადატანას: ერთ შემთხვევაში, თითქოსდა მერიის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მეპატრონემ აჩუქა თბილისს კონკრეტული წერილის საფუვძელზე და მეორე შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც სავსებით კონკრეტული ადამიანების კერძო საკუთრებაა.
რაც შეეხება წერილს, რომელიც გენგეგმაში მოტანილია, როგორც მერიისთვის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის ჩუქების საფუძველი, მისი შინაარსი გაყალბებულია, რადგან იმ წერილით ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მეპატრონე გენგეგმის ჯგუფს სთხოვს, რომ გაითვალისწინონ მისი ინტერესი გენგეგმის შექმნისას. როგორც ჩანს, „სიით ინსტიტუტმა საქართველომ“ გაითვალისწინა ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მეპატრონის სურვილი და ელიავას ბაზრობა, როგორც გამზადებული ბიზნესი ,აჩუქა. შესაბამისად, გამოდის, რომ, გენგეგმის პროექტის ლოგიკით, „საჯარო“ ინტერესია ერთი ჯგუფისთვის ბიზნესის წართმევა და მეორე, გენგეგმის პროექტის შემქმნელებთან დაახლოებული ბიზნესჯგუფისთვის მისი გადაცემა, რაშიც თბილისის მერიამ კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.
ეს ბიზნესის წართმევის იმდენად ინოვაციური ფორმაა, რომ თვით 2004-2012 წლებშიც კი არავის მოსვლია თავში.
აქვე შეგახსენებთ, რომ კანონი ექსპროპრიაციის შესახებ, რომელიც საჯარო ინტერესის გამო კერძო ინტერესის დათმობას არეგულირებს, 2013 წლის ბოლო ცვლილებით იმდენად დაიხვეწა და მიუახლოვდა დასავლურ სტარნდარტებს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ საბაზრო ღირებულების გადახდის შემთხვევაში აქვს უფლება, საჯარო ინტერესი განახორციელოს კერძო საკუთრების ხარჯზე (და ამ საჯარო ინტერესების ჩამონათვალი სამკაოდ მკაფიოდაა ჩამოყალიბებული კანონში). იმას აღარ შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, აშშ-ში კერძო საკუთრებაზე უნებართვოდ შეჭრილი პირის მოკვლის უფლებაც კი აქვს მესაკუთრეს, ანუ საკუთრების უფლება დასავლურ სამყაროში სიცოცხლის უფლებაზე მეტად ღირებულია.
აზიის განვითარების ბანკის ექსპერტიც შენიშნავს, რომ გენგეგმის პროექტი ძალიან ბევრ კერძო საკუთრებას ეხება და მერია ვერ შეძლებს გასაცემი კომპენსაციების ტვირთის აწევას.
თუმცა ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორს და ის იმეორებს, რომ, თუ გვინდა, ვიცხოვროთ ნორმალურ ქალაქში (და მერე რა, რომ გენგეგმის პროექტი საერთოდ არ ეფუძნება არანაირ კველვებსა და გათვლებს და მხოოოდ თეორიული მსჯელობაა?!), მათი გენგეგმა უნდა დაამტკიცოს მერიამ და გაკოტრდეს, რაც აჩენს მეორე ეჭვს, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ლოგიკით, „საჯარო“ ინტერესი სახელმწიფოს ფინანსურად დაზარალებაა.
მეტიც, გენგეგმის პროექტს არ ახლავს არანაირი ფინანსური გათვლა (თუმცა განხორციელებას გვპირდებიან 2030 წლამდე) და არც ქვეყნის ბიუჯეტია მზად ამ ტვირთის ასაწევად (არც კი ითვალისწინებს).
აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნი სალუქვაძე სახელმწიფოს სთავაზობს, გაიხსენოს წინამორბედის მეთოდები და ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე წაართვას მესაკუთრეებს თავიანთი ქონება?!
ჩვენ არ ვიცით, რატომ არ გაითვალისწინა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ რეალობა და არ მოარგო დედაქალაქსა და მის შესაძლებლობებს გენგეგმის პროექტი ,თუ მათი მიზანი გენგეგმის პრაქტიკული ამუშავება იყო და არა მხოლოდ 2,8 მილიონი ლარის მიღება და მათთან დაახლოებული ჯგუფების კერძო ინტერესების გატარება საჯარო და სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე.
მაგრამ ვიცით, რომ, თეორიულად, შესაძლებელია, შეიქმნას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში თბილისის ადგილას ახალი პარიზი ან ნიუ იორკი წამოიჭიმება, ოღონდ, თუ შესაძლებლობებს არ მოარგებ რეალობას და სწორედ ასეთია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, გამოდის, რომ მიზანი არა ქალაქის განვითარება, არამედ საკუთარი ვიწრო ინტერესების დაკმაყოფილებაა, მათ შორის, უხარისხოდ შემუშავებულ სამუშაოში სამ მილიონამდე თანხის მიღების სურვილიც.
მიხეილ ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






