რაკი გენგემის პროექტი რამდენი ათას გვერდზეა მოცემული, სავარაუდოდ, იმ იმედითაც აქებენ თავიანთ ნამუშვარს, რომ ცოტა ვინმე თუ წაიკითხავს მას, თუმცა ის მაინც წაიკითხეს ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა და ისეთი ლაფსუსებიც აღმოაჩინეს, რომლებიც არცთუ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს და სცილდება უნებლიე შეცდომებს.
ბევრ სხვასთან ერთად, გენგეგმის პროექტი აშკარა ტყუილსაც შეიცავს: კერძოდ, გენგემაში (როდესაც ის განკარგავს ე. წ. ელიავას ბაზრობის ქონებას) მოცემულია ბაზრობის გადატანის ერთ–ერთ ალტერნატიულ ადგილად ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, რომელიც, გენგემის მიხედვით, მის მფლობელს ბ-ნ წილოსანს მერიისთვის უჩუქებია 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილით. გენგრგმაში ვკითხულობთ, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელმა ბ-ნმა წილოსანმა ოფიციალურად მიმართა მერიას და დაუდასტურა, რომ დაინტერესებულია აღნიშნული არეალიდან გასვლაში, რის შედეგადაც, გენგემის ავტორების თქმით, გამოთავისუფლდა 72 ჰექტარი ტერიტორია.
რეალურად კი ზემოხსენებულ წერილში (რომლითაც, მართლაც მიმართა მერიას ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელმა) ვკითხულობთ: „როგორც ჩვენთვის ცნობილია, აქტიურ ფაზაში შევიდა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. გაცნობებთ, რომ ს/ს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საკუთრებაშია ნაძალადევის რაიონში განთავსებული ქარხანა, საერთო ფართით 202 047 კვადრატული კილომეტრი, თბილისის შემოვლითი სარკინიგზო პროექტის დასრულების შემთხვევაში ვგეგმავთ ქარხნის გადატანას სხვა ტერიტორიაზე, ხოლო გამოთავსუფლებულ ფართზე ვაპირებთ სხვადასხვა სამშენებლო პროექტის განხორციელებას, საცხოვრებელი სახლების, საოფისე ფართების, სავაჭრო ობიექტების და ასე შემდეგ მშენებობას. გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში.”
იმაზე აღარაფერს ვიტყვით, რომ ხსენებული ტერიტორია სადავოა (ყოფილი მფლობელი დავით კეზერაშვილსა და მის პარტნიორს ბიზენსის წართმევაში ედავება). რატომ ჩაწერეს გენგეგმის პროექტის ავტორებმა აშკარა ტყუილი ასეთ მნიშვნენლოვან დოკუმენტში და რა ჯგუფების ბიზნეს თუ პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით შექმნეს გენგეგმის პროექტი? ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელ არჩილ კაიკაციშვილს გავესაუბრეთ, მით უფრო, რომ ხსენებულმა ორგანიზაციამ შეისწავლა გენგეგმის პროექტი, დასკვნაც მოამზადა და რეკომენდაციებიც გასცა.
– სანამ იმ საკითხს განვიხილავდეთ, თუ რას ამბობს კანონი, როდესაც იმ დონის დოკუმენტი, როგორიც გენგეგმაა, გაყალბებულია, გავარკვიოთ, კანონით, აქვს თუ არა მერიას უფლება, უკან წაიღოს თავისი ჯარიმა? ვიცით, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მოითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
¬ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალიტეტსთვის წარუდგინეს დასამტკიცებლად, შეიცავს უამრავ ხარვეზს და არ აკმაყოფილებს კონკურსის იმ მოთხოვნებს, რომლებიც კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დაუსახა მერიამ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ როგორც დავით ნარმანიას, ასევე, კახი კალაძის ხელმძღვანელობის დროს შემსრულებელი ორგანიზაცია რამდენჯერმე დააჯარიმა დიდი თანხით.
– ნარმანიას დროს სამჯერ დააჯარიმეს 5600 და ერთხელ 140 000 ლარით.
– დიახ, და ყველა ის ჯარიმა არის საფუძვლიანი და თუ კი შემსრულებელი ორგანიზაცია გააგრძელებს დავას სასამართლოში, როგორც სამართლის ერთი სპეციალისტი, მივიჩნევ, რომ კომპანიის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვინაიდან კომპანიამ არათუ არაერთგზის დაარღვია საპროექტი წინადადების წარდგენის ვადები, არამედ დაარღვია ის პრინციპები, რასაც კონკურსი ითვალისწინებდა და გენგეგმის მომზადებისას შემოგვთავაზა თვითშემოქმედება. შესაბამისად, დიდია ინტერესი გენგეგმის მიმართ და ის ხმაურიც, რაც მან გამოიწვია, საფუძვლიანია და ჩვენ ველოდებით თბილისის მერიის საბოლოო პასუხს.
– ერიკ ჰიუბრეხტიც, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტიც აღნიშანვს, რომ დავალება სწორად იყო გაცემული მერიის მიერ და გენგემის ჯგუფი ასცდა მას. თუმცა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე ყველა შენიშვნაზე ამბობს, რომ გააკეთა ისე, როგორც ითხოვდა დავალება. რა გამოავლინა თქვენმა კვლევამ, თქვით, რომ გენგეგმის პროექტი ეწინააღმდეგება საპროექტო დავალებას.
– მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციის კვლევას გასულ წელს მამუკა სალუქვაძეც გაეცნო და მაღალი შეფასებაც მისცა. კვლევის მიდგომები და დასაბუთება მას არ გაუკრიტიკებია და დაგვეთანხმა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ის, თუ რამდენად ითვალისწინებდა გენგემის პროექტი კერძო და საჯარო ინტერესებს. მაგალითად, როდესაც დოკუმენტში ლაპარაკია სტრატეგიული ობიექტების გადატანაზე, მიგვაჩნია, რომ სათანადოდ არ არის დასაბუთებული. მათ შორის, თბილისის შემოვლითი რკინიგზის საკითხი, აგლაძის ქუჩაზე ვიწრო ყელის გაფაროება, რკინიგზის გადატანის შემდეგ დიდუბის მეტროდან ვაგზლამდე გამოცარიელებული ტერიტორიის ათვისება და სხვა. არადა მსგავსი საკითხები უნდა გადაწყდეს სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ კანონის სფვუძველზე, რომელიც სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო შემსრულებელი ორგანიზაციისთვის. ამ კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია კერძო და საჯარო ინტერესის პროპორციის დადგენა. როდესაც შემსრულებელი კომპანია ამბობს, რომ ესა თუ ის დავალება არ მიუციათ მისთვის, ჩვენ მათ შევახსენებთ, რომ ტენდერი დაეყრდნო კანონს სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ, რასაც ისინი ვერ უარყოფენ, რაც ნიშნავს, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის პროპორცია. გენგეგმის პროექტში არ გვხვდება ზემოჩამოთვლილი საკითხების ლოგიკური ანალიზი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები, უდავოდ, წარმოადგენს საჯარო ინტერესის სფეროს: იქნება ეს ეგრეთ წოდებული ელიავას ბაზრობის, დიდუბის ავტოსადგომისა თუ რკინიგზის გადატანის საკითხი. ასევე, დოკუმენტი არაფერს ამბობს სახელმწიფოს ხედვაზე, თუ რამდენად სწორადაა დანახული რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩის ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გადატანის შემდეგ გამოთავისუფლებული ტერიტორიის ათვისება. ჩვენი აზრით, ამ საკითხებთან მიმართებაში არ ჩანს, რომ დაცულია საჯარო ინტერესი. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ კანონი პირდაპირ ამბობს, იქ, სადაც საჯარო ინტერესია, კერძო ინტერესი პრიორიტეტული არ არის. წარმოდგენილ დოკუმენტში კი პირიქითაა: კერძო ინტერესებია პრიორიტეტული, ვიდრე საჯარო.
– თუმცა მამუკა სალუქვაძე ამბობს პირიქით: კერძო ინტერსებზე წინ დგას საზოგადოებრივი ინტერესი და ამიტომ უნდა განხორციელდეს ის, რასაც გენგეგმის პროექტი სთავაზობს დედაქალაქს, მათ შორის, შემოვლითი რკინიგზისაცო.
– ის პირიქით იტყვის, იმიტომ რომ ჩვენ გავფიშრეთ ეს თემა. მაგალითად, ამ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტში, მიწათსარგებლობის გენგეგმაში, რომელსაც თავის დროზე მე ვუწოდე კარგი სტატისტიკური დოკუმენტი, რატომღაც, გამორჩენილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ის, თუ რამდენად შეუწყობს ხელს კრინიგზის გადატანა საქართველოს დედაქალაქის ფუნქციურ განვითარებას, რკინიგზის საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ფუნქციიდან გამომდინარე. რატომ არ არის დასაბუთებული პროექტში, არის თუ არა მიზანაშეწონილი ამის გაკეთება?! რატომ არ ჩანს ამ დარგის სპეციალისტების მოსაზრებები?! მხოლოდ გვხვდება ტერმინი „გადატანა“ და არაფერია ნათქვამი შედეგზე.
– სულ რაღაც, ერთი გვერდი და რამდენიმე ხაზი ეთმობა რკინიგზის გადატანის თემას პროექტში, სადაც ზოგადი ტექსტია.
– ასევე, გენგეგმა ვერ ამბობს, რატომ უნდა გამოთავისუფლდეს ადგილი დიდუბიდან ვაგზლამდე რკინიგზის გადატანის შემთხვევაში და რა უნდა იყოს იმ გამოთავისუფლებული ადგილის საპირწონე: რეკრეაცია თუ სხვა რამ?!
რაც შეეხება ელიავას ბაზრობას: ეს საკითხი იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე დოკუმენტის ერთი რომელიმე ჩანაწერით ჩანს, რადგანაც მოგვწონს თუ არა, ელიავას ბაზრობა ამ გაღატაკებულ ქალაქში არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი თავისი სტაბილური 10 000 -12 000 ყოველდღიურად დასაქმებული ადამიანით. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ რეალობის საპირწონე ალტერნატიულ ფაქტორებს, იმას გარდა, რომ იქ უნდა გაშენდეს რეკრეაციული ზონა. საერთაშორისო კვლევებით, თბილისი ყველაზე დაბინძურებლი ქალაქია, ამიტომ ჩვენ სისტემურად და სტრუქტურულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ერთი რეკრეაციული ზონა ელიავას ბაზრობის ადგილას გამოასწორებს პრობლემას?! რეკრეაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული. თან, როდესაც ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ გეოლოგებისა და ურბანისტების პოზიცია, რომელთა მტკიცებით, ნიადაგის თავისებურებიდან გამომდინარე, იქ ვერ მწვანე ნარგაობები ვერ იხარებს, მარტივად რომ ვთქვათ. და შესაძლებელია, რეკრეაციის სახელით ის სიმახინჯე შეგვრჩეს ხელში, რასაც კახი კალაძე თბილისის მერიის მაღალი შენობიდან ყოველდღე შესცქერის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. სად არის გარანტია, რომ რეკრეაცია არ არის ფარსი და იქაც მრავალსართულიანი შენობები არ წამოიმართოს?!
ჩემთვის, როგორც ერთი პირისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს კანონი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო და კერძო ინტერესი. მიგვაჩნია, რომ გენგეგმის პროექტი გამოხატავს კერძო ინტერესებს და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვის ინტერესებს გამოხატავს როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველო“, ასევე, მათ მიერ შექმნილი დოკუმენტი.
– თქვენი ვარაუდით, ვისი კერძო ინტერესებია გათთალისწინებული „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენგეგმის პროექტში?
– ამ პროცესმა აჩვენა ძალიან საინტერესო რამ, რომ როგორც ბატონი წილოსანი, ისე სხვა გავლენიანი ფიზიკური თუ იურიდიული პირები, თურმე, დაინტერესებულები ყოფილან მთელი ამ პროცესით და, საბოლოოდ, თუმცა მამუკა სალუქვაძე აცხადებდა, რომ გენგეგმა იქნებოდა საზოგადოების თანხმობის დოკუმენტი, აღმოჩნდა, რომ ეს არის გავლენიანი პირების თანხმობის დოკუმენტი. უფრო მეტიც, იმ ჯგუფებს შორის თანხობის დოკუმენტიც ვერ აღმოჩნდა და ამ დოკუმენტს არა მხოლოდ საზოგადოებასთან უთანხმოების დოკუმენტი უნდა ეწოდოს, არამედ იმ ბიზნესინტერესების მქონე ჯგუფებს შორის უთანხმოების დოკუმენტიც. ამდენად, საკითხი დგას შემდეგნაირად: რას მოიმოქმედებს თბილისის ახლანდელი მერი?! ჩემი აზრით, აქამდე მან აბსოლუტურად მართებული და ზუსტი გადაწყვეტილებები მიიღო. არ მგონია, ბატონი კალაძე იყოს ის მერი და შესაბამისად, ის პოლიტიკოსი, რომელიც რომელიმე ინტერესს გაითვალისწინებს, იქნება ეს სამთავრობო თუ ბიზნესინტერესი. მან ყველზე კარგად იცის, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენგემის პროექტი არის შელახული და გამოხატავს გარკვეული ბიზნესჯგუფებისა და გავლენიანი პირების ინტერესებს და კახი კალაძემ, როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ, არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და არ უნდა მიიღოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეს პროექტი. ეს საკითხი არა სამართლებრივი, არამედ უფრო პოლიტიკურია. თმცა სამართლებრივად, თბილისის მერიას აქვს ბერკეტი, რომ უარი თქვას მიწათსარგებლობის გენგეგმის საპროექტო წინადადებაზე. აქვე მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც არის ჩვენს კვლევაშიც, რის გამოც ავტეხეთ განგაში, მაგრამ მედიამ, რატომღაც, სხვა აქცენტები გააკეთა. თუკი თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტს არ მიიღებს თბილისის მერია, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 800 000 ლარი აქვ კიდევ მისაღები „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, იმ 800 000 ლარს კომპანია ვერ მიიღებს, მაგრამ ორი მილიონი ხომ უკვე მიიღო?! ანუ ხალხის ფული დაიხარჯა უხარისხო დოკუმენტში. მაგრამ რას მოხმარდა ის, მხოლოდ გენგეგმის ჯგუფის ხელფასებს?! მაშინ ეს საკითხი უნდა შემოწმდეს აუდიტორულად და გაირკვეს სინამდვილე; მეორე – ვინ გადაიხდის ბოლო ჯარიმებს, რომლებიც 150 000 ლარამდეა?! დაჯარიმებული კომპანია რეალურად არ არის კომპანია, ის არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება, რომ მოეგო 2,8-მილიონიანი ტენდერი, იმიტომ რომ კონკურსის გამოცხადებამდე ორმოცდაერთი დღით ადრე შეიქმნა. შესაბამისად, ვინ უნდა გადაუხადოს 200 000 ლარი სახელმწიფოს ჯარიმის სახით, თუკი დაჯარიმებული კომპანიის ხელმძღვანელი პირები მიმართავენ საჯარო რეესტრს და ამ ორგანიზაციას ლიკვიდაციას გაუკეთებენ?! იმიტომ რომ მან თავისი მისია შეასრულა, მოამზადა პროექტი, განიცადა ფიასკო, მასთან, როგორც სახელშელახულ ბრენდთან სახელმწიფო არასდროს დაიწყებს მომავალში ურთიერთობას და შესაბამისად, ისინი გააუქმებენ ორგანიზაციას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გადადის ხელმძღვანელობაზე. ამდენად, გაუგებარია, რა თამაშის თვითმხილველი გახდა თბილისი, რომელიც 2015 წელს დაიწყო?!
ვთქვათ, თბილისის მერიამ ამ ფორმით მიიღო გენგეგმის პროექტი, ჩვენ დავუსვით მთავარი კითხვა ფინანსთა სამინისტროს: მოგვაწოდეთ ხარჯთაღრიცხვა, გეგმა, სტრატეგია, როგორც ხედავთ ამ გეგმის განხორციელებას. ასეთი სტრატეგია და ფინანსური გათვლა არ არსებობს. ასევე, ჩვენ დავუსვით კითხვა: საქართველოს ბიუჯეტი შეძლებს, უზრუნველყოს მისი განხორციელება? და ფინანსთა სამინისტროსგან მივიღეთ პასუხი, რომ გენგეგმის პროექტის განხორციელება არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში, მაშინ ვინ უნდა აღასრულოს ეს გენგეგმა?! ესე იგი, კვლავ მკვდრადშობილი დოკუმენტი მივიღეთ?! თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ამ პროექტის განხორციელებას სჭირდება ტრილიონები. ამიტომაც „კრება დარჩა მხაირული“ და 2,8 მილიონი ლარი გადანაწილდა ორგანიზაციაზე, რომლის წინ თუ უკან დგანან კონკრეტული ბიზნესინტერესები და გავლენიანი პირები. ამ დოკუმენტის მიზანი იყო, ქალაქში მნიშვნელოვანი ტერიტორიების შესახებ მომზადებულიყო საზოგადოებრივი აზრი და სამართლებრივი საფუძვლები და შემდგომ განხორციელებულიყო გარკვეული ჯგუფების ბიზნესინტერესები. როგორც ჩანს, კახი კალაძე ამას ძალიან კარგად ხვდება და მისი უარი არის პოლიტიკური უარი. კახი კალაძეს სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ჩვენი ჯიბიდან გადახდილი არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ისეთ დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომლებიც არ ემსახურებიან არც საჯარო და არც კერძო ინტერესებს.
–გენგეგმაში არის ბევრი უზუსტობა, ასევე, კერძო ბიზნესების განკარგვისა და გადანაწილების მცდელობა და, არც მთავარია, აშკარა ტყუილი. რას ამბობს კანონი ამაზე? შეიძლება, ამ დონის დოკუმენტში ეწეროს ტყუილი, როგორც ფაქტი?
–კანონით, მათ შორის, იმ სასამრთლო პრაქტიკით, რომელიც ქონებრივ დავებს განიხილავს და წყვეტს, ამის არანაირი კანონისმიერი უფლება არ აქვს არც ერთ მხარეს. საკუთრების უფლება და ბიზნესინტერესი არის დაცული, რადგან სასამართლოს ძალიან მკაცრი და ცალსახა პოზიცია აქვს საკუთრებითი უფლების დავებისადმი. ხოლო იმ ადამიანებს კი, რომლებიც გავლენის გამოყენებითა და მაქინაციებით ცდილობენ სხვების ბიზნესინტერესების შეზღუვასა და საკუთრების უფლების ხელყოფას, შევახსენებ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა მეტისმეტად გადატვირთულია ამ ტიპის საქმეებით და არ იქნება სასურველი, რომ ახალი საქმეები დაემატოს. დღეს აღარ არის ის დრო, როდესაც გაუგებრობაში ვცხოვრობდით. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, სად ვისი ინტერესებია. კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ორგანიზაცია იქნება ერთ-ერთი, რომელიც ამ პროცესს უწევს და მომავალშიც გაუწევს მონიტორინგს.
– თვითონ გენგეგმის ჯგუფის პასუხისმგებლობა როგორია, როდესაც ვითომ ბიზნესმენმა წილოსანმა აჩუქა თავისი მიწა მერიას და ამ დროს, არაფერი უჩუქებია, პირიქით, ითხოვს მისი ინტერესის გათვალისწინებას გენგეგმის პროექტში?
– ეს არის ამ წერილის ინტერპრეტაცია.
– ინტერპრეტაცია როგორაა? როდესაც შინაარსი დამახინჯებულია საპირისპიროდ?
– მესმის. უპირველესად, იკვეთება გენგეგმის ჯგუფის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მათ ინტერპრეტაცია გაუკეთეს მოცემულ წერილს. თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, უპირტესობა მიენიჭება რეალურ წერილს და გენგეგმის ჯგუფი ჯერ განმარტების დონეზე აგებს პასუხს, თუ რატომ მისცეს თავიანთ თავს ამის უფლება. შემდგომ კი, თუ ეს საკითხი სადავო გახდა, გენგეგმის ჯგუფი აღმოჩნდება უხერხულობაში და გამოიკვეთება, რომ ისინი კონკრეტული ბიზნესჯგუფის ინტერესებს ლობირებდნენ ამ საკითხში. თუ დამკვეთი, ანუ თბილისის მერია დააყენებს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხს, ბუნებრივია, ის გადაწყდება იმისდა მიხედვით, ეს არაკეთილსინდისიერი ქმედებაა თუ დანაშაული. მე არ შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის დანაშაული და თაღლითური ქმედება, თუმცა აშკარაა, რომ, უპირველესად, ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება დოკუმენტისა და ფაქტის მიმართ.
ანა ლეჟავა
მასალის გამოყენების პირობები






