– როდიდან მიხვდნენ სახელმწიფოები, ადამიანები, ზოგადად, რომ აღრიცხვა, ანუ სტატისტიკა და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და მომავლის დაგეგმვა იყო აუცილებელი?
– ბანალური საკითხია თითქოს, მაგრამ მისი გააზრების გარეშე შეუძლებელია პროგრესსა და წარმატებაზე საუბარი, იქნება ეს სახელმწიფო თუ უფრო პატარა უჯრედი. ადამიანი მოაზროვნე არსებაა და სანამ ნაბიჯს გადადგამს, წინასწარ გონებაში განსჯის ლოგიკურად, ძალისხმევის აუცილებლობას, დროს, რესურსის სიდიდესა და მისაღებ შედეგს და ამის მიხედვით მოქმედებს. თუ შედეგი გაცილებით მეტია, ვიდრე ძალისხმევა, რომელიც ამ შედეგის მიღწევას სჭირდება, მაშინ მისი ძალისხმევა გამართლებულია. ეს ზოგადი პრინციპია და მოქმედებს არა მხოლოდ ეკონომიკაში. ერთ-ერთი კომპონენტი, ის ბალავარი, რომელზეც წარმატებული შენობა უნდა აშენდეს, არის რაც შეიძლება სრული ინფორმაცია. თუმცა ინფორმაციის ფლობა აპრიორი არ არის წარმატების პირობა, რადგან არის მეორე კომპონენტი, ლოგიკური გააზრება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს აღნიშნულ სფეროში კომპეტენტურობასა და პრაგმატიზმს, მაგრამ ინფორმაციის გარეშე, რაც უნდა ნიჭიერი და თვითდაჯერებული იყოს პირი, წარმატება შეუძლებელია. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება გაცილებით მეტს მოიგებდა, თუ ექნებოდა უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება ინფორმაციისადმი. სხვათა შორის, აშშ-ში ყოველწლიურად აქვეყნებენ ინფორმაციას ყველაზე პრესტიჟული სპეციალობების შესახებ და სტატისტიკას მეოთხე ადგილი უჭირავს. ესე იგი, ინფორმაციულობა ქვეყნის წარმატებას განსაზღვრავს მათთვის და ვფიქრობ, ასეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს ჩვენთანაც, რაც, სამწუხაროდ, ნაკლებად შეინიშნება. ხატოვანი გამონათქვამია, ვინც ფლობს ინფორმაციას, ის განაგებს მსოფლიოს, ჩვენთან კი ამ მიმართულებით არ აქტიურობენ.
–ერთია ინფორმაციის ფლობა და მეორე – ამ ინფორმაციის გამოყენება. გენგეგმის პროექტში მოტანილია საქსტატის მონაცემები, მათ შორის, მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, მაგრამ ეს არ არის გათვალისწინებული, იმ მხრივ, მაგალითად, რომ 2030 წლისთვის, სადამდეცაა გათვლილი პროექტი, როგორ შეიძლება, შეიცვალოს დემოგრაფიული სურათი და ეთნიკური შემადგენლობა დედაქალაქში და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობაზე მოსარგებად. ასევე, პროექტს არ ახლავს არანაირი ფინანსური გათვლა.
– თქვენმა ნათქვამმა გამახსენა ქართული ანდაზა, კარგ მთქმელს კარგი გამოგონე უნდაო. ინფორმაცია თავისთავად არ იქნება შედეგიანი, თუ მას გონიერი წამკითხველი არ ეყოლა. ჩვენი დღევანდელი აქილევსის ქუსლია ის, რომ თითქმის არ გვყავს მეორე თაობის მენეჯერები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში მუშაობენ. ინგლისელებს აქვთ სახალისო გამონათქვამი: ნამდვილი ჯენტლმენის აღზრდას სამი თაობა სჭირდებაო. ჩვენთან კი საბაზრო ეკონომიკის პრაქტიკული გამოცდილება ბოლო 25 წელიწალს ითვლის. ამიტომ უჭირთ ხელისუფლებაში მოსულ პირებს თანამედროვე კატეგორიებითა და მიდგომებით მოქმედება. სკამი აკუმულატორი ხომ არ არის, რომ დაჯდე და დაიტენოს გონება?! ეს მოდის პრაქტიკული გამოცდილებით და ამ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ უნდა ინიშნებოდეს თანამდებობაზე პირი, ჩვენთან კი პირიქით ხდება: ადამიანები განათლების სფეროს კურირებდნენ, რეფორმების გატარებას აპირებდნენ და თანამდებობის დატოვების შემდეგ საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას და განათლების მისაღებად მიდიან უცხოეთში. იმისათვის, რომ ინფორმაციას კარგი წამკითხველი ჰყავდეს, საჭიროა პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ასევე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია ფინანსური დამოუკიდებლობა. თბილისის წილი ბიზნესსექტოში 70-პროცენტზე მეტია, მთლიან შიგა პროდუქტში – თითქმის ორი მესამედი, მაგრამ თბილისში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადახდილი თითოეული 16 ლარიდან მხოლოდ ერთი ლარი რჩება თბილისის ბიუჯეტში. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს სხვა რეგიონებში და ასეთ პირობებში რამე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, განვითარება, სივრცითი მოწყობის ან სხვა მხრივ, საკმაოდ საეჭვოა.
– გენგეგმას ამტკიცებს თბილისის საკრებულო და ის უნდა განახორციელოს მერიამ. საამისო ბიუჯეტი თბილისს არ აქვს და იბადება რიტორიკული კითხვა: რა საჭიროა გეგმა, რომელსაც ვერ განახორციელებს თვითმართველი ქალაქი თბილისი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე?
– ჩვენ საქორწინო გენერლების რანგში არ გვინდა საკრებულო, ჩვენ გვინდა, რომ მას ჰქონდეს ძალა და ზემოქმედების ბერკეტები. დამოუკიდებლობა ეფუძნება ფინანსურ დამოუკიდებლობას. დღეს ლაპარაკია თბილისის ბიუჯეტის 60 მილიონი ლარით გაზრდაზე და ის მიაღწევს 900 მილიონს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 12 მილიარდია. ეს თანხაც მიანიშნებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის როლი და გავლენა მოკრძალებულია.
– გენეგმის პროექტის ავტორი კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობს, რომ მათ ჩაატარეს კვლევები, მაგრამ, მაგალითად, შეკითხვის, ჩაატარეს თუ არა სატრანსპორტო კვლევა, პასუხად აცხადებს, რომ ასეთი კვლვის ჩატარება შეუძლებელია გენგეგმისთვის გამოყოფილი თანხით. არადა, მათ მიერ შემოთავაზებული სატრანსპორტო სქემები ითვალისწინებს ახალი იდების, ახალი მაგისტრალის მშენებლობას და რკინიგზის გადატანას. შესაძლებელია, ფუნდამენტური კვლევების გარეშე იმ ტიპის რეკომენდაციის გაცემა, რომ ეს აქტივობები განმუხტავს და გაამატივებს მოძრაობას დედაქალაქში?
– ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებაც კი, თუ რამდენი კერძო ტაქსი მოძრაობს თბილისში, რაიკ სატრანსპორტო ნაკადებზე ვსაუბრობთ. არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენია ჩვენი მოსახლეობა. მიუხედავადა აღწერისა, საქსტატის ხელმძღვნელმა თქვა, მოსახლეობის 97-პროცენტამდე აღვწერეთო. მე ამას კურიოზად მივიჩნევ. საიდან დაადგინა, რომ 97 პროცენტი აღწერა და არა – 95?! არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ სად გადის დედაქალაქის დე-ფაქტო საზღვრები; არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორიც საქართველოს დედაქალაქის ეთნიკური და რასობრივი შემადგენლობა. თბილისი უკვე მულტირასობრივი ქალაქიც გახდა. იმ ადამიანებს აქვთ ქცევის თავიანთი კულტურა. შესაბამისად, თავიანთი მოთხოვნილებები, რომლებიც მოდის წინააღმდეგობაში. მულტირასობრივი ელემენტის გაჩენა მოითხოვს ამის გათვალისწინებას და ჩვენ სირაქლემასავით თავს ვერ ჩავგდავთ სილაში. სანამ ის ადამიანები იქნებიან საქართველოში, შეეცდებიან თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას კანონიერი თუ არაკანონიერი გზებით. ხელისუფლებამ ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოს და გარკვეულწილად გენგემაშიც აისახოს, თუ რა შეიძლება, შევთავაზოთ მათ.
– თქვით, რომ მოსახლეობის სივრცითი განფენის რეალური საზღვრებიც კი არ ვიცით, თუმცა ამავე გენგეგმის პროექტის დგინდება ახალი ზონალობები. ამ პირობებში ეს შესაძლებელია? როდესაც არ იცი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა, არ გაქვს ინვესტიციების პროგნოზი, მიგრაციის მონაცემები და სხვა?
– ნორმალურ, ანუ განვითარებულ ქვეყნებში უძრავი ქონების ელემენტებით დაფარული ფართობი არ უნდა აღემატებოდეს სივრცის 25 პროცენტს. ჩვენთან კი ხშირად ეს არის 105-110 პროცენტი, როდესაც ტროტუარებზე გადმოდის შენობები 2-3- მეტრით. იქ ხომ სპორტული მოედნისა თუ სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად ფართის გამოყოფაზე ლაპარაკი შეუძლებელია?! მით უმეტეს, რომ საქართველოს დედაქალაქს აქვს საშუალება, განვითარდეს ისე, რომ რამდენიმე ავტონომიური რეჟიმის მქონე ცენტრი შეიქმნას. დღეს თბილისში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს 7-8 ავტონომიური ტერიტორიული ერთეული, რომლებსაც ექნებათ თავიანთი მიკრორაიონული ცენტრები, სადაც ყველანაირი საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურების მიღება იქნება ხელმისაწვდომი.
– მაგრამ ამას ხომ დათვლა უნდა: სად, რატომ და როგორ?
– ამის გარეშე არაფერი გამოვა. დათვლა, გააზრება და პერსპექტივაზე ორიენტირება, თუ რა დაჯდება ამის განხორციელება. იყო ასეთი ლოზუნგი: მილიონი ხის დარგვა. თავისთავად ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ხე მილიონია, 700 ათასი თუ მილიონ-ნახევარი, არამედ ის, თუ სად დარგავ.
– აქვე ვიტყვი ბარემ: კითხვის, შეისწავლა თუ არა გენგეგმის პროექტის ჯგუფმა ეკოლოგიური ვითარება თბილისში, რომ ამის მიხედვით დაგეგმილიყო რეკრაციული ზონების მრწყობა, პასუხი იყო უარყოფითი. სადაც იყო საშუალება, იქ დავგეგმეთო.
– დიახ, ამას ვამბობ სწორედ. უნდა ჩანდეს თბილისში, საშუალოდ და მისი რაიონების მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე მწვანე ნარგვავების რაოდენობა. აი, ეს არის გეგმა და არა ის, რომ დავრგავ მილიონ ან მეტ ან ნაკლებ ხეს.
– არც საქართველოში და არც თბილისში საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ ჩატარებულა მწვანე ნარგაობების ინვენტარიზაცია: ჩვენ არ ვიცით, რამდენი და რა ჯიშის მწვანე ნარგავებია დედაქალაქში.
– აი, მეორე მაგალითიც: როდესაც ლაპარაკია, რომ ამდენი და ამდენი სკოლამდელი დაწესებულება აშენდა, ჩვენ სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა კი არ გვაინტერესებს, არამედ ის, თუ რა დონეზე აკმაყოფილებს მოსახლეობას არსებული სკოლამდელი დაწესებულებები. აი, ეს უნდა იყოს წინა პლანზე. ამას გარდა, ახალი საწარმოების გახნის სტატისტიკით კი არ უნდა ვიწონებდეთ თავს, არამედ იმას უნდა ვუყურებდეთ, როგორ ამცირებს ეს პროცესი უმუშევრობას. კურიოზს გეტყვით: ერთი წლის განმავლობაში საქართელოში, დაახლოებით, 50 000-მდე ახალი საწარმო იხსნება, ესე იგი, იურიდიული პირის მქონე ბიზნესერთეული, რომ ჩავთვალოთ, რომ თითოეულში 4-5 კაცი მაინცაა დასაქმებული, საქართველოში უმუშევრობა აღარ უნდა იყოს. იმიტომ რომ ოფიციალურად გვყავს 250 000 უმუშევარი. არადა, მართალია, საქართველოდან მიგრაციული ნაკადი შემცირდა, მაგრამ ისევ უარყოფითი მიგრაციული სალდო გვაქვს. რეალურად, ეს რას ნიშნავს? რომ ერთი საწარმო იხურება და მეორე იხსნება. ერთგვარი მანიპულაციები ხდება. რათა არ გადაიხადონ დამატებული ღირებულების გადასახადი, როდესაც ბრუნვა 100 000-ს აჭარბებს, ხურავენ და ახალს ხსნიან. ანუ, პირობითად, „სამგორი- 2017“ ხდება „სამგორი-2018“ და ხელახლა ირთვება მრიცხველი. იმის თქმა მინდა, რომ ასეთ პირობებში სტატისტიკასაც გამოყენება უნდა. ჯერ ერთი, რაც გვაქვს, ძალიან ცოტა და, მეორე, ამასაც არ ვიყენებთ შედეგის მისაღწევად.
– „სიით ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ამბობს, რომ კვლვების ჩატარება, რათა მათი რეკომენდაციები დაფუძნებოდა რეალობას, ჯდება ძვირი და გენგეგმის ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდებოდა. არის ეს არგუმენტი?
– შევახსენებდი ამერიკელთა გამონათქვამს: ნებისმიერ ქვეყანას იაფი სტატისტიკა მეტისმეტად ძვირი უჯდება. ვითომ ეკონომიას ვაკეთებთ ამაზე, მაგრამ შემდგომ არასწორი გადაწყვეტილებები და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე გაწეული ხარჯი გაცილებით მეტია, ვიდრე თავიდან საკმარისი რესურსის გამოყოფა იმისთვის, რომ სწორად შეგვეფასებინა ვითარება და გვემოქმედა ადეკვატურად . იქნება ეს ხიდის მშენებლობა, სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა თუ სხვა. ინფორმაციის გარეშე ინფორმაციის ეპოქაში შორს ვერ წავალთ, ანუ, როგორწ ერთ ქართულ ფილმშია: ამ ტემპით ვერ გვვფინდებით.
– ფრანგი ექსპერტი, რომელმაც გენგეგმის პროექტის მონიტორინგი ჩაატარა, წერს, პროექტი ისეა შედგენილი, რომ ძალიან ბევრ კერძო საკუთრებას ეხება და მერიას მოუწევს, მისი განხორციელების შემთხვევაში, ძალიან დიდი ოდენობის კომპენსაციის გაცემა, რაც არ არის მიზანშეწონილი და შესაძლებელია, სხვა გზების გამონახვაო. ამის პასუხად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი აცხადებს, რომ მხოლოდ მათი რეკომენდაციებით თუ გადარჩება ქალაქი, თუმცა კვლევებს არ ეფუძნება მათი დასკვნები და მხოლოდ დეკლარაციულ განცხადებებს.
– საერთოდ, რისთვის არსებობს სახელმწიფო და რას უნდა ემსახურებოდეს?! გენგეგმა გვინდა გენეგმისთვის თუ საზოგადოების კეთილდღეობისთვის?! ნორმალურ ქვეყნებში სახელმწიფო არსებობს ადამიანისთვის და სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს კომფორტულად და დაცულად სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი პოლიტიკის გატარებისას. ამდენად, იმის თქმა, რომ ვიღაცას ზედმეტ ტვირთად დააწვება, თითიდან გამოწოვილი მიზეზი მგონია. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ღონისძიების გატარების შემდეგ ადამიანმა თავი უკეთ იგრძნოს.
– როცა რამე კვლევის გარეშეა დადგენილი, რომ უნდა გაიღო ძალიან დიდი ხარჯი , დიდია ალბათობა, რომ ამან არ გაამართლოს. ეს ვერ იქნება კარგი ამბავი.
– მეც იმას ვამბობ, რომ ჯერ სრული ინფორმაცია უნდა გქონდეს, შემდეგ უნდა მიიღო კომპეტენტური გადაწყვეტილება და ბოლოს, იმ კომპეტენტური გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა იმოქმედონ კომპეტენტურმა პირებმა. ეს რიგითობა უნდა იყოს დაცული. ამ ალგორთიმით უნდა მიიღებოდეს და ხორციელდებოდეს ნებისმიერი გადაწყვეტილება.
ანა ლეჟავა
მასალის გამოყენების პირობები






