თავი რომ დავანებოთ ხელშეკრულების მოთხოვნებს, ანუ კანონს, თუ შენიშვნები გაითვალისწინა შემკვეთმა, ესე იგი, შენიშვნები საფუძვლიანი იყო, ხოლო, თუ შენიშვნები საფუძვლიანი იყო და პროექტის ჩაბარების ვადა დაირღვა, ესე იგი, დაჯარიმება საფუძვლიანია, იმას გარდა, რომ კანონიერი და სამართლიანია.
კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სასამართლოთი იმუქრება, რომ ჯარიმას თემიდას სახლში გაასაჩივრებენ, თუ მერია არ ისურვებს კანონის დარღვევას და ჯარიმას ძალაში დატოვებს და მამუკა სალუქვაძე იქვე შენიშნავს, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიზანი კონსტრუქციულობაა, ყველა ტექნიკური შეცდომა გამოასწორეს და კონცეპტუალური შენიშვნები არც ყოფილაო.
მეორე მხრივ, თბლისის მერიის არქიტექუტრის სამსახური ირწმუნება, რომ თბილისის მერიის მიზანი არ არის ხელშეკრულების გაწყვეტა. მაგრამ, თუ კომპანია გადაწყვეტს სასამართლოში ჩივილს (ჯარიმის ჩამოწერის გამო), ამ შემთხვევაში მერიაც სასამართლოში დაიცავს თავის პოზიციას.
აქვე შეგახსენებთ, რომ გენგეგმის პროექტის შესაქმნელად 2 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი, ამ თანხიდან კომპანია „სიით ინსტიტუტმა საქართველომ“ უკვე მიიღო ორი მილიონი, ეტაპობრივად, ჩაბარებული სამუშაოს მიხედვით, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში კი, დარჩენილ 800 ათას ლარს შემსრულებელი ვერ მიიღებს (თუმცა, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის მიერ სპეციალურად გენგეგმის პროექტის მონიტორიგისთვის დაქირავებული ექსპერტის, ერიკ ჰიუბრეხტის აზრით, მერიას ხელშეკრულება, წესით, უკვე უნდა გაეწყვიტა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველანაირი ვადა ამოწურულია).
რაც შეეხება „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის განცხადებას, რომ შემკვეთს კონეპტუალური შენიშვნები არ ჰქონია. ჯერჯერობით შეუძლებელია იმ შენიშვნების ნახვა, რომლებიც შემკვეთმა შემსრულებელს მისცა და იმისიც, თუ რა და როგორ გაითვალისწინა შემსრულებელმა (რადგან გენგემის პროექტის მეექვსე ეტაპის მასალები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის), მაგრამ, სამაგიეროდ, ცნობილია გენგემის პროექტის გამოქვეყნებულ მასალებზე ფრანგი ქალაქმგეგმარებელი ერიკ ჰიუბრეხტის, ქართველი ექსპერტების, ექსპერტების ურბანისტების, არქიტექტორების, ეკონომისტების, ქალაქმეგმარებლების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროების სპეციალისტების აზრი, რომლებიც გენგეგმის პროექტის სწორედ კონცეპტუალურ მხარეს ეხება (ყველა სხვა დანარჩენთან ერთად).
იოსებ არჩვაძე (ეკონომიკის ექსპერტი): „თბილისი არ არის მხოლოდ დედაქალაქი და არ აქვს მხოლოდ ემოციური დატვირთვა. თბილისზე მოდის ქვეყნის ეკონომიკის ორი მესამედი, ანუ დედაქალაქში იწარმოება ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის, დაახლოებით, ორი მესამედი. თბილისის ბიუჯეტი კი არის ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის, დაახლოებით, 8 პროცენტი. ანუ რამე არსებითი გარღვევა ქალაქმშენებლობის კუთხით მხოლოდ დედაქალაქის მესვეურთა კეთილ ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული, თუ ცენტრალური ბიუჯეტიდანაც არ იქნა მხარდაჭერა. ესე იგი, შეუძლებელია, მკვეთრი გარღვევა თბილისში, თუ ამის საშუალებას არ იძლევა საგადასახდო კოდექსი. ეტყობა, გენგეგმის პროექტის ავტორები ბიბილიურ ჭემშმარიტებებს დაეყრდნენ, დასაბამიდან იყო სიტყვაო, ანუ ჯერ დოკუმენტის სახით ჩამოაყალიბეს და ამის შემდეგ დაიწყებენ შესაბამისი თანხის მოძიებას. ეს ხუმრობით, თორემ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი დოკუმენტის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა და ის პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო და მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლება ატარებს დაგეგმარების მხრივ. თბილისი განფენილია, დაახლოებით, 800 კვადრატულ კილომეტრზე, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 1,2- პროცენტია, მისი წონა ეკონომიკაში გითხარით, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობას: აქ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი. ანუ ქვეყნის ყოველი მეორე მოქალაქე ცხოვრობს დედაქალაქში, ეს ანომალიაა, ეს მაჩვენებელი 25-პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს, რომ ვთქვათ, რომ ქალაქი ვითარდება ნორმალურად. ამჟამად მისი განვითარება არის ანომალიური. გენგეგმის პროექტი ლაპარაკობს მიწათსარგებლობაზე და ღირებულებითი ინდიკატორები ნაკლებადაა. დეკლარაციის დონეზეა სურვილები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ფინასური უზრუნველყოფის კუთხით არაფერია გათვალისწინებული.“
გიგა ბათიაშვილი (არქიტექტორი): „საქართველოზე გადის რეგიონისა და აზია-ევროპის დამაკავშირებელი არტერიები. ესე იგი, ჩვენ ვჭირდებით დანარჩენ სამყაროსაც და ჩვენ საშუალება გვეძლევა, აქედან მივიღოთ დივიდენდები. საქართველო არის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, რომელზეც უნდა გაიაროს არა მხოლოდ რეგიონულმა ტრანზიტმა, არამედ აზია-ევროპის ორმხრივმა ტრანზიტმაც. ეს ზრდის იმის აუცილებლობას, რომ შენს ქვეყანაში გაჩნდეს დიდი, საქმიანი ორგანიზმები, რასაც დღეს „სითის“ უწოდებენ, რომლებიც არა მხოლოდ შენთვის იმუშავებენ, არამედ დაინტერესებული ქვეყნებისთვისაც და მათი ინტერესი უნდა შეაჯერო შენსას. ეს ახალი საქმიანი უბანი – „სითი“ სად განთავსდება, სად იქნება უკეთესი ქალაქისა და ქვეყნისთვის?! იმის თქმა მინდა, რომ გენგეგმაზე ლაპარაკი ქვეყნის განსახლების გეგმის გარეშე, გამორიცხულია. განსახლების გეგმის ერთ-ერთი ამოცანაა ქვეყნის პოტენციალის შესწავლა და იმის განსაზღვრა, თუ რომელი რესურსის ამუშავებაა საჭირო უახლოესი 10 თუ 20 წლის განმავლობაში. თითქმის ბოლო ასი წელიწადია, თბილისი განვითარდა, როგორც თავკომბალა და ამ რეალობაში შენ ეჭიდავები გენგეგმას. ჩამოიყვანეს გერმანელი სპეციალისტები: გერმანელები კი ძალზე საპატივსაცემო ერია უამრავი თვისების გამო. მე ეჭვს ვერ შევიტან მათ პროფესიონალიზმში, მაგრამ მათ არაფერი იციან თბილისზე, მათ გაზომეს ყველა ქუჩა, შეკრიბეს მონაცემები და შეადარეს ქალაქის ფართს და დაასკვნეს, რომ თბილისს არ სჭირდება დამატებითი ქუჩები. არადა თბილისის ორი მესამედი საურმე გზებითაა აკინძული და ამ დროს ისინი გვეუბნებიან, გზები არ გჭირდებათო?! მაშინ, როდესაც თბილისში არც ერთი ქუჩა განივი მიმართულებით არ არის გამჭოლი და ათიდან მხოლოდ რვა ხიდი მუშაობს ქალაქზე. ქვეყნის ადამიანური რესურსი გადანაწილება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ამის გარეშე როგორ უნდა დააპროექტო დედაქალაქის გენერალური გეგმა?! ამ გეგმას დაარქვეს მიწათსარგებლობის გეგმა, რაც ანედოტია, ვინაიდან მიწათსარგებლობის გეგმა იქმნება გენგეგმის საფუძველზე და არა წინსწრებად. სად მდებარეობს ჩვენი ქვეყანა?! უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეგიონის საკვანძო ზონაში. ეს ახალი ვითარება სრულიად ცვლის დამოკიდებულებას განსახლების, მიწათსარგებლობისა და გენგეგმის მიმართ. სამჯერ მოვისმინე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია და არ შემცვლია დამოკიდებულება, იმიტომ რომ მასში არ არის გათვალისწინებული ეს ახალი ვითარება.“
ზურაბ ბაქრაძე (ქალაქმგეგმარებელი): „მიწათსარგებობლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ჯენტრიფიკაცია მიიღო, როგორც ქალაქის განახლების მეთოდური ინსტრუმენტი. ჯენტრფიკაცია ნიშნავს ქალაქის ისტორიული ნაწილებიდან ხალხის გაყვანას, ანუ გაძევებას და იქ მაღალშემოსავლიანების შემოყვანას. აი, ეს აქვთ აღებული მეთოდად, რასაც ექსპერტი აფასებს დიდ შეცდომად. ჯენტრიფიკაციას ებრძვიან ყველგან, ჩვენთან კი მეთოდად იყენებენ, იმისთვის, რომ გამოცვალონ ქალაქის მოსახლეობა. ეს არის ქალაქგემარებითი ფაშიზმი. რა მნიშვნელობა იმ ადამიანებისთვის, სტალინის დეკრეტით გაასახლებენ თუ ფულით?! ადამიანებს აქვთ უფლება, ცხოვრობდნენ იქ და იქ უნდა გამოუსწორო მათ საცხოვრებელი პირობები. მე შენ დატანჯავ და დაგახრჩობ მაგ სიინძურეში, სანამ არ გაიქცევი და თუ გაიქცევი, ფულსაც მოგცემ, – არის ქალაქგეგმარებითი ფაშიზმი და აი, ეს ქალალაქგეგმარებითი ფაშიზმი აქვთ აღებული ქალაქგანახლების ინსტრუმენტად, რაც გაუგონარი რამაა. და ფრანგი ექსპერტიც წერს, რომ ეს დაუშვებელია. და, საბოლოოდაც, ასკვნის, რომ ამ სახით მიწათსარგებლობის გენგეგმის დამტკიცება არ შეიძლება.“
მიხეილ ჯიბუტი (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი): „ვიღაცამ კონკურსი გამოაცხადა, ბიუჯეტიდან ფული დახარჯა და ახლა ცდილობს, ამას მისცეს რაღაც ფორმა, რომ ვითომ შეიქმნა დოკუმენტი. სინამდვილეში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იდეალურიც რომ იყოს, ის არ მოიცავს რეგულირების მთელ სპექტრს. შესაბამისად, მარტო ეს დოკუმენტი ვერ იმუშავებს ისევე, როგორც ვერ იმუშავა 2009 წლის გენგეგმამ. ამდენად, საინტერესოა, რა ხდება ამის უკან. ეს არ არის სამუშაო დოკუმენტი: 1 000-ზე მეტ გვერდზე ჩამოწერილია უამრავი საინტერესო, ეგზოტიკური ინფორმაცია, დაწყებული იმით, თუ როგორი იყო თბილისი ვახტანგ გორგასლის დროს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, შევადაროთ ძველ გეგმას, რომ ვნახოთ, რას ვცვლით და რატომ. იქნებ მისცენ ნორმატიული აქტის პროექტის ფორმა ამ დოკუმენტს, მაგრამ დღეს ეს არ არის საპროექტო დოკუმენტი და თბილისი ისევ საბაზრო მექანიზმებით განაგრძობს ფუნქციონირებას, რაც ძალიან ცუდია ქალაქისთვის, სადაც შემჭიდროებული ურბანული სივრცეა და რაც ხდება, იმის გამოსწორება შეუძლებელი ხდება. ერთი სიტყვით, ამჯერად უნდა მიგვეღო 2014 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული ვარიანტი. ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, რომ ავიღოთ 2014 წელს მიღებული დოკუმენტი და მივყვეთ: როგორ შეიცვალა პირველი პუნქტი და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც განახლებაზეა ლაპარაკი, უნდა გქონდეს მოცემული, რა განაახლე. რა ეწერა და რა დაამატე, რა ამოიღე, რა შეცვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა უნდა დაამტკიცოს საკრებულომ?! დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ასეთი და ასეთია პარიზის გამოცდილება ან ის, რომ 2030 წლისთვის თბილისის მოსახლეობა გახდება მილიონ-ნახევარი?! საკრებულომ, თ მერიის არქიტექტურის სამსახური აიბარებს გენგეგმას, ის გეგმა იმ ფორმით, რაც ზემოთ ვთქვი. ასეთი რამ კი მე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ვერ ვიპოვე. ამ ფორმით ამ გენგეგმის დამტკიცება შეუძლებელია, იმიტომ რომ არ არსებობს პროექტი, რომელიც უნდა დაამტკიცონ. არანაირი დოკუმენტი არ გვაქვს, გვაქვს ფრაგმენტები, მათ შორის, რუკის ფრაგმენტები და წარმოდგენა არ გვაქვს, რატომაა ესა თუ ის ფერი მასზე დატანილი. იმიტომ რომ არ გაგვაჩნია რუკის სტანდარტი. არც დოკუმენტშია მოცემული მსჯელობებიდან გამომდინარე დასკვნა. ამდენი რომ წერეს ათასზე მეტ გვერდზე, რა დასკვნა გამოიტანეს?!“
ლევან ალაფიშვილი (იურისტი): „არ მაქვს უფლება, შევიტანო ეჭვი გეგმის შემდგენელთა კომპეტენციაში, რადგან მათ ძალიან დიდი მოცულობის საქმე გასწიეს. მაგრამ ტექნიკური შესრულების გარდა ამ ტიპის დოკუმენტი უნდა ეყრდნობოდეს სანდო ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე ამბობ, რომ, მაგალითად, ესა და ეს ქუჩა უნდა გახდეს ცალმხრივი?! მეორე, დოკუმენტის შემდგენლებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი კომპეტენცია და ლეგიტიმაცია, რომ გადაწყვიტონ პოლიტიკური საკითხები. იმიტომ, რომ ადგილობრივი პოლიტიკის გადასაწყვეტი საკითხია, როდესაც ამბობ, რომ ქალაქის ერთი ნაწილი უნდა განვითარდეს რაღაც მიმართულებით, მაგალითად, იყოს სამრეწველო ზონა. ეს მანდატი ვინ მისცა მათ?! გამოცხადდა ტენდერი, რომლითაც, ჩემი აზრით, მხოლოდ ტექნიკური კვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ან გადაწყვეტილიყო, რომ ამ ხალხს მიეცემოდა ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, ან საკრებულოს მათთვის წინასწარ განესაზღვრა ძირითადი მიმართულებები. მაგალითად, რომ გლდანი იქნება საზოგადოებრივი-საცხოვრებელი ზონა, მისი მიმდებარე ზონა კი რეგულირების გარეშე დარჩება, რომ იქ მშენებლობა განვითარდეს; სამგორი იქნება სატრანსპორტო კვანძი. როდესაც ასეთი დათქმები არ არის, გამოდის, რომ დოკუმენტი შეიქმნა მისი შემქმნელების გემოვნებით. ამაზე მწყდება გული, რადგან პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, უნდა წარმართულიყო საჯაროდ, გამხდარიყო პროფესიონალების დისკუსიის საგანი. ამის გარეშე, ვეჭვობ, პროცესი ჯეროვნად წარიმართოს.“
მევლუდ მელაძე (საავტომობილო ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი): „საცობების“ საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაჭრაც უკვე შეუძლებელია, იმდენად გადავაქციეთ თბილისი ავტომობილების და არა ადამიანების ქალაქად.პარკინგსაც რომ თავი დავანებოთ, ქუჩების გამტარიანობაც პრობლემაა და ესეც მარტივად დასათვლელია. ფორმულითაც და რეალურადაც. არაერთხელ შევთავაზე ქუჩების გამტარიანობის დათვლა თითქმის ყველა ოფიციალურ სტრუქტურას, ცალკე ჯგუფის გამოყოფაც შეგვეძლო, რომლებიც ფიზიკურად დაითვლიდნენ, თუ როგორია ამა თუ იმ ქუჩის გამტარიანობა, რომ, აქედან გამომდინარე, მიეცათ ან არ მიეცათ იმ ქუჩებზე მშენებლობის ნებართვები. მაგრამ ეს პერიოდი უკვე ჩავლილია, იმიტომ რომ უკვე აშენდა უამრავი შენობა ასეთ ქუჩებზე და ახლაც მიმდინარეობს მშნებლობები. რა უშველის უკვე არსებულ ვითარებას? პირადად მე მაქვს ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი ვარიანტი: პირველი – დედაქალაქის მერიამ, უნდა თუ არა, უნდა შეისყიდოს ძველი სახლი ან ცარიელი ტერიტორია და გააკეთოს იქ პარკინგი, რომ შეიქმნას პრეცედენტი და შეძლოს, თქმა: ჩამოდით ტროტუარებიდან და შედით პარკინგზე; მეორე, ადრე თუ გვიან, დედაქალაქის მერიას მოუწევს ძველი სახლებისა და ტერიტორიების შეძენა და მათი საავტომობილო გზებად გადაკეთება. ამას გარდა, როგორც უნდა გათვალო წინასწარ ფურცელზე, რეალობა მაინც განსხვავებული აღმოჩნდება. ამიტომ პრაქტიკულად უნდა მიუდგე საკითხს. რაღაცეები ისე გააკეთეს, როგორც უცხოელმა სპეციალისტებმა ურჩიეს, ნაწილმა იმუშავა, ნაწილმა უარესი პრობლემა შექმნა. ამდენად, აუცილებელია, იცნობდე შენს ქალაქს, მის მოძრაობასის კი არ არის მთავარი, რა სიგანე აქვს ქუჩას და რამდენ მანქანას გაატარებს, არამედ ის, თუ საიდან რა ოდენობის ნაკადის მოდის მანქანების. მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების გამოცდილებას არ უნდა დაეყრდნო, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ადგილობრივი სპეციალისტების აზრიც, რომლებიც სიტუაციას უკეთ იცნობენ.“
გია ხუხაშვილი (პოლიტოლოგი): „სავარაუდოდ, რაღაც ტიპის ადამიანები ცდილობენ, გენგეგმა იქცეს გარკვეულ ბიზნესად და გამოიყენონ ხელის მოთბობის ინსტრუმენტად. ასეთი ცინიკოსები თბილისში ძალიან ბევრნი არიან, რომლებიც ამბობენ, ამ ქალაქს მაინც არაფერი ეშველება და თავს მაინც მივხედოთ ამ ეგზოტიკური, მაგრამ საქართველოში ძალიან ტრადიციული მეთოდითო. შემოვლითი რკინიგზა არის სრული აბსურდი რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მიზეზი არის ის, რომ თითქოს რკინიგზის ინტერესი უნდა იყოს ეს, მაგრამ რეალურად რკინიგზისთვის ეს დიდი პრობლემაა. იმიტომ რომ გადაზიდვის დრო და ხარჯი კი არ მცირდება, პირიქით, იზრდება. რატომ? იმიტომ რომ იქ რთული რელიეფური პირობებია და მეორე ელმავლის ჩაბმაა საჭირო, რომ იმ რელიეფზე შემადგენლობა გაატარო. შესაბამისად, რკინიგზისთვის ეს არის ეკონომიკური ზარალი არა მხოლოდ მშენებლობის ეტაპზე, იცით, რომ უზარმაზარ თანხაზეა ლაპარაკი და ამას ემატება გასხვისების ზოლში არსებული მიწის რეალიზება, რომელთა კომპენსაციას 10-პროცენტითაც ვერ ახერხებს რკინიგზა და, რაც მთავარია, ექსპლუატაციის ხარჯებიც ეზრდება რკინიგზას ერთიორად. შესაბამისად, ეს არის ეკონომიკური აბსურდი, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ ყველანაირი ევროპული სტანდარტით, ცენტრალური სადგურები ქალაქების შიგნითაა და არა – გარეთ. მეორე მხრივ, თუ არ მოგწონს, როგორაა კეთილმოწყობილი გასხვისების ზოლი, ეს სრულიად სხვა ამოცანაა, რომლის შესრულებაც შეიძლება რკინიგზის გადატანის გარეშეც. თბილისის ფარგლებში არის ჩიხები, იგივე ლოგისტიკური ცენტრები, მიკრო, მაგრამ მაინც არსებობს ნავთობაზები. ანუ გადატანა ასუსტებს ლოგისტიკას. მით უმეტეს, რომ რაღაც პრივატიზებულიცაა უკვე, მოკლედ, ძალიან დიდ გაუგებრობაში შევდივართ. მოგეხსენებათ, ახალმშენებლობებისთვის ადგილების ნაკლებობაა და ვიღაცას მიაჩნია, რომ რკინიგზის გასხვისების ზოლი ძალიან საინტერესო ადგილია ამ მიმართულებით, რასაც თავისთავადად სკეპტიკურად ვუყურებ. შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც მშენებლობის ბუმი იყო, ფასადებს რომ გვაჩვენებდა მიშა ქვეყნის აყვავების ნიმუშად. ამ პროექტს ჰყავს თავისი ლობისტები დეველოპერების წრეებში და ისინი ლობრებენ დღესაც.“
ერიკ ჰიუბრეხტი (აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ექპერტი, ფრანგი ქალაქმგეგმარებელი): „დოკუმენტი ძირითადად წარმოადგენს არადეტალიზებულ მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც არ განსაზღვრავს სივრცითი განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, ძნელი გასაგებია, თუ რა სტატუსი აქვს დოკუმენტს. მას შეიძლება, ეწოდოს „იდეების ყუთი“. გენგეგმამ უნდა გადაჭრას ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა მიწის საკუთრება და საზღვრების დადგენა. შერჩეული მასშტაბი კი გაუგებრობებს იწვევს. ის ზედმეტად დეტალურია მიწათსარგებლობის გენგეგმისთვის, მაგრამ არასაკმარისად კონკრეტული განაშენიანების კონტროლისთვის. დოკუმენტი არ არის საკმარისად დეტალული, რომ იგი გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვების გასაცემად. ამასთან, გვხდება როგორც მნიშნელოვანი შეცდომები, ასევე ნაკლოვანებები კონცეფციისა და მისი განხორციელების კუთხით, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს შექმნის მისი მიღების შემთხვევაში. ახალი ურბანული გაფართოების შეჩერებამ შესაძლოა, „დიდი წინააღმდეგობა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ინვესტორებისა და ქალაქის მოსახლეობის მხრიდან, ასევე, შეამციროს თბილისის მიმზიდველობა ინვესტირებისთვის. დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება, ჩაითვალოს, რომ არ არის თანხვედრაში იუნესკოსა თუ გაეროს ჰაბიტატის სახელმძღვანელო პრინციპებთან.
მიხეილ ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






