დაასრულებს თუ არა კახა კალაძე 25-წლიანი ტყუილ დაპირებებს
საზოგადოება - 18:29, 29 Dec, 2017     23922
თბილისის ახალი მერი ბ-ნი კალაძე მხოლოდ 46 დღეა რაც საქმიანობს თავის პოსტზე, როგორც წესი ახალ ხელისუფალს 100 დღეს აძლევენ თავის წარმოსაჩენად და მხოლოდ ამის შემდგე ხდება მის მიერ გაწეული სამუშაოების შეფასება.

ჩვენდა სამწუხაროდ დედაქალაქის ყოფითი პრობლემები იმდენად თვალშისაცემია, რომ ამ წინასაახალწლო დღეებშიც კი არ ხერხდება, დროებით მაინც ავარიდოთ მათ თვალი და დღესასწაულების შემდეგ დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი.

სატრანსპორტო კოლაფსი, ანტისანიტარია, კომუნალური სერვისების უხარისხობა, უსასრულო რიგები თბილისის მერიის ფოიეში, დაპაუზებული საჯარო მოხელეები, რომლებიც მომავალი საკადრო ცვლილებების მოლოდინის გამო ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს -აი ის ხილული თუ უხილავი პრობლემები რომლის წინაშე ვდგავართ თბილისის მოქალაქეები.

კახა კალაძის კარგად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია საშუალებას გვაძლევდა გვევარაუდა, რომ პირველი დღიდან მოხდებოდა გაცემული დაპირებების ყოველდღიურ რეალობაში განხორციელება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ჯერ-ჯერობით ასე არ ხდება და კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად, ინერციით, ისევ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ბ-ნ მერს, რომ ერთია მოადგილეებსა და თანაშემწეებზე დაყრდნობით ენერგეტიკის სამინისტროს მართვა, რომელიც ცენტრალიზებული და მკაცრად ვერტიკალური სტრუქტურა და მეორეა, 1,5 მილიონიანი ქალაქის მართვა, თავისი თვისობრივად განსხვავებული პრობლემებით და გამოწვევებით.

დღეის მდგომარეობით სახეზე მხოლოდ, ახალი წლის შემდგომ განსახორციელებელი დაპირებები გვაქვს. ეს ცვლილებები მერიის საქალაქო სამსახურების სტრუქტურული რეორგანიზაციას, ტრანსპორტის საკითხის მოგვარებას და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის აუცილებელი დოკუმენტების შექმნას ეხება.

ბატონი კალაძის წინამორბედი ბ-ნი ნარმანიაც დედაქალაქის მერის პოსტზე დიდი ენთუზიაზმით და მასშტაბური ამოცანების მოგვარების დაპირებებით მოვიდა. თუმცა სამწუხაროდ ის გადაწყვეტილებების მისაღებად ერთი წელი ემზადებოდა და ბოლოს ისევ ისე დატოვა ყველაფერი როგორც ნაციონალური მოძრაობის მერმა დაახვედრა.

შეიძლება ვინმემ გვითხრას, რატომ ჩქარობთ და ნაადრევად აძლევთ შენიშვნებს ახალ მერს, აცალეთ და თუ არ შეასრულებს დანაპირებს, შემდეგ გააკრიტიკეთო. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი მიდგომა ალბათ გამართლებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ამ 25 წლის განმავლობაში ბევრი ანალოგიური დანაპირები გვაქვს მოსმენილი პოლიტიკოსებისგან და შესრულებული არცერთი არ გვინახია.

თუმცა, არც სასიკეთო ცვლილებების დაანონსებაშია არაფერი დასაძრახი, რადგან ეს პოზიტიურ განწყობას ბადებს მოქალაქეებში და მიუხედავად ყველაფრისა მათ იმედი აქვთ ამ დაპირებების შესრულებისა. ეს მოლოდინები კი ბ-ნი კალაძის პიროვნების პოლიტიკურ სანდოობასთან არის დაკავშირებული. მას აქვს ყველა მონაცემი იყოს წარმატებული მერი და გახდეს დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც გავლენა ექნება არა მარტო თბილისში, არამედ მთელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

თბილისი ცოცხალი ორგანიზმია და მის გამართულ ფუნქციონირებას მყისიერი გადაწყვეტილებები ჭირდება. ამისთვის კი საჭიროა გაბედული ქმედებები და იმედს გამოვთქვამთ, რომ მიუხედავად ცოტაოდენი დაგვიანებისა, დაანონსებული ცვლილებების ცხოვრებაში გატარება წესით და რიგით კახა კალაძისთვის არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.

ეს მოცემულობა ჩვენც გვიჩენს იმედს, რომ გაცემული დაპირებები შესრულებადია და ახალი წლების შემდეგ პროცესები დედაქალაქისთვის სასაიკეთოდ წარიმართება.

სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება და ყბადაღებული თბილისის გენგემის პროცესის დასრულება ეს ორი უმთავრესი გამოწვევაა, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღება ახალი წლის პირველივე დღეებში უნდა მოხდეს.

ნაგვის და დისტრიბუციის მანქანებისთვის გადაადგილების დროის განსაზღვრა, სანაგვე ურნების რაოდენობის გაზრდა; სამარშუტო მიკროავტობუსებისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესება; გადადგილების დროის განსაზღვრა; სატრანზიტო მოძრაობის წესების აუცილებელი დაცვა და გამკაცრება; პატრულის გაქტიურება; ფეხითმოსიარულების დარღვევების ადმინისტრირება და სხვა დაანონსებული ცვლილებები რეალურად შეცვლიან მდგომარეობას თბილისში, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი და მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.

10 იანვარს არის ბოლო ვადა, როდესაც მერიის არქიტექტურის სამსახურმა საბოლოოდ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას მიიღებს თუ არა ბ-ნი კალაძე მისი წინამორბედის მიერ ინიცირებულ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას.“ ეს გახლავთ დოკუმენტი რომელიც ქართველი სპეციალისტების, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების კრიტიკას იმსახურებს და ისინი ცალსახად თანხმდებიან, რომ წარმოდგენილი პროექტი არ უნდა იქნეს მიღებული. ამ პოზიციას იზიარებს არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბ-ნი ბოლოთაშვილიც, რომელიც არ გამორიცხავს, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება საერთოდ შეწყდეს.

იმედი გვაქვს, რომ 10 იანვრისთვის დასრულდება დედაქალაქის და მისი მოსახლეობის ინტერესების შემლახავი ეს პროცესი და ბ-ნი კალაძე უარს იტყვის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამომხატველი დოკუმენტის მიღებაზე. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი მალე მოხდება, საარჩევნო პროგრამით დაპირებული არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაცია და შეიქმნება ქალაქის ურბანულ განვითარებაზე პასუხისმგებელი ახალი ინსტიტუციის- არქიტექტურის და ურბანული განვითარების სააგენტოს შექმნა, რომლის კომპეტენციაც იქნება შემდგომში ქ. თბილისის გეგმაზომიერი განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტების და გადაწყვეტილებების მომზადება.

ახალი წელი მოდის და გვინდა გვჯეროდეს, რომ დედაქალაქის მმართვის მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. ბ-ნი კალაძის თამამი და იმედის მომცემი განცხადებები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავება, იქნება მაქსიმალურად საჯარო და ღია. და რომ, თბილისის ახალი მერის სრულად გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას და პოლიტიკურ ავტორიტეტს პროცესების მართებულად წარმართვისთვის.

საახალწლოდ გვინდა ვუსურვოთ თბილისის მერს და თბილისელებს წარმატებები ამ რთულ საქმეში და გამოვთქვათ მზადყოფნა ვიყოთ არა მარტო კრიტიკულები არამედ კონსტრუქციულები, ჩავერთოთ პროცესებში, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და მაქსიმალურად დავიხარჯოთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით, გოგი ლორთქიფანიძე, „სახალხო თვითმმართველობა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42