ნაზი - 68 წლის პენსიონერი:
„ჯერ რა პირობებში ვცხოვრობდი და ახლა მომიწევს მთლად წყვდიადში ვიცხოვრო, ეს დასაწვავი 180 ლარი რას ეყოფა? აღარც შუქი ავანთო? წყალიც უნდა გაძვირდესო, რა გვეშველება, აღარ ვიცი.“
კოტე - 49 წლის, ტაქსის მძღოლი:
„მთელი დღე გარეთ ვარ, რომ სახლში პურის ფული შევიტანო, ყველაფერი იზრდება ჩვენი შემოსავლის გარდა. რა ვქნათ, ოჯახში სინათლე ხომ გვჭირდება, ან ტელევიზორს ჩართავ ადამიანი ან რამეს. ეს წვალებით ნაყიდი საჭმელი მაცივარშიც აღარ შევინახოთ? ესენი არ იყვნენ, რომ იძახდნენ, გადასახადები იმიტოა მაღალი, „ნაციონალების“ ჯიბეში მიდისო? აჰა, აღარ არიან ეს „ნაციონალები“ 5 წელია, რა შეიცვალა ჩვენთვის? ახლა მაგათ ჯიბეში მიდის ალბათ, და მადა გაეზარდათ“
ხატია - 21 წლის, სტუდენტი:
„ვსწავლობ და ვმუშაობ, თბილისშიც ქირით ვცხოვრობ, ქირის და სწავლის გადასახადის გადახდაში მშობლები მეხმარებიან, ჩემი ხელფასით კი მხოლოდ ჩემი მგზავრობის, კვების და კომუნალურ გადასახადებს ვიხდი, სულ თეთრებში მაქვს განაწილებული. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდებს ტარიფების მომატება. მომიწევს დახმარებისთვის ისევ მშობლებს მივმართო.“
მანჩო - 39 წლის, დიასახლისი:
„ყველანაირი ეკონომიის გაკეთება შემიძლია, შუქს და წყალზე ეკონომიას ვერ გავაკეთებ იმ პირობებში, როცა ოჯახში 3 ბავშვია. რას გვიპირებენ, უნდა გაგვაველურონ? სიბნელეში ვიჯდეთ, დაურეცხავ-დაუბანლები? ჩემი ოჯახის შემოსავალი 1000 ლარამდეა , პლუს, მშობლების პენსია. ადრე ოჯახის რამდენიმე წევრი ვმუშაობდით, ახლა კი მხოლოდ ერთი მუშაობს. იმის მაგივრად, რომ მდგომარეობა შეგვიმსუბუქონ, როგორც გვპირდებოდნენ, ყოველწლიურად წიხლს გვაჭერენ, თან ახალი წლის წინა დღეებში. დღესასწაულებზე ადამიანი ცდილობ, პრობლემებზე არ იფიქრო. მერე კი საშინელი რეალობის წინაშე დგები.“
ანზორი - 32 წლის, დასაქმებული:
„მაინტერესებს, როდის ამოუვა ხალხს ყელში ეს დაცინვა, ვთქვათ მე ვმუშაობ და სხვა რამეს მოვიკლებ და გადავიხდი ამ კომუნალურებს. ან პენსიონერებმა რა უნდ ქნან, ან დიდმა ოჯახებმა, ისედაც რომ ძლივს გააქვთ თავი. იმიტომ „გვებლატავება“ ყველა მთავრობა, რომ ჩვენც ასე ერთი-ორი დღე ვწუწუნებთ და მერე ვეგუებით. ან ჟურნალისტები რატო არ ეკითხებიან თბილისის ახლანდელ მერს, ან იმ კაცს, კოსმონავტობა რომ უნდოდა, ახლა როცა მიშა და „ნაცები“ აღარ არიან, რატომ არ იკლებს ტარიფი და პირიქით, რატო იზრდება? ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს , ბოდიში და, რომელი მთავრობა მოისაქმებს მის თავზე.“
მასალის გამოყენების პირობები






