დავიწყოთ თავიდან: მას შემდეგ, რაც საქართველოში გასული საუკუნის 90-ან წლებში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო და 90-ანების მიწურულს მიწის პრივატიზაციით დაგვირგვინდა, ბუნებრივია, დედაქალაქში მსხვილი პროექტების განხორციელებაც მიჰყვეს ხელი და სამშენებლო ბუმიც ამას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ დედაქალაქი სწორედ ბიზნესის ინტერესებით იმართებოდა: ვისაც სად უნდოდა (ანუ სადაც მიაჩნდა მომგებიანად), იქ აშენებდა მისთვის სასურველ ობიექტს, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებსაც. ჩვენს ბაზარს კი, რაკი ის ველური კაპიტალიზმის წესებს ემორჩილება ჯერჯერობით, უზომოდ დიდი მადა აქვს, რამაც, საბოლოოდ, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ თბილისში უკვე გავლაც კი შეუძლებელია, ჰაერის დაბინძურებამ კი სახიფათო ზღვარს კარგა ხანია, გადააბიჯა, ვინაიდან მწვანე ნარგავებიც კი ბიზნეს (სავაჭრო თუ საცხოვრებელმა ობიექტებმა) და კერძო (ავტოფარეხებმა ან უბრალოდ მანქანის გასაჩერებელმა ადგილებმა) ინტერესებმა შეიწირა.
ერთი სიტყვით, თბილისი ყოველგვარი გეგმისა და ხედვის გარეშე ვითარდებოდა და ვითარდება, თუ განვითარება შეიძლება, ეწოდოს იმას, რომ ამ ქალაქში ცხოვრება თანდათან შეუძლებელი ხდება.
თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ საკანონმდებლო ბაზა საერთოდ არ არსებობდა. არსებობდა, ოღონდ მხოლოდ ფორმალურად: 2005 წელს დამტკიცდა კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ, 2009 წელს კი – დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმაც. ვერც ერთმა მათგანმა ვერ იმუშავა, სუბიექტური და ობიექტური მიზეზით. ობიექტური მიზეზი ის გახლდათ, რომ 2009 წლის გეგმა წინააღმდეგობას ქმნიდა 2005 წლის კანონთან. აქვე გეტყვით, რომ 2009 წლის გენგეგმა საკანონმდებლო ბაზაში არ იძებნება, ვინაიდან იმხანად კანონების ელექტრონული ვერსიის გამოქვეყნების წესი არ არსებობდა.
ასეა თუ ისე, 2014 წლის 30 დეკემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. რეალურად კი, უბრალოდ სახელი შეუცვალა 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულოს მიერვე მიღებულ ზემონახსენებ პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმას და დაარქვა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რითაც მოიხსნა საკანონმდებლო წინააღმდეგობა 2005 წელს დამტკიცებულ კანონთან სივრცითი მოწყობისა და ქალაქმეშენებლობის საფუძვლების შესახებ.
ამის შემდეგ კი, ანუ 2015 წელს თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების შესახებ. ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“, მართალია, ტენდერის ჩატარების პროცესიც ბადებს კითხვის ნიშნებს (იმიტომაც, რომ ხსენებული კომპანია სახელდახელოდ სწორედ ამ ტენდერისთვის შეიქმნა, რაზეც მეტყველებს მისი შექმნის თარიღი – კომპანია ტენდერის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა) და ისიც, რომ მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლებაზეს ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებმაც 2009 წლის გენგეგმა დაწერეს, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
2015 წლის ბოლოდან დღემდე თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტი ექვს ეტაპად წარედგინა შემკვეთს, ანუ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს. ხუთი ეტაპი შედარებით უმტკივნეულოდ ჩაბარდა პატრონს, ესე იგი, შემკვეთს, კომპანია ერთი–ორჯერ დაჯარიმდა ვადების დარღვევის გამო. მეექვსე ისევ პროცესშია. ასევე, ეტაპობრივად, თბილისის მერიის ელექტრონულ გვერდზე ქვეყნდებოდა განახლებული გენგეგმის პროექტის ნაწილები. თითქოს მას აცნობდნენ კიდეც საზოგადოების წრმომადგენლებს (ასევე, ეტაპობრივად) როგორც მერიის, ისე „სითი ინსტიტუსი საქართველოს“ წარმომადგენლები.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გენგეგმის პროექტი 1 000 გვერდზე დიდი მოცულობისაა, ვერავის დავდებთ ისეთ ბრალს, რომ ის თავიდან ბოლომდე წაიკითხა და მოიწონა ან არ მოიწონა. შესაბამისად, განხილვების დამსწრე საზოგადოება მხოლოდ პროექტის შემქმნელების მოსაზრებებს ეცნობოდა და არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, შეემოწმებინათ მათი ნათქვამის სისწორე. სხვატა შორის, იმავე დილემის წინაშე აღმოჩნდებიან საკრებულოს წევრებიც, რომლებსაც მოუწევთ (თუ მოუწევთ) გენგეგმის პროექტის განხილვა.
წინააღმდეგობა კი შემდეგნაირია – იმისთვის, რომ რამე დოკუმენტის განახლებული ვარიანტი განიხილო, განახლებული დოკუმენტი უნდა გამცნობდეს, თუ წინა დოკუმენტის რომელი ჩანაწერები შეიცვალა და როგორ. მსგავსი ფორმით თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი არ არის დაწერილი და ვერც იქნება, ვინაიდან გენგეგმის ის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თბილისის საკრებულომ 2014 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა საკრებულომ (ანუ 2009 წლის გენგეგმას შეუცვალა სახელწოდება) და რომელიც უნდა განახლებულიყო, ბუნებაში არ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირი საშუალებით ვერ მივაგენით).
მას შემდეგ, რაც „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მხოლოდ საბოლოო – მეექვსე ეტაპი დარჩა შემკვეთისთვის ჩასაბარებელი, თბილისის მერიამ (2017 წლის აგვისტოში) აზიისა განვითარების ბანკს მიმართა და გენგეგმის პროექტის ექსპერტიზა სთხოვა. აზიის განვითარებისა ბანკმა, თავის მხრივ, დაიქირავა ფრანგული კომპანია, რომელმაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული გენგეგმის პროექტის მონიტორინგი ფრანგ ქალაქმგეგმარებელ ერიკ ჰიუბრეხტს დაავალა.
ეს უკანასკნელი ჩამოვიდა თბილისში, გაეცნო დოკუმენტს, დაათვალიერა ქალაქი და 2017 წლის სექტემბერში თავისი საექსპერტო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლითაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, არც მეტი, არც ნაკლები, უღმერთოდ დაიწუნა. ბუნებრივია, დაწუნების არგუმენტებიც მოიტანა და, ფაქტობრივად, დაადგინა, რომ დოკუმენტს თბილისი განსავითარებლად ვერ გამოიყენებს და მას არ აქვს პრაქტიკული დანიშნულება. გენგეგმის პროექტის საბედისწერო შეცდომებიც მიუთითა და მას უბრალოდ „იდეების ყუთი“ უწოდა, რომელთაგან (ანუ იდეებიდან) უმეტესობა არ მოიწონა.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ფრანგი ექსპერტის მოსაზრებები დაიწუნეს (როგორ გაერკვა ასე უცებ საკითხშიო) და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ბრალი დასდეს, რომ ფრანგ ექსპერტს პროექტის არც სრული ტექსტი აჩვენეს და რუკებიც დაუმალეს. რითაც ერიკ ჰიუბრეხტი, ფაქტობრივად, არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულეს (ნებსით თუ უნებლიეთ) და იმდენად შორსაც კი წავიდნენ, რომ ურბანული ტერმინების ცოდნის დონეც დაუწუნეს. ოღონდ, ამის მიუხედავადაც, ერიკ ჰიუბრეხტის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების ნაწილი (რის გათვალისწინებაც შეიძლებოდა სიტყვიერად) არათუ გაითვალისწინეს, დასკვნიდან სიტყვა სიტყვით გადმოიწერეს და მიიწერეს.
აქვე გეტყვით, რომ ერიკ ჰიუბრეხტის დასკვნის გამოქვეყნებამდე ზუსტად იმავე შენიშვნებს გამოთქვამდნენ ქართველი ურბანისტები, არქიტექტორები და ქალაქმგეგმარებლები, რაც ფრანგმა ექსპერტმა გამოთქვა, თუმცა მაშინ მათთვის ყურადღება არც შემკვეთ თბილისის მერიას მიუქცევია და არც – კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“.
რაც შეეხება გენგეგმის პროექტის მეექვსე ეტაპს, რომელსაც ვერ იბარებს თბილისის მერიის აწ უკვე ახალი შემადგენლობა (სხვათა შორის, გენგეგმაში სამართლებრივი კაზუსებიცაა, რაც პირდაპირ ხელყოფს საკუთრების უფლებას): მისი ჩაბარებისა და მასში შესწორებების შეტანის ყველანაირი ვადა ამოიწურა. მაგრამ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა შესწორებული ვარიანტის წარმოდგენის ბოლო ვადად 2018 წლის 10 იანვარი დაუდგინა, თუმცა გენგეგმის პროექტის იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ ის რამით მაინც წაადგეს დედაქალაქს არსებული პრობლემების რეალურად გადასაჭრელად, ფაქტობრივად, გამორიცხულია, თუ ის თავიდან არ დაიწერა.
მეორე მხრივ, ბუნებრივად იბადება კითხვები:
რატომ არ დადგა უფრო მწვავედ გენგეგმის პროექტის შემოწმების საკითხი და რატომ გამწვავდა ვითარება მხოლოდ მეექვსე ეტაპზე?!
რატომ მოიწვია მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ უცხოელი ექსპერტი გენგეგმის პროექტის მონიტორინგისთვის?!
რატომ იყო ჩუმად ამდენი ხნის განმავლობაში საკრებულოს ოპოზიცია, რომელიც მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ დავით ნარმანია გაეკრიტიკებინა. გენგეგმის პროექტი კი მათ ხელ–ფეხს უხსნიდა, მაშინდელი მერი უხარისხო და დედაქალაქისთვის უსარგებლო დოკუმენტის შექმნაში დაედანაშაულებინათ?!
უფრო მეტიც – თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის ამჟამინდელ მერს უპირისპირდება, რომელიც არ აპირებს ამ სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული გენგეგმის პროექტის ჩაბარებას. მათ პათოსს იზიარებს მაშინ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილიც, რომელიც კახა კალაძეს ბიზნესინტერესების გამო სდებს ბრალს გენგეგმის პროექტის შეჩერებაში. არადა, რეალურად, გენგეგმის პროექტი ითვალისწინებს ეგრეთ წოდებულ ჯენტრიფიკაციას, რაც, კლასიკური განმარტებით, ნიშნავს ღარიბი მოსახლეობის ჩანაცვლებას შეძლებულებით, თუმცა თავად კომპანია „სითი ინსტიტუტის დირექტორი“ აცხადებს, რომ ჯენტრიფიკაცია სხვა არაფერია, თუ არა რეაბილიტაცია, ოღონდ არასპეციალისტიათვისაც კი ნათელია, რომ „ჯენტრიფიკაცია“ რომ „რეაბილიტაცია“ იყოს, მაშინ ჯენტრიფიკაცია არ ერქმეოდა. ხოლო, რაკი ჯენტრიფიკაცია სწორედ თბილისის ძველ უბნებშია დაგეგმილი, წესით, ამ მიდგომას სამართლიანად უნდა აღეშფოთებინა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც სწორედ ძველი თბილისის თავგამოდებულ დამცველად გვევლინება (დაცვა კი არა მხოლოდ ძველ შენობებს, ძველ მაცხოვრებლებსაც სჭირდება). მეორე მხრივ, მაგალითად, იგივე ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ კალაძეს გენგეგმის პროექტის ჩაგდებით თბილისის უკონტროლო განაშენიანებისთვის სწირავს, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სწორედ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის მერაბ ბოლქვაძის დაპროექტებულია და, თუ დაკვირვებით წავიკითხავთ გენგეგმის პროექტს და დავხედავთ მის რუკას, აღმოვაჩენთ, რომ სწორედაც რომ, უკონტროლო მშენებლობებს უნთებს მწვანე შუქს (ამასვე შენიშნავს ერიკ ჰიბრეხტიც – რულის მასშტაბი ისეთია, რომ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვარი ვერ დგინდება, შესაბამისად, ნებართვის გამცემის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული).
არანაკლები პათოსით უჭერენ მხარს გენგეგმის პროექტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და ის თბილისისთვის პანაცეად მიაჩნიათ (რაც სრული აბსურდია), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ განახლებული გენგეგმის პროექტზე ი ძირითადი ბირთვი მუშაობს, რომლებიც 2009 წლის დოკუმენტის შემუშავებაში იღებდნენ მონაწილეობას, რასაც ეფუძნება გენგეგმის ამჟამინდელი პროექტი, შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭრას ძალიან მერკანტილური საფუძველიც ჰქონდეს. მით უფრო, რომ რკინიგზის გადატანის პროექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობისდროინდელი“ იდეაა (რასაც როგორც ფრანგი, ისე ქართველი ექსპერტები საბედისწერო შეცდომას უწოდებენ), რაც არა მხოლოდ დაასუსტებს საქართველოს რკინიგზას, არამედ დედაქალაქის ცენტრში ადგილს გამოათავისუფლებს ახალი მშენებლობებისთვის. ხოლო, რაკი დეველოპერული ინტერესები ზემოხსენებულ ერთ დროს ერთიან ორივე პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, გენგეგმის პროექტის მხარდაჭერის მოტივატორი ეს ინტერესიც შეიძლება, იყოს.
არ არის გამორიცხული, დავით ნარმანიამ პროცესის ფინალისკენ იგრძნო, რომ ის შესაძლოა, გამოიყენეს და ამის გამო მოიწვია საერთაშორისო ექსპერტი გენგეგმის პროექტის ექსპერტიზისთვის, თუმცა ამ ეტაპზე მან უკვე გააღწია სამშვიდობოს (გარანტირებული აქვს ექვსწლიანი სტაბიური სამუშაო ადგილი სემეკის წევრად) და პრინციპულობის გამოჩენა თბილისის ამჟამინდელ მერ კახა კალაძეზეს მოუწევს, რომელსაც, სავარაუდოდ, არც თუ იოლი ბრძოლის გადატანა ელის, ვინაიდან „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმის (რომელიც, თუ ერიკ ჰიუბრეხტს ვერწმუნებით, არც მიწათსარგებლობის გეგმაა და არც გენგეგმა) უკან ძალიან ძლიერი ინტერესები იკვეთება, რომელთა მიზანი დედაქალაქისა და მისი მოსახლეობის ხარჯზე საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაა.
მიხეილ ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






