თბილისის მერიამ ერთიოდე კვირის წინათ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ 5 600-ლარიანი ჯარიმა დაარიცხა, ხოლო, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე ამბობს, ამ დაჯარიმებიდან ორიოდე დღის შემდეგ განმეორებითი ფულადი სანქციის შესახებ შეტყობინება კიდევ მიუღია: ამჯერად ჯარიმა 140 ათასი ლარია. ბ-ნი სალუქვაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია დაჯარიმების საფუძველი.
მამუკა სალუქვაძე: „სამსახურმა არ განგვიმარტა, ჩვენ რომელ ძველ შენიშვნებთან დაკავშირებით დაგვაჯარიმეს. ერთი შენობის პროექტი როცა კეთდება, მაშინ შეიძლება შენიშვნების კასკადი იყოს. მაგრამ როცა ამხელა დოკუმენტი იქმნება და კონცეპტუალური შენიშვნა არ არის, შეიძლება, რუკაში ხაზი საითკენ უნდა იყოს მიმართული, ამის გამო დააჯარიმო ჯგუფი, რომელსაც ტიტანური სამუშაო აქვს გაკეთებული? მართლა მასშტაბური დოკუმენტი შევქმენით. მე ვფიქრობ, რომ ეს არარაციონალურია და არასერიოზულიც.“
შენიშვნები, რომლებსაც ქართველი არქიტექტორები და სპეციალისტები გამოთქვამენ სწორედ კონცეპტუალურია, თუმცა ეს სხა საუბრის თემაა.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენს რეალობაში შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, მოვუსმინოთ ფრანგე ექსპერტს, რომელმაც გენგეგმის პროექტის ექსპერტიზა 2017 წლის სექტემბერში ჩაატარა და, მათ შორის, იმის შესახებაც გამოთქვა აზრი, რომ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ პროექტზე მუშაობის ვადები დაარღვია (და არღვევდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში).
არქიტექტურის სამსხურსა და კონტრაქტორს („სითი ინსტიტუტი საქართველოს“) შორის ხელშეკრულება 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა. კომპანია ეტაპობრივად ასრულებდა სამუშაოს და მერიის არქიტექტურის სამსახურიც ეტაპობრივად ურიცხავდა თანხას.
2017 წლის 15 იანვარს კომპანიამ წარმოადგინა სამუშაოს მეხუთე ეტაპი, ხელშეკრულებით, ამ ეტაპზე თანხა კომპანიისთვის არ უნდა გადაეხადათ; მეექვსე დამამთავრებელი ეტაპი კი უნდა წარედგინათ 2017 წლის 6 აპრილს, თუმცა 2017 წლის 15 აპრილს განხორციელებული ცვლილებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ჩაბარება გადავადდა ერთი თვით (ანუ 2017 წლის 11 მაისამდე). მაგრამ, რაკი ისევ განხორციელდა ცვლილება, საბოლოო ეტაპის წარმოდგენის ვადამ გადაიწია 2017 წლის 5 ივნისამდე; შემდეგ 2017 წლის 30 ივნისამდე.
2017 წლის 9 აგვისტოს მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მისწერა შენიშვნები და მათ 24 აგვისტოს უნდა შეეტანათ შესწორებული ვარიანტი. 2017 წლის 24 აგვისტოს დოკუმენტის მეევსე ეტაპის დასრულების ვადამ ისევ გადაიწია – ამჯერად 2017 წლის 13 ოქტომბრამდე.
ერიკ ჰიუბრეხტი თავის დასკვნაში წერს:„2017 წლის 28 ოქტომბრამდე მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა შეამოწმოს შესწორებულიტ ვარიანტი და ან გაუფორმოს კომპანიას მიღება-ჩაბარების აქტი, ან კვლავ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დააჯარიმოს და მისცეს გამოსწორებისთვის ვადა არანაკლებ 10 დღისა. 2017 წლის 7 ნოემბერს კონტრაქტორმა ხელმეორედ უნდა წარმოადგინოს შესწორებული ვარიანტი. 2017 წლის 22 ნოემბრამდე მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა შეამოწმოს ბოლო ვარიანტი და ან გაუფორმოს მიღება- ჩაბარების აქტი, ან გამოუწეროს კვლავ ჯარიმა.“
ბოლოს ფრანგი ექსპერტი დასძენს, რომ „წესით, მერიის არქიტექტურის სამსახურს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება.“
როდესაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე ვერ ხვდება, თუ რატომ დააჯარიმეს, ფრანგი ექსპერტის აზრით, მერიის არქიტექტურის სამსახურს, წესით, უკვე უნდა შეეწყვიტა ხელშეკრულება კომპანიისთვის.
გენგეგმის პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი დედაქალაქში მწვანე დასასვენებელი სივრცეების განვითარება იყო, მაგრამ ამ მიზნის მიღწევაში მათ დაუპირისპირდნენ და ყველაზე გახმაურებული დაპირისპირების საგნებად ე. წ. ელიავას ბაზრობისა და თბილისის ზღვის ტერიტორიებს ასახელებს.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ექსპერტები, თურმე სასმელი წყლის სანიტარულ დაცვას ითოვენ და თბილისის ზღვის სანაპიროდან 700 მეტრის რადიუსში განაშენიანებას სახიფათოდ მიიჩნევენ. რეალურად კი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებულ გენგემის პროექტში თბილისის შემოვლითი რკინიგზა სწორედ თბილისის ზღვაზე გადადიოდა და მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულმა ფრანგმა ექსპერტმა 2017 წლი სექტემბერში რკინიგზის გადატანას და მით უმეტეს, თბილისის ზღვაზე, სახიფათო შეცდომა უწოდა, მათ შორის, იმიტომაც, რომ თბილისის ზღვიდან მარგდება თბილისის ნაწილი სასმელი წყლით, „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ იდეა საკუთარად გაასაღა (არაა ცუდი) და თბილისის ზღვის დამცველი გახდა (საინტერესო ის დეტალიცაა, რომ რკინიგზის გადატანის ვერსია გემგეგმის პროექტში ისევ ძალაში დატოვეს, ამჯერად უბრალოდ გადატანის ადგილს არ აკონკრეტებენ).
რაც შეეხება ე. წ. ელიავას ბაზრობას: აქ საქმე უფრო რთულადაა. „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“, რომელიც ირწმუნება, რომ მას ხელს უწლიან მწვანე ზონების გაშენებაში, ე. წ. ელიავას ბაზრობა, როგორ კერძო ბიზნესი, საკუთარი შეხედულებისამებრ, განკარგა: გადაიტანა ორ სხვადასხვა ადგილას და, რაც მთავარია, სხვა კომპანიების კუთვნილ კერძო ტერიტორიებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი სადავოა და სასამართლოს მიერაა დაყადაღებული.
ამის მიუხედავადაც, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე მერიის არქიტექტურის სამსახურს კომპეტენციას უწუნებს და აცხადებს: „ჩვენ ყველაფერი მივიყვანეთ ბოლომდე და პროდუქტი მზად არის. შეიძლება, რაღაც საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მერიასთან საუბარი, მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ ის, რომ ჩვენ ასეთ რეჟიმში ვიყოთ – დაგვაჯარიმონ, ორი რუკა შევასწოროთ, მერე კიდევ დაგვაჯარომონ და ეს პროდუქტი არ იყოს მიღებული, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ყველას მხრიდან. მაშინ, როცა გენგეგმა უკვე არსებობს, ვცხოვრობთ ისევ იგივე გარემოში, იგივე წესებით, იგივე რეგულაციებით და არაფერი წინ არ მიდის.“
რეალურად, მიწათსარგებლობის გენგეგმა არ არსებობს (მაგალითად, ერიკ ჰიუბრეხტი ამ პროექტს „იდეების ყუთს“ უწოდებს თავის დასკვნაში), რადგან ის ვერ ჭრის დედაქალაქში არსებულ ვერც ერთ პრობლემას (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კერძო საკუთრების გადანაწილების, ანუ წაგლეჯვის ახლებურ სქემას გვთავაზობს მწვანე ნარგავებზე ზრუნვის მოტივით), არ ეფუძნება არანაირ კვლევას (საამისოდ ბიუჯეტი 2 მილიონ 800 ათასი ლარი არ არის საკმარისიო), საერთოდ არ ეხება მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემას (მოტივით, საიდუმლო ინფორმაციააო), ვერ აგვარებს დედაქალაქში არსებულ საგზაო პრობლემას („საცობების“ განმუხტვა ჩვენი საქმე არ არისო), ასუსტებს საქართველოს რკინიგზას (ნებსით თ უნებლიეთ, ოკუპანტი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც პირველია საქართველოს რკინიგზის მყიდველთა რიგში, დასუსტუბეული რკინიგზა კი ნიშნავს გაკოტრებულს, გაკოტრებული კი – გაყიდულს!), ჯენტრიფიკაციით (ანუ მოსახლეობის ჩანაცვლებით) აპირებს თბილისის ცენტრის განახლებას (თუმცა აცხადებენ, რომ ჯენტრიფიკაცია განა ღარიბი მოსახლეობის შეძლებულებით ჩანაცვლებას ნიშნავს, არამედ უბრალოდ რეაბილიტაციასო) და სხვა.
რაც მთავარია, ერთადერთი კონკრეტული შეთავაზება „სიით ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებულ მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტში ეხება ზემონახსენებ ელიავას ბაზრობას (რომელიც ორ სხვა კერძო მესაკუთრეებს გადაუნაწილა გენგემის პროექტის ავტორმა კომპანიამ), ყველა სხვა შეთავაზება (მტკვარზე ბორან-გემით სეირნობით დაწყებული და ხეივნებში ფეხით სიარულით დამთავრებული) არის თეორიული და მხოლოდ ვარაუდი, ანუ კეთილი და ხშირად არც ისე კეთილი სურვილების ნაკრები, რომლებიც თეორიული მსჯელობების გარდა არაფრითაა გამყარებული.
ასეა თუ ისე, (ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ჯარიმებით უკმაყოფილო „სითი ინსტიტუტი საქართველოს“კიდევ ათდღიანი ვადა მიეცა ხარვეზების გამოსასწორებლად (ოღონდ როგორ უნდა გამოსწორდეს ის, რაც მხოლოდ გენგეგმის პროექტის შემქმნელებს მოწონთ, რთული წარმოსადგენია).
კომპანიამ უკვე მიიღო თანხის ძირითადი ნაწილი და, როგორც მისი დირექტორი ამბობს, დარჩენილ 800 000 ლარის გადმორიცხვაა სადავო (ორი მილოინ რვაასი ათასი ლარიდან), თუ არქიტექტურის სამსახურმა არ ჩაიბარა გენგეგმის პროექტი.
გენგეგმის პროექტის ზედაპირულად შეთვალიერებაც კი (არაფერი რომ არ ვთქვათ პროფესიონალების შეფასებებზე) ნათელს ხდის, რომ შემოთავაზებული გენგეგმის პროექტი ვერ წყვეტს დედაქალაქის თითქმის ვერც ერთ გამოწვევას. ამდენად, შესაძლოა, ორი მილიონის დაკარგვაც კი ღირდეს იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი არ უნდა იყოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
ყველაზე საინტერესო მაინც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ ჩაბარების ვადის გადაწევის გამო მერიის მაღალჩინოსნებს წყლის დალევა ურჩია (თუ გაბრაზებულები არიანო). მე, ცხადია, არ ვიცი, გაითვალისწინებენ თუ არა მერიაში ბ-ი ბოლქვაძის რჩევას, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის დანახვაზე გაბრაზებულ თბილისელებს წყლის დალევა ვერ უშველით: აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორის ერთი მოზრდილი მონაკვეთი სწორედ ბ-ნი ბოლქვაძის მიერაა დაპროექტებული.
ნანა მდივანი
მასალის გამოყენების პირობები






