სავსე დახლები, „ცეცხლმოკიდებული“ ბაზარი და სანატრელი მყიდველები-გურიაში 2018 წლის შესახვედრად სამზადისი ჯერ არ დაწყებულა. ამას თავისი მიზეზი აქვს-გამყიდველები გვეუბნებიან, რომ მოსახლეობაში ფული არ არის და გასულ წელთან შედარებით, მყიდველუნარიანობა საგრძნობლად დაბალია.
თუ ბაზრისა და ბაზრობების ფასებით ვიმსჯელებთ, ტრადიციული საახალწლო სუფრის გასაწყობად, ყველაზე ეკონომიურ, მაგალითად 6-სულიან ოჯახის დიასახლისსაც კი, დაახლოებით 400 ლარი დასჭირდება. ამიტომ ბევრი ოჯახი იძულებით, მოკრძალებულად უნდა შეხვდეს წელიწადის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.
„პროდუქტებზე "გაფრენილი" ფასებია, მაგრამ ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, რომელსაც მდიდარი და ღარიბიც აღნიშნავს. ამიტომ, ვეცდები ჩემი სუფრა ნაკლებად მრავალფეროვანი იყოს. გოჭი, ინდაური, ნიგოზი, ხორცი, ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ არჩევანს ძირითადად ბოსტნეულსა და ტკბილეულზე გავაკეთებ“- გვეუბნება შუახნის ქალბატონი, რომლის თქმითაც, მისი ოჯახის შემოსავალი მეუღლის 200-ლარიანი ხელფასი და დედამთილ-მამამთილის 180-180 ლარიანი პენსიაა.
„რას ვაპირებთ და „ვოცნებობთ” მამალსა და დედალზე, ახალი წლის სუფრა კი არა ბანკის კრედიტებს ვერ ვფარავთ სახლში, ძალიან მძიმე დღეში ვართ. შვილიშვილები, რომ გეტყვის ბებიას, ახალ წელს კანფეტი მიყიდეო, რა ვუთხრა- გაძვირდა, პენსია არ ყოფნის მაგას და ფული არ მაქვსო?“-გვეუბნება ბებო, რომელიც გამყიდველს კარტოფილის ფასზე ევაჭრებოდა.
როგორც მოვაჭრეები გვეუბნებიან, ქათმის, გოჭის, ყველის, კაკლის და სხვა ისეთი პროდუქტების, რომელზედაც ახლა დიდი მოთხოვნა უნდა იყოს, ყიდვის მსურველი წელს განსაკუთრებით შემცირდა, მიუხედავად შარშანდელთან შედარებით გაცილებით სტაბილური ფასებისა.
„1კგ. გოჭის ხორცი ღირს 8 ლარი. შარშან 12 ლარი ღირდა. წელს ნაკლები ფასია. ალბათ, უფრო, ახალი წლის წინა დღეებში დაიწყება გაყიდვები. ისე, შარშან ამ დროს უფრო იყო მყიდველები“
„ქათმის ფასი დამოკიდებულია მის სიმძიმეზე, გააჩნია რას იწონის. საშუალო ფასი არის 13-14 ლარი. შარშან ამ დროს, უფრო ძვირი იყო და წელს მყიდველებია ნაკლები. თუ ჩამოივლი და გზადაგზა გაყიდი ესაა. ისე ,შეიძლება მთელი დღე იყო და არ გაიყიდოს. მყიდველების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, ძაან ცოტაა“.
‘ყველი ღირს 9 ლარი, მისი ყიდვის მსურველები ძალიან ცოტაა. შარშან ამ დროს უფრო მეტი იყო“.
„ოჯახის ყველი 8 ნახევარი ლარი ღირს. ქარხნის ყველიც გვაქვს, ფასები დაბალია. შარშანდელთან შედარებით სხვაობა არაა, იგივე მდგომარეობაა წელსაც. მყიდველები საერთოდ არაა. წელს უარესისკენ ვართ კიდე, არაფერი უკეთესი არაა. მყიდველების შემცირებას ვუკავშირებ იმას, რომ თხილი არაა, მანდარინი არ იყო. რაით ივაჭრონ? კაცს 180 ლარი პენსია აქვს, მოვა ხან 1 კგ ყველს წაიღებს და წავა. აა ნისიები, ნისიებიდან ვერ ამოვდივართ. ახალი წელი ხომ უნდა გაითენოს ხალხმა? მე რომ ის პენსია მომიტანონ, რა ივაჭრონ მერე მაგენმა? კანფეტი ხომ უნდა იყოდონ ან რაღაცა მაინ? - წარმოიდგინეთ თქვენი თავი და აიღეთ 180 ლარი, აი, რამდენ ხანს გეყოფათ? ხალხს სესხები აქვთ გამოტანილი და ასე სამარცხვინო დღეში ვართ. 5 ლარის კანფეტი დაერიგებიათ გაჭირვებული ხალხისთვის, მილიარდები რომ აქვთ“
„დაანებე მაგ მილიარდზე ლაპარს თავი, მაგან დაგვღუპა ჩვენ. სახლში ვჩხუბობდით სააკაშვილზე და ივანიშვილზე. იმას მილიარდები აქვს და მოგვცემსო - იძახოდა მამაჩემი და ჩემი ქმარი ეუბნებოდა, რაცხა გაქ, იმასაც წაგართუმსო და ა, თუ არ წაგართვა!.
„შებოლილი სულგუნი ჩემი გაკეთებულია -18 ლარი ღირს და ქარხნის -15 ლარი. ფასები როგორაა და შარშან რომ ვიყავი ერთი ნაბიჯით, ქვევით ვართ ახლა, მეორე წელს კიდო ქვევით ვიქნები და სანამ, ივანიშვილი გვეყოლება, სულ ასე ქვევით და ქვევით ვიართ. ასეა შვილო ასე, მყიდველმა მეიკლო. რომ ყიდულობდნენ იმის ნახევარს ყიდულობენ, მერე კიდე ნახევარს იყიდიან და მერე გადეეჩვევიან, იმ ჩვენი ვირისა არ იყოს....
„ნიგოზის ფასი სხვადასხვაა ქართული ნიგოზი ღირს-28 ლარი და კერკეტა ნიგოზი - 15 ლარი. გატარებული 10 ლარი. ფასები წელს ცოტა დაბალია, ვიდრე შარშან. მაგრამ, მყიდველების რაოდენობამ იკლო. ეს უკავშირდება უფულობას. ფული არა აქვს ხალხს და რა ქნას“?
„ჩურჩხელა ღირს 1,50. ფასი შარშანაც და წელსაც იგივეა, არ შეცვლილა, მაგრამ წელს არაფერი არ იყიდება. ამ პრობლემას მოგვარება უნდა ზევიდან, თორემ გადაღება მარტო რას უშველის“?
„ხორცი ღირს 12-13 ლარი. ფასები ხორცზე შარშანაც ასე იყო, განსხვავება არაფერი არაა. შარშან მყიდველი ბევრად უფრო მეტი იყო. ხალხი ქალაქში არაა, წასულია ზოგი თურქეთში, ზოგი რუსეთში, ზოგი საზღვარგარეთ. ფინანსური კრიზისია“-უყვებიან „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები.
რაც შეეხება ხილსა და ტკბილეულს, განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან, ლარის კურსის ვარდნის პარალელურად, შარშანდელთან შედარებით მათზე ფასები საგრძნობლად მომატებულია. იტალიური და რუსული შოკოლადის ფასი ოცდახუთი-ოცდაექვსი ლარიდან იწყება. შედარებით დაბალი ხარისხის რვა, ათი, თხუთმეტი, ოცი ლარის ფარგლეში შეგიძლიათ შეიძინოთ. 6-7 ლარიდან იწყება კანფეტების ფასი.
შავი და თეთრი ყურძენი 3,50-ლარი ღირს; ვაშლის ფასი 2 ლარიდან იწყება და 4 ლარამდე მერყეობს. ერთი კგ. ბანანი - 3,50-4 ლარია. 1-1,50 ღირს მანდარინი.
ხილის გამყიდველი გვეუბნება, რომ მათი გასაყიდი ფასი შარშან უფრო მაღალი იყო, წელს კი „ვინუჟდენები“ არიან იაფად გაყიდონ:
„იმიტომ, რომ ხალხს ფული არა აქვს და არ იყიდება „ვინუჟდენი“ ვართ, იაფად გავყიდოთ. მყიდველების რაოდენობა არაა, ნაკლებია. შარშან კიდე „ნიჩევო“, მაგრამ წელს ხო „ვაფშე“ არაა. ეს პრობლემა უკავშირდება უფულობას, უმუშევრობას, მაგას რად უნდა ორი სიტყვა. ადამიანს რომ ეზარალა იგი თხილი და ყველაფერი და შემოსავალი არა აქვს, რაით იყიდოს? მეც რომ ვერ ვყიდულობ და არაფერი არ მიმაქვს სახლში, ეს ხომ ვიცი. ორი თვის წინ შემოტანილი ვაშლები იყიდება და მარაგი გვეწუხება უკვე. მერე რა ფასად შემოვიტანთ არ ვიცი“-გვითხრა თამარ ციკულოვამ.
მასალის გამოყენების პირობები






