ქალაქის მერმა რუსთავის #28 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს - კონკურსში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი და #28 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია მაზანიშვილიც ესწრებოდნენ.
საქართველოს პროკურატურის პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ კამპანიის – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, კონკურსი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კონკურსში მონაწილე მოზარდებს, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, სოციალური ვიდეორგოლები უნდა გადაეღოთ. კონკურსის შესარჩევი ტური რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში 17 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას.
მოსწავლეთა მიერ გადაღებული 18 ვიდეორგოლი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსში პირველი ადგილი #28 საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი, #3 და #9 საჯარო სკოლებმა დაიკავეს. რუსთავის #28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნული კონკურსი საქართველოს მასშტაბითაც მოიგეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
„საზოგადოებრივი პროკურატურის“ კამპანია – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“, ოჯახში ძალადობის პრევენციასა და პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებას ისახავდა მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები






