უკვე ორ წელზე მეტია, რაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტი საქარველო“ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლებაზე მუშაობს (თუმცა არავის უნახავს ის მოქმედი გენგეგმა, რომლის განახლებაც ამ კომპანიას დაევალა და, შესაბამისად, წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა განაახლა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“, მეტიც, ვერც შევამოწმებთ, იმ მიზეზით, რომ დოკუმენტი არ არსებობს თვალის მოსაკრავ ადგილას).
წესით, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა უკვე დამტკიცებულიც უნდა იყოს, მაგრამ მასზე მუშაობის პროცესი გაიწელა. გენგემის პროექტისადმი შენიშვნები არა მხოლოდ ადგილობრივმა ექსპერტებმა გამოთქვეს (რომელთა აზრი ყურადაც კი არ უღია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“), არამედ სახელმწიფო უწყებებმაც, რომელთა ნაწილი, სავარაუდოდ, კომპანიამ გაითვალისწინა. თუმცა ყველაზე მძიმედ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გენგეგმის პროექტის მონიტორინგისთვის დაქირავებული საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა გადაიტანა. მეტიც, უკმაყოფილოც დარჩა, თუ რატომ მოიწვია შემკვეთმა, ანუ თბილისის მერიამ უცხოელი ექსპერტი მათ შესამომოწმებლად. თუმცა, მეორე მხრივ, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, არ მოეწვია. სხვათა შორის, არა მხოლოდ უცხოელი, ადგილობრივი ექსპერტებიც უნდა ჩაერთო მონიტორინგში.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ უკმაყოფილებას ნათელს ჰფენს საერთაშორისო ექსპერტის, ერიკ ჰიუბრეხტის, საექსპერტო დასკვნა, რაც, ფაქტობრივად, „საკონტროლო გასროლაა“ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მომზადებული გენგეგმის პროექტის მისამართით, რომლის ვერდიქტითაც, ეს არც მიწათსარგებლობის გეგმაა და არც გენგეგმა; არ აუმჯობესებს თბილისელების ცხოვრებას, ხელყოფს კერძო საკუთრებას, აფრთხობს ინვესტორებს, მერიას აკისრებს მისთვის დაუძლეველ ფინანსურ ხარჯს და უშვებს საბედისწერო შეცდომებს დედაქალაქის განვითარებაში; არ ეფუძნება არანაირ კვლევებს და არ ახლავს ეკონომიკური დასაბუთება. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ერიკ ჰიუბრეხტის შეფასებებიდან. რომელიც საბოლოოდ ასკვნის, რომ, რაც უნდა ჩასწორდეს, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენგეგმის პროექტი მხოლოდ „იდეების ყუთად“ თუ გამოადგება დედაქალაქის მთავრობას.
ხსენებული საექსპერტო დასკვნის გამოქვეყნებისთანავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ შემკვეთი, ანუ თბილისის მერია ფრანგი ექსპერტის მოტყუებაში დაადანაშაულა. მისი განმარტებით, მოწვეულ ექსპერტს დაუმალეს გენგეგმის პრეოქტის სრული ვერსია, აჩვენეს მხოლოდ მცირე ფარგმენტები, დანარჩენი კი უამბეს, რითაც, ნებსით თუ უნებლიეთ, თაღლითობაში დაადანაშაულა ერიკ ჰიუბრეხტი, რომელიც, ბ-ნი სალუქვაძის თქმით, საექსპერტო დასკვნებს სხვების მიერ ნაამბობით წერს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ შენიშვნების ნაწილი, რომლებიც გამოთქვა ერიკ ჰიუბრეხტრმა, გადაწერილია გენგეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტში. მაგალითად: ერიკ ჰიუბრეხტის დასკვნის გამოქვეყნებამდე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვდა რკინიგზის გადატანას თბილისის ზღვაზე და გამოთავისუფლებულ ადგილას სარეკრეაციო ზონისა და ტერიტორიის 10-25-პროცენტზე „და სხვა“ ობიექტების მოწყობას. მას შემდეგ კი, რაც მოწვეულმა ექსპერტმა რკინიგზის გადატანას საბედისწერო შეცდომა უწოდა, თბილისის ზღვაზე მის გადატანას კი – გამოუსწორებელი შეცდომა, ვინაიდან სწორედ თბილისის ზღვიდან მარაგდება სასმელი წყლით თბილისის ნაწილი, „სიით ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი გვარწმუნებს, რომ თბილისის ზღვაზე რკინიგზის გადატანა დაუშვებელია და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ამ პათოსით იყო გაჟღენთილი მისი გამოსვლა „რუსთავი 2-ს“ ეთერითაც, ისევე, როგორც „რუსთავი 2-ს“ ეთერით გასული გენგეგმისადმი მიძღვნილი სიუჟეტიც.
უფრო მეტიც, თუმცა რკინიგზის გადატანა ისევ იგულისხმება გენგეგმის პროექტით (ამჯერად მხოლოდ სატვირთო კომპონენტის), არ არის მითითებული, სად უნდა გადავიდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ რკინიგზის მთლიანად ანი ნაწილობრივ გადატანა აზიანებს საქართველოს რკინიგზას როგორც მატერიალურად, ისე მორალურად: უზრდის ხარჯს და შესაძლოა, გააკოტროს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის არათუ რკინიგზისა და დედაქალაქის, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებას.
როგორც მოგახსენეთ, „რუსთავი 2-მა“ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტს სიუჟეტი მიუძღვნა, პათოსით, თუ როგორ ებრძვის თბილისის მერია კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, რომელმაც დედაქალაქის გადარჩენის გეგმა წარმოადგინა. თუმცა, რეალურად, შემოთავაზებული პროექტი თბილისის მარადიულ სტაგნაციაში დატოვების გარანტიაა.
ხსენებული სიუჟეტი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის პანორამული ჩვენებით დაიწყო, იმის დასტურად, რომ სწორედ ამ ტიპის სიმახინჯეების აღმოფხვრისა და არდაშვების ინსტრუმენტია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული გენგეგმა. ოღონდ ის აღარ უხსენებიათ, რომ სწორედ „სითი ისნტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლის, ანუ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ამჟამინდელი პროექტის ერთ-ერთი ავტორის (ბ-ნი ბოლქვაძის) არქიტექტურული შემოქმედებაა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის განცხადებით, თბილისის მერია იმიტომ აფეხებს მათი გენგეგმის პროექტის მიღებას, რომ იმ ჩინოვნიკთა ინტერესები არ გაითვალისწინეს, რომლებსაც ქალაქის ამჟამინდელ მდგომარეობაში დატოვება, ანუ უკონტროლო მშენებლობებისთვის გაწირვა უნდათ.
რეალურად კი, გენგემის პროექტი იმ მასშტაბშია შესრულებული (და ამას საერთაშორისო ექსპერტიც შენიშნავს), რომ შეუძლებელია მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების დადგენა, ანუ უკონტროლო მშენებლობებს კვლავ უკონტროლოდ რჩება, ოღონდ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თითს მერიისკენ იშვერს, მიუხედავად იმისა, იცის, რომ მის მიერ შეთავაზებული გენგემით მშენებლობები ვერ გაკონტროლდება.
რაც მთავარია, სწორედ დეველოპერების ინტერესია გათვალისწინებული რკინიგზის გადატანაშიც, რის მიზანიც ქალაქის ცენტრში მშენებლობებისთვის ადგილის გამოთავისუფლებაა, სხვა დატვირთვა დედაქალაქის საკომუნიკაციო კვანძის მოშლას არ აქვს. თუმცა ეს საკომუნიკაციო კვანძზე მეტია: ეჭვქვეშ დგება საქართველოს რკინიგზის რენტაბელობა.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი დარწმუნებით აცხადებს, რომ დედაქალაქი მზად არ არის მის მიერ მომზადებული გენგეგმის განსახორციელებლად, იმიტომ რომ თბილისის მერიას აკლია კომპეტენცია, მეორე მხრივ კი, გენგემაში არ არის არც ერთი კვლევასა და გათვლაზე დაფუძნებული რეკომენდაცია, იმას გარდა, რომ არ ახლავს არანაირი ეკონომიკური დასაბუთება. მათ შორის, ერიკ ჰიურეხტის შეფასებითაც.
მამუკა სალუქვეძე იქვე შენიშნავს, რომ თბილისის მერიას ორი წლის წინათ მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადება შესთავაზეს, რაზეც მერიამ უარი უთხრა, თუმცა მსგავსი შეთავაზება არსადაა მითითებული. იმას გარდა, რომ დაჩაგვრის მიზეზად ასახელებს მერიის დაკვეთების შეუსრულებლობას, ანუ უკონტროლო მშენებლობების პროცესის გაგრძელებას. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ ზემოთქმულს, რომ „სითი ინსტიუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტი ისეთ მასშტაბშია შესრულებული, რაც უკონტროლო მშენებლობებს კვლავ უკონტროლოდ ტოვებს, ბრალდება , რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.
გენგეგმისადმი მძღვნილ სიუჟეტში განგაშის ზარები იყო დარისხებული რეკრეაციული ზონების გაუქმებაზე და იმის ხაზგასმა, რომ გენგეგმა, პირიქით, რეკრეაციული ზონების გამრავლებაზეა ორიენტირებული, თუმცა ერიკ ჰიუბრეხტიც შენიშნავს, რომ. გემგეგმის პროექტით, რეკრეაციული ზონების მოწყობა დაგეგმილია ქალაქის გარეუბნებში, რაც დედაქალაქის ეკოლოგიურ ვითარებას ვერ გააუმჯობესებს. მეტიც, გენგეგმის პროექტით სტატუსი ეცვლებოდა მთაწმინდის ფერდს, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას (ცხადია, ახალმშენებლობების წამოწყების მიზნით). მხოლოდ „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროტესტის შემდეგ განაცხადა მამუკა სალუქვაძემ, რომ ეს კონკრეტული ადგილი ძველი გენგეგმიდან გადმოიწერეს მექანიკურად. თუმცა, პროტესტი რომ არ მოჰყოლოდა, ფაქტია, რომ გენგეგმის პროექტში დარჩებოდა და სწორედ უკონტროლო მშენებლობების წყარო იქნებოდა. იმას გარდა, რომ ისიც არავინ იცის დაზუსტებით, ჰქონდა თუ არა შეცვლილი სტატუსი აღნიშნულ ტერიტორიას ძველ გენგეგმაში თუ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გადააბრალა.
ერთი სიტყვით, სიუჟეტიც რიტორიკულად დასრულდა (ვინმემ უნდა დაუსვას წერტილი თბილისში არსებულ ვანდალობასო) და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის პათოსიც ასეთივეა.
გამომდინარე იქიდან, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა დედაქალაქის ვერც ერთი გამოწვევას ვერ პასუხობს და ვერც ერთ პრობლემას ვერ აგვარებს, იმას გარდა, რომ უმატებს, ვფიქრობთ, საუკეთესო ფინალი დედაქალაქისთვის ახალი გენგემის შემუშავებაა, რომელიც თბილისელების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს, ადგილობრივი ექსპერტების აზრსაც გაითვალისწინებს, საფრთხეს არ შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, დედაქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მიხეილ ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






