“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების ფაქტებს აპროტესტებენ და აქცია-მსვლელობას აწყობენ. აქცია-მსვლელობა ყოველწლიური მსვლელობის "არ დავთმოთ ღამე"-ს ფარგლებში მიმდინარეობს.
ორგანიზაციის მიერ facebook-ზე გავრცელებულ მოწოდებში აღნიშნულია, რომ:
"წლევანდელი მსვლელობა ეძღვნება მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას, ამიტომ, მსვლელობას გმირთა მოედნიდან დავიწყებთ. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ცნობილია, როგორც მოძალადეების ერთ-ერთი ნაცადი თავშესაფარი. ამ გადასასვლელთან ისტორია არაერთ ქალს და გოგონას აკავშირებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, რომლებსაც ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო uნივერსიტეტთან სიახლოვის გამო ხშირად უწევთ გმირთა მოედნის გადაკვეთა.

როგორც ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სტატიები ცხადყოფს, მიწისქვეშა გადასასვლელების მძიმე მდგომარეობაზე ყურადღებას თბილისის ხელისუფლებაც ამახვილებს და გმირთა მოედნის გადასასვლელის რეაბილიტაციაც უკვე დაიწყო. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ზოგად პრობლემატიკაზე და არაფერს ამბობენ ქალთა მიმართ ძალადობისთვის შექმნილ სასათბურე პირობებზე. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მიწისქვეშა გადასასვლელების უსაფრთხოების საკითხს მხოლოდ სანიტარული დატვირთვა არ მიეცეს და განიხილებოდეს, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი."
“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” კონკრეტულ მოთხოვნებსაც აყენებს:
"1. სათანადო ყურადღება მიექცეს ამ საკითხის მნიშვნელობას სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში;
2. დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს განათებების პრობლემა ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში;
3, მოხდეს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება, რადგან განათებების მოწესრიგება პირველი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია ძალადობის შესაჩერებლად. ქალებს გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე საჯარო სივრცეები, რათა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევძლოთ თავისუფალი გადაადგილება."

"ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" მიერ ორგანიზებულ მსვლელობას სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება.
ნინო ლომჯარიას თქმით, სექსუალური შევიწროება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა.
"სტერეოტიპული დამოკიდებულება და რეაგირების მექანიზმის არარსებობა პრობლემას უფრო მასშტაბურს ხდის. კრიტიკულად დაბალია შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს რატიფიცირებული ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ პირდაპირ ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციას, სარატიფიკაციო პაკეტში აღნიშნული საკითხი ვერ მოხვდა.
საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სექსუალური შევიწროების დეფინიციისა და მასზე რეაგირების პროცედურების დადგენის მიზნით. ამასთან აუცილებელია ხელი შეეწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პრევენციის სხვა ღონისძიებებს", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
მასალის გამოყენების პირობები






