„რას გვიშვება ეს თაობა?“ - კითხვა, რომელიც „ამ თაობაში“ ყველაზე დიდ უსამართლობის გრძნობას იწვევს... რომ დავფიქრდეთ რითი ვიყავით „ამ თაობაზე“ უკეთესები, ალბათ საკუთარ თავს კითხვაზე პასუხს ვერ გავცემთ. თუმცა, იმას რასაც საკუთარ თავს არ ვთხოვთ, მარტივია მოვთხოვოთ სხვას!
რას გვიშვება ეს თაობა? – „ეს თაობა“ ცდილობს იყოს მართალი, თავისუფალი და შემოქმედებითი... სწორედ ამიტომ, გვსურს მოგიყვეთ ერთი ქართველი თინეიჯერის შესახებ, რომელიც დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული, რომელიც ცდილობს საკუთარ შემოქმედებაში ასახოს ის „რასაც ეს თაობა გვიშვება“...
ელენე ინწკირველი 17 წლის გოგონაა, რომელიც წარმოშობით გურიიდან არის, ცხოვრობს ოზურგეთის რაიონში, ელენე აბიტურიენტი და ამასთანავე, ძალიან საინტერესო პერსონაა...
ალბათ გაცილებით სამართლიანი იქნება აზრს მოკლებული კითხვის „რას გვიშვება ეს თაობა“ ყველა ბრუნვაში ტრიალი ნაცვლად, მსგავსი ნიჭის აღმოჩენითა და მათი გაზრდა-მოვლით ვიყოთ დაკავებულები... გაიცანით ამ თაობის წარმომადგენელი, ელენე ინწკირველი:
- წარმოიდგინე, რომ გახსოვს დაბადებამდე შენი ცხოვრება, როგორ აღწერდი მას?
- რამდენჯერმე დავფიქრებულვარ მსგავს საკითხზე, იმიტომ რომ ხშირად მაქვს უცნაური და აუხსნელი შეგრძნებები. დაბადებამდე ჩემი თავი ბუნების განუყოფელ ნაწილად წარმომიდგენია, არ მგონია ადამიანი ვყოფილიყავი, რადგან ერთ-ერთი აუხსნელი შეგრძნება რაც მაქვს ადამიანებთან გაუცხოვება და ბუნებასთან ძლიერი კავშირია.
- მოგვიყევი ვინ იყავი? ვინ ხარ? ვინ იქნები?
- მე ვიყავი ძალიან ჩაკეტილი, მდუმარე ბავშვი. დედაჩემს რომ კითხოთ თავიდანვე ჩამოყალიბებულ ქალად დავიბადე. უფროსების კარგად მესმოდა და არც ბავშვურად ვიცოდი ხოლმე რაიმეს დაჟინებით თხოვნა, თუმცა გონებით ძალიან მეოცნებე ვიყავი, მუდამ ჩემს სამყაროში ვცხოვრობდი და ყოველთვის წარმოვიდგენდი რომ რაღაც განსაკუთრებული უნარი მქონდა. J ახლა მომავლის სწორი დაგეგმვით ტვინგადამწვარი თინეიჯერი გახლავართ. ვცდილობ ჩემი შინაგნი სამყარო მოვარგო რეალობას, თუმცა არც ისე კარგად გამომდის. რაც შეეხება მომავალ „მე“-ს, ვერაფერს ვიტყვი დანამდვილებით, მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც იპოვის/შეიცნობს თავის თავს (თუმცა ეს შეუძლებლად მიმაჩნია ამ სამყაროში)
- რას ელი ცხოვრებისგან?
- ცხოვრებისგან ველი ბევრ იმედგაცრუებას ანუ კიდევ უფრო დიდ სტიმულს ცხოვრებისა.
- ფიქრობ თუ არა, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ოცნება ბედნიერია? ხარ თუ არა ბედნიერი ანუ გაქვს თუ არა ოცნებები?
- ჩემი აზრით, ადამიანი, რომელსაც ცოტა ხნით მაინც შეუძლია მოწყდეს რეალობას, რა თქმა უნდა ბედნიერია. თუმცა, ოცნება მხოლოდ სინამდვილისგან გაქცევა არ არის, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ფანტაზია ხშირად დამხმარებია რაიმე ჩახლართული ამოცანის გადაწყვეტაში (იქნებოდა ეს ცხოვრებისეული თუ მათემატიკური). საგნების თუ მოვლენების სხვადასხვა მხრიდან განსჯა თუ გასამართლება, ასევე ფანტაზიორი გონების დამსახურებაა. მე ჩემი ირეალური სამყაროთი ბედნიერი ვარ, თუმცა მაწუხებს ის ფაქტი, რომ მას რეალობას ვერ ვუწყობ ხოლმე. ამიტომ ჩემს სამყაროში შექმნილი ოცნებები აქეთ მიზნებად გადმომაქვს. ახლა ძალიან მინდა მოგზაურობა კოსმოსში, მინდა ვნახო როგორ შეიქმნა სამყარო და არა მარტო ჩვენი, ის სამყაროები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს. კიდევ მინდა მქონდეს დიდი სახელოსნო, უზარმაზარი დარბაზი, რომელიც მზად იქნება დაიტიოს ჩემი ნამუშევრები და დააკმაყოფილოს ჩემი ინტერესის სფეროები, ანუ მინდა შევქმნა ჩემი ოთახის გადიდებული ვერსია.
- რაც შეეხება ხატვას, როდის აღმოაჩინე რომ დიდი ნიჭით ხარ დაჯილდოებული?
- ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა საგნების უცნაურად აღქმა და მათი ფურცელზე ფერებით გადმოტანა 2-ნახევარი წლის წინ დავიწყე. თითქოს უცებ გავივსე გრძნობებით და მჭირდებოდა რაღაც, რაც გამათავისუფლებდა, უცნაურად, თავისთავად მოხდა, ასახსნელად რთულია, თუმცა ახლა რომ ვაკვირდები, ეგ გარდატეხა ერთ ჩვეულებრივ დილას, გაბრწყინებული თვალებით გაღვიძებას გავდა.
- როგორ ფიქრობ, გამოგადგება თუ არა შენი ნიჭი ცხოვრებაში იმისათვის, რომ აისრულო შენი ოცნებები?
- ხატვა ხშირად დამხმარებია მარტოობის, უხასიათობის, უიმედობის დროს. ასეთი მეგობარი, ვფიქრობ, ნამდვილად დამეხმარება მიზნად ქცეული ოცნებების მიღწევაში.
- მოგვიყევი შენი ჰობის შესახებ?
- ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. თავისუფალ დროს ვხატავ, ვმღერი, მუსიკას ვუსმენ, ვუკრავ ან ყველაფერს ერთად. ფერებით ხატვის დაწყებისას ერთი უცანური ჩვევა მაქვს, ზოგჯერ სარკესთან მივდივარ და ჯერ საკუთარ სახეზე ვხატავ , თვალის გარშემო რაღაც ფიგურებს, ამის შემდეგ ვიწყებ ფურცელზე ხატვას. რაც შეეხება ჩემს ოთახს, იქ მგონი ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანი შეძლებს იპოვოს მისთვის სასურველი კუთხე. სამხატვრო ნივთები, ნამუშევრები , ხელნაკეთები, მუსიკალური ინსტრუმენტები , ფოთლები, ყვავილები (ძველი თუ ახალი) და ასე შემდეგ. მიყვარს კითხვა, ქსოვა, ძველი ნივთებისგან რაიმე ახლის შექმნა. ასევე, სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთება სხვებისთვის. გორგოლაჭბით და ველოსიპედით ხშირად ვსეირნობ ხოლმე, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის სასურველ ადამიანებთან ერთად სეირნობაა ბუნებაში. მე და ჩემი მეგობარი ხშირად დავხეტიალობთ ჩვენთვის საინტერესო ადგილებში.
- გიყვარს თუ არა მუსიკა და გეხმარება თუ არა ხატვის დროს? რა ჟანრის მუსიკას უსმენ?
- თუ ამის საშუალება მაქვს არასდროს ვხატავ მუსიკის გარეშე. მელოდიები კიდევ უფრო მეხმარება ფერებთან ურთიერთობაში, უფრო მეტად აცოცხლებს და სულს უდგამს ნახატს. თუ მუსიკა არ მაქვს, მინიმუმ მე ვიწყებ ხოლმე სიმღერას და მაშინ უკვე ფანქრები თუ ფუნჯები, სამხატვრო ხელსაწყოებთან ერთად მუსიკალური ინსტრუმენტებიც ხდება. უმეტესად ვუსმენ როკს, ჯაზს, ბლუზს, კლასიკას. თუმცა ეგეც ჩემი განწყობიდან გამომდინარეობს.
- გაქვს თუ არა დევიზი, რომელსაც ცდილობ მიჰყვე?
- დევიზი... არა, ერთი კონკრეტული დევიზი არ მაქვს. ან მაქვს, თუმცა, არასდროს დავკვირვებივარ ისე, რომ სიტყვებით ავხხსნა.
- როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ არ იყოს ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი?
- ერთფეროვნების მოსაშორებლად ყველა საკუთარ თავს და მიზნებს უნდა მიჰყვეს. ერთბაშად რთულია, თუმცა ადამიანი ამისთვის უნდა გათავისუფლდეს ჩარჩოებისა თუ სხვისი აზრების განკანონებისგან.
- ფიქრობ თუ არა, რომ თავისუფლება ადამიანის უპირველესი უფლებაა და ცდილობ თუ არა შენს შემოქმედებაში ეს უპირველესი უფლება ასახო?
- ჩემს შემოქმედებაში უმეტესად ვცდილობ საკუთარი თავის ასახვას, დაფშვნას და ალბათ ესეც გათავისუფლების ერთ-ერთი ხერხია.
- ხარ თუ არა თავად თავისუფალი?
- მე ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე თავისუფალი ვარ, ასე ალბათ არც შეიძლება აქ, ამ დედამიწაზე. უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელიც შენდაუნებურად განსაზღვრავს ხოლმე გარკვეულ მოვლენებსა თუ სიტუაციებს. მე ვცდილობ თავისუფლების მაქსიმუმს მივაღწიო, თუმცა როგორ გამომდის და რა გამოვა არ ვიცი .
- ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი და რატომ?
- ჩემი საყვარელი მხატვარი არის სალვადორ დალი, შერეკილი, როგორც ყველა ხელოვანი, სრულიად უტაქტო და არაადექვატური, თუმცა , ჩემი აზრით გენიოსი. მისი ნამუშევრების ხელახლა ნახვისას მუდამ რაღაც ახალს ვხედავ, ახალ დეტალს ვამჩნევ. ის პირდაპირ არაფერს ამბობს, და თითოეულ დეტალს რაღაც მნიშვნელობით იყენებს.
- რამდენად ღირებულია შენთვის სიმართლე და ცდილობ თუ არა სიმართლის წარმოჩენას შენს შემოქმედებაში?
- სალვადორ დალიც სწორედ ამ სიმართლის გამო მიყვარს და საერთოდ, ტყუილით შექმნილი ხელოვნება აღარც კი არის შემოქმედება. ჩემთვის საშინელება იქნებოდა ტყუილი ემოციით შექმნილი ნამუშევარი მაშინ, როცა ხელოვნებით ჩვეულებრივ გრძნობებისგან თავისუფლდები და სულის მდგომარეობას გადმოსცემ, ან რაიმეს მოუწოდებ საზოგადოებას, რაც ასევე შიგნიდან გამომდინარეობს. ტყუილი კი არა, ხშირად ვინმესთვის უბრალო ყვავილსაც კი ვერ ვხატავ , თუ მე არ მომინდა, ამის გამოც ბევრი დამიტოვებია ნაწყენი.
- რომ შეგეძლოს სხვა პლანეტაზე ცხოვრება რომელს აირჩევდი და რატომ?
- ერთს არ გამოვარჩევდი, ყველა პლანეტა ძალიან მაინტერესებს. ჩვენს მზის სისტემაში სათითაოდ ყველას მოვივლიდი მათი თანამგზავრებიანა და მერე სხვა გალაქტიკებშიც გადავიდოდი.
- წარმოიდგინე, რომ დედამიწაზე ყველაფერი გაქრა, გაქვს ფანქარი და თეთრი ფურცელი, უნდა დახატო წარსული ცხოვრებიდან ერთი მოგონება, რას დახატავდი?
- დედამიწაზე ყველაფერი რომ გამქრალიყო ცოტა ხანი არაფერს დავხატავდი, მერე როცა ეს სიცარიელე მომბეზრდებოდა, ალბათ იმ მოგონებას გადმოვიტანდი როცა ტყეში ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად. თუმცა ალბათ სიცარიელე უფრო მიმახვედრებდა ზუსტად რაც დამაკლდებოდა.
- და ბოლოს, სიყვარული არის...
- მგონი ის, რამაც ერთ ჩვეულებრივ დღეს თვალებგაბრწყინებული გამაღვიძა, როგორც ზემოთ ვახსენე.
მასალის გამოყენების პირობები