თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა – რეკეტის ახალი ფორმა!
კომპანიამ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტი მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე წარუდგინა. იმედია, სრული, რადგან კომპანიის დირექტორი აქამდე აცხადებდა, რომ ფრანგმა ექსპერტმაც კი არასრულყოფილად შეაფასა მათი შემოქმედება (შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ექსპერტმა გენგეგმის პროექტი დაიწუნა), იმ მიზეზით, რომ ერიკ ჰიუბრეხტს პროექტის სრული ვარიანტი არ აჩვენეს. თუმცა რატომ არ უნდა ეჩვენებინა თბილისის მერიას (გენგეგმის შემკვეთს) თავის მიერვე დაქირავებული უცხოელი ექსპერტისთვის გენგეგმის პროექტის სრული ვერსია, გაუგებარია.
მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ამჯერად ჩვენ იმაზე ვიმსჯელებთ, თუ როგორ გადაანაწილა კერძო კომპანიამ (ანუ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“) სადავო კერძო საკუთრებები ამ ჩვენი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტში.
გენგეგმის პროექტის საბოლოო ვერსიით (რომელიც, საბედნიეროდ, თბილისის საკრებულოს ჯერ არათუ არ დაუმტკიცებია, არც კი განუხილავს), ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკის მოწყობა იგეგმება – მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებშიო, რათა თბილისელებს მტკვართან მისასვლელი ჰქონდეთ და წყლის პირას სუფთა ჰაერითაც დაატკბონ საკუთარი ფილტვები, ოღონდ ამ კონდიციამდე მისასვლელად, სულ მცირე, მტკვრის გაწმენდა (რომ რამემ სუფთად დაუბეროს იქიდან) და მარცხენა სანაპიროს გადაკეტვაა საჭირო.
ამ დიადი ძვრების (და მერე რა, რომ ჯერჯერობით უტოპიურის?!) მოტივად „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მეტად კეთილშობილურ არგუმენტებს იშველიებს, მოვიხმობ ციტატას გენგემის პროექტიდან: „ეს პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივი (ანუ ელიავას ბაზრობის მიმდებარედ მცხოვრები) მოსახლეობის კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვრონ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე საპარკო სივრცის მოწყობის შემთხვევაში, დღეისათვის დეგრადირებული, დაბინძურებული, სამანქანო მოძრაობით გადატვირთული უბანი შეიძენს საცხოვრებლად, ბიზნესის საწარმოებლად, დასვენებისა და გართობის მიმზიდველ არეალად ჩამოყალიბების უნიკალურ პერსპექტივას (დამეთანხმებით, თუ მწვანე პარკი იქმნება, რა ტიპის ბიზნესის წარმოებას უნდა შეეწყოს ხელი?!).“
და თუმცა ეს, სულაც, არ არის გენგეგმის საქმე, პროექტში მითითებულია, თუ სად უნდა გადავიდეს ელიავას ბაზრობის ერთი და მეორე ნაწილი. კვლავ ციტატას მოვიშველიებ გენგემის პროექტიდან: „ელიავას ბაზრობის მეორე ნაწილის რელოკაცია მიზანშეწონილად მიგვაჩნია ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, დ. გურამიშვილის გამზირსა და ფეიქართა ქუჩის შორის. მოგეხსენებათ, რომ ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, 2016 წლის 10 მაისის წერილით, ოფიციალურად დაუფიქსირა, რომ დაინტერებულია აღნიშნული არეალიდან გასვლაში. შედეგად, შესაძლებელია გათავისუფლდეს 72 ჰა ტერიტორია.”
თითქოს მშვენიერი წინადადებაა, რომ არა ერთი მაგრამ: ტერიტორია, რომელსაც „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ასე უშურველად გადასცემს მეორე კერძო კომპანიას, დაყადაღებულია, რადგან ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი მეპატრონეები მათთვის უკანონოდ წართმეული ქონების უკან დაბრუნებას სასამართლო გზით მოითხოვენ. მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ უკვე დაუკმაყოფილა სარჩელი და ახლა მხოლოდ სააპელაციოს ვერდიქტსღა ელოდებიან. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დავა ყოფილსა და ამჟამინდელ მეპატრონეებს შორის ახლა არ დაწყებულა, გრძელდება, რთული სათქმელია, რატომ მიანიჭა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ თავის თავს სასამართლოზე მეტი ფუნქცია (ანუ იბადება კითხვა: ვის ინტერესებს ატარებენ სხვების კერძო საკუთრების ხარჯზე და რატომ აღარ ახსენდებათ კონსტიტუცია, რომლითაც საკუთრების უფლებაცაა გარანტირებული?!).
საკითხში უკეთ გასარკვევად „აეს გრუფის -1990-ს“ დირექტორს, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილ მეპატრონეს, ავთანდილ საყვარელიძეს, დავუკავშირდით.
–თქვენ სასამართლოში დაობთ თქვენი ქონების, ანუ ელეტროვაგონშემკეთებელი ქარხნის დასაბრუნებლად, არადა თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტით, „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ თბილისის მერიას ელიავას ბაზრობის გადასატან ტერიტორიად სწორედ ელექროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია შესთავაზა.
–მე თქვენგან ვიგებ პირველად ამ შეთავაზების შესახებ. ვინ შესთავაზა?!
–ეს წერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში, რომელიც ამ პროექტის ავტორმა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ წარუდგინა მერიას ჩასაბარებლად. ამ შეთავაზების საფუძვლად აღებულია ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელის მიმართვა მერიისადმი, რომ ის უარს ამბობს ამ ტერიტორიაზე და გადასცემს თბილისის მერიას უანგაროდ და უსასყიდლოდ. მეც წარმოუდგენლად მეჩვენა ასეთი შეთავაზება და იმიტომ დაგიკავშირდით.
–ძალიან დამავალებთ, თუ ამ დოკუმენტს გამომიგზავნით. თბილისის ელექტროვაგონშეკეთებელი ქარხნის კუთვნილი ტერიორია 2008 წლის აგვისტოს ომიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ბანდიტური გზით, შეიარაღებული პირების თანხლებით, ღამის ორ საათზე ძალადობრივად მიიტაცა კეზერაშვილ–წილოსანის დუეტმა. მათ წაგვართვეს ჩვენი კუთვნილი აქციები, რის შემდეგაც იძულებით ემიგრაციაში წავედით, მივიღეთ პოლიტიკური დევნილის სტატუსი ავსტრიაში და მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. დაბრუნებისთანავე შევიტანე სარჩელი სასამართლოში, რის ბაზაზეც ეს ტერიტორია დაყადაღებულია და მას ვერავინ ვერავის გადასცემს. ამა წლის 17 მაისს უკვე დადგა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. ჩვენ მოვიგეთ პროცესი და ვიბრუნებთ ჩვენს ქონებას; დეკემბერში უნდა გაიმართოს ამ დავის სააპელაციო განხილვა, რომ ბოლომდე დავიბრუნოთ ჩვენი ქარხანა და, შესაბამისად, ჩვენი კუთვნილი ყველა აქტივი.
–ანუ მეორე მხარემ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება?
–რა თქმა უნდა. წილოსან-კეზერაშვილის მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მათი დუეტი განუყოფელია, თუმცა 14 დეკემბერს საქმეს განიხილავს სააპელაციო სასამართლო და ჩვენ დავიბრუნებთ უკანონოდ წართმეულ ქონებას. როგორც ჩანს, წილოსან-კეზერაშვილის დუეტი ფიქრობს, რომ გრძელდება ის სტილი, რაც კეზერაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო: ვიღაც სახელმწიფოს რაღაცას აჩუქებდა და თავს გამოისყიდიდა. ვერ გამოდიან თავიანთი მმართველობის წესებიდან. სასამართლოს აგებენ და ამ გზით ცდილობენ თავის დაძვრენას.
–გულისხმობთ წილოსანის მიერ შარშან თბილისის მერიისთვის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის ჩუქების თხოვნას? მეორე მხრივ, თუ აჩუქა, რაღას დაობს?
– რასაც ჩვენ ვუყურებთ, ამ დუეტის მოქმედების სახით, ეს არის კოჰაბიტაციის მახინჯი ფორმა. იქნებ სახელმწიფოს შევთავაზოთ ეს ტერიტორიაო, რომელიც მათი არ არის და არც არანაირი შეხება არ აქვთ და ასე ფიქრობენ, აიცილონ თავიდან პასუხიმგებლობა სხვისი ქონების მითვისების გამო.
–საინტერესო ისაა, რომ გენგეგმაში, მართალია, ნათქვამია, რომ წილოსანმა წერილობით მიმართა მერიას, გადმოგცემთ ტერიტორიასო, თუმცა მერიის პასუხი არ არის ცნობილი.
–ვერავის ვერაფერს გადასცემს, იმიტომ რომ წილოსანი არაფრის მფლობელი არ არის. მან 2008 წლიდან დღემდე ნაძარცვი ფულით უზარმაზარი ქონება შეიძინა და იქიდან შეუძლია, აჩუქოს სახელმწიფოს, რაც გაუხარდება ან ვინმე სხვას, ან გაწიოს ქველმოქმედება. აი, იმ თავისი ქონებიდან, რომელიც ჯერჯერობითაა მისი. რადგან ჩვენ ამ ეტაპზე ვდაობთ მხოლოდ ქარხნის დაბრუნებაზე, მაგრამ ამის შემდეგ დავიწყებთ სამართლებრივ დავას ჩვენთვის მოპარული ფულის გამო, რაც 100 მილიონზე მეტია. ამდენად, წილოსანი ამ ტერიტორიას ვერ შეეხება, თავისი სხვა ქონებიდან კი ვისაც უნდა, რაც უნდა აჩუქოს.
რაც შეეხება თვითონ ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას: 2008 წელს, სანამ ჩვენ ვმართავდით ქარხანას, იქ 1 000 ადამიანი მუშაობდა და გამოვუშვით უნიკალური პროდუქტი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს რკინიგზაზე – ელქტრომატარებლები, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებებით, მსოფლიოს წამყვან ჩინურ კორპორაცია „სიერერსისთან“ ერთად. ჩვენ ახლაც გავიმარჯვეთ რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ვიწყებთ ახალი ქარხნის მშენებლობას ავჭალაში, რომელიც, ასევე, სალიანდაგო ტრანსპორტს გამოუშვებს. ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ის ტერიტორია, რომელიც განლაგებულია დადიანის ქუჩაზე, ჯერჯერობით, ალბათ, თავის საწარმოო ფუნქციას შეასრულებს, თუმცა მომავალში სხვა გეგმები გვაქვს: 2008 წელსვე იყო ჩემი იდეოლოგია, რომ ეს ტერიტორია გამხდარიყო ქალაქის საქმიანი-დასასვენებელი-საცხოვრებელი ცენტრი, სადაც გაშენდება სუპერთანამედროვე ახალი კვარტალი, რომელიც ქალაქისთვის ფუნქციონალურად გაცილებით მნიშვნელოვანი და საჭიროა. მსოფლიოს წამყვან დელევოპერებთან ვმუშაობთ უკვე ათი წელია და ეს ჩანაფიქრი განხორციელდება, როგორც კი ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს კანონიერ ქონებას. ვიმეორებ, წილოსან-კეზერაშვილს ამ საკითხთან არ აქვს არანიარი შეხება, მათ ჰგონიათ, რომ ჰქონდათ, მაგრამ ცხრა წლის განმავლობაში მხოლოდ ძარცვეს იქაურობა და გაანადგურეს.
–ამჟამად მუშაობს წარმოება?
–არ მუშაობს, ჩვენთვის წართმევის დღიდან გაჩერდა, ათასი ადამიანიდან კოლექტივი შემცირდა ას ადამიანამდე; განადგურდა და გაჩანაგდა იქაურობა. იმიტომ რომ მათთვის მთავარი სხვა რამ იყო და არა წარმოების განვითარება. ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა 2010 წელს: ამ ჩვენგან მითვისებულ ქონებაზე კეზერაშვილმა და წილოსანმა გამოცხადეს აუქციონი და შეეცადნენ მის 400 მილიონ დოლარად გაყიდვას, რაც არ გამოუვიდათ. რადგან ჩემი პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნის პროცესში ევროპულ სასამართლოში განიხილებოდა ეს საკითხი. ამდენად, დაიბლოკა მათი ეს ჩანაფიქრი და ვერ მოახერხეს ეგრეთ წოდებული კეითლსინდისიერი მყიდველის პოვნა.
–ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ გენგემის პროექტში მისმა ავტორებმა განკარგეს თქვენი ქონება და სულ სხვა მიმართულებით გადაანაწილეს. რას მოიმოქმედებთ?
– რაც შეეხება გენგეგმას: ეს ჩემთვის ცოტა უცნაური და წარმოუდგენელია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხდეს ისე, რომ კანონიერი მეპატრონის გადაწყვეტილების გარეშე მათ მიერ, ვისაც არანაირი გეხება არ აქვს ამ, განიკარგოს ქონება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გაეკეთებინა მერიის სამსახურს.
–მერია ჯერჯერობით არაფერ შუაშია და, როგორც მე ვიცი, არც ელიავას ბაზრობის მფლობელებთანაა შეთანხმებული ეს საკითხი.
–ისიც ძნელად წარმოსადგენია, რომ მათ, რომლებმაც ეს იდეა განიხილეს, არ იცოდნენ ამ ტერიტორიის რეალური ისტორია. თუმცა, თუ არ იციან, ახლა გაიგებენ, თქვენი პუბლიკაციიდან. როდესაც რაღაც ტერიტორიაზე რამის განთავსებას აპირებ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაელაპარაკო იმ ტერიტორიის კანონიერ მფლობელს. ამას ამბობს კანონმდებლობაც და ასეთია ბიზნესის წესიც. ჩვენ არავინ დაგვლაპარაკებია და არანაირი შემოთავაზება არ განუხილავთ ჩვენთან, თუმცა შორეულ პერსპექტივაში მე თვითონ მაქვს დამუშავებული პროექტი, რომ, როგორც გითხარით, ეს ტერიტორია იქცეს ქალაქის სულ სხვა დატვირთვის მქონე ობიექტად და სულ სხვა დანიშნულება შეიძინოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეთანდელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული იმ გზით სიარულში, რაც აქამდე იყო.
–ამჟამად თქვენთვის წართმეული ქონების მფლობელი კეზერაშვილიც არის?
–ოფიციალურად არა, წილოსანმა თითქოს გამოისყიდა კეზერაშვილის წილი და გადაუხადა ფული, თუმცა არფორმალურად კეზერაშვილი კვლავ რჩება მეწილედ წილოსანთან ერთად.
–თუ სწორად გავიგე, თქვენ ელით, რომ 14 დეკემბერს სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის საამრლსო გადაწვბეიიელაბსჰ
–ცხადია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კუთვნილი ქონება. ჩვენ ვაპირებთ, დავაბრუნოთ ჩვენი თანამშრომლები, რადგან ახალი ქარხნის მშენებლობა ასე მალე ვერ მოეწრება და ვაპირებთ ავამუშაოთ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, რაშიც ჩვენი პროფესიონალი პერსონალის ჩართვა აუცილებელია.
ნანა მდივანი
მასალის გამოყენების პირობები






