პრობლემა კომპლექსურია და სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით შეიძლება აიხსნას. ერთ-ერთი მიზეზი სოციალურ ქსელებია, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელია მკვლევარების ყურადღება მიიპყრო. პრობლემა თითქმის უნივერსალურია და შესწავლილი ქვეყნების უმეტესობაში ფიქსირდება.
14 წლის ასაკში ოთხიდან ერთ ბრიტანელ გოგოს დეპრესია აღმოაჩნდა, ბიჭებში - ყოველ მეათეს. გამოკითხული გოგონების 24-მა პროცენტმა დაადასტურა, რომ თავს უბედურად და უმწეოდ გრძნობს, მარტოობას და საკუთარი თავის სიძულვილს განიცდის. ამას გამოკითხული მშობლების მხოლოდ 18 პროცენტი აცნობიერებს. მოზარდები ამბობენ, რომ სოციალური მედიის მხრიდან უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან. სკოლაში გავრცელებულ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ დევნას, დაცინვას, ჩაგვრას და ტერორს, რასაც ბულინგს ეძახიან, დაემატა სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიბერ-ბულინგი.
ამერიკელ მოზარდებში დეპრესიის ზრდას “უზარმაზარს” და “უპრეცედენტოს” უწოდებს მეცნიერი ჯინ ტვენჯი, ფსიქოლოგიის პროფესორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 10 ოქტომბერს, ჟურნალ “თაიმთან” საუბარში, ის ამბობს, რომ “თინეიჯერს, რომელიც მეტ დროს უთმობს ახალ მედიას, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მეტი შანსი აქვს, ვიდრე მას, ვისი ყოველდღიური აქტივობები ეკრანს არ უკავშირდება”.
გაზაფხულზე, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოცემაში “ჰარვარდ ბიზნეს რევიუ” გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც ზრდასრულებში “ფეისბუქზე” დამოკიდებულება შეისწავლა. როგორც ირკვევა, რიგითი მომხმარებელი საიტზე ყოველდღიურად საშუალოდ ერთ საათს ატარებს, მისი დილა კი უმეტესად სოციალური ქსელის აპლიკაციის გახსნით იწყება და ეს ხშირად საწოლიდან ადგომამდე ხდება.
5 208 ადამიანს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ადამიანების რეალური სოციალური ურთიერთობებისგან განსხვავებით, რასაც ჯანმრთელობაზე კეთილი ზეგავლენა აქვს, “ფეისბუქზე” ურთიერთობა უარყოფით გავლენას ახდენს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ სიჯანსაღეზე და ცხოვრებით კმაყოფილების განცდაზე. კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ადამიანი “ფეისბუქზე”, მით უფრო უარესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანალოგიურ პასუხს მიიღებდნენ სხვა სოციალურ ქსელებზე დაკვირვების შემთხვევაშიც.
სრულად იხილეთ "ამერიკის ხმა"
მასალის გამოყენების პირობები






