მრავალტანჯული თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის საბოლოო განხილვა და დამტკიცება მაინც ახალ მერს, კახა კალაძეს ერგო წილად - ბატონი ნარმანია წავიდა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტზე თავის შემცვლელს დაუტოვა. 13 ნოემბერს გენგეგმის საბოლოო ვარიანტი ჩაბარდა თბილისის არქიტექტურის სამსახურს და 22 ნოემბრამდე პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - გაუფორმებს არქიტექტურის სამსახური შემსრულებელს („სითი ინსტიტუტი საქართველო“) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს თუ შეუწყვეტს ხელშეკრულებას?
სამწუხაროდ, არქიტექტურის სამსახურმა არ შეასრულა თავისი პირდაპირი მოვალეობა და დაარღვია საჯაროობის პრინციპი, არ მოახდინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხლებულ ვერსიის ატვირთვა თავის ვებ-გვერდზე (www.tas.ge), რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის და თბილისის მოქალაქეებისათვის.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ რომლებმაც მოახერხეს დოკუმენტის ახალი ვერსიის მოპოვება და ის გაასაჯაროვეს (https://www.facebook.com/AkhalgazrdaAdvokatebi/posts/1124987214299555 ).
მიუხედავად „ახალგაზრდა ადვოკატების“ ასეთი ოპერატიულობისა, დოკუმენტის მიღება-არმიღებამდე 5 კალენდარული დღეა დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია თითქმის სამი თვეა, ჩართულია ამ პროცესის მონიტორინგში, ჩვენთვისაც საკმაოდ რთული იქნება ასეთ მცირე დროში ახალი დოკუმენტის სრულფასოვანი ანალიზი.
ამჯერად, გვინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები, რაც 1400 გვერდიან დოკუმენტზე ერთი (თუმცა დაკვირვებული) თვალის გადავლებით დაგვრჩა.
პროექტის ავტორები მთელი ამ ხნის განმავლობაში გვამცნობდნენ, რომ გამოთქმული იყო უამრავი შენიშვნა და წინადადება სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან და რომ ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი გათვალისწინებული იქნებოდა განახლებულ დოკუმენტში. თუმცა არც მათ და არც სამუშაოს დამკვეთ არქიტექტურის სამსახურს, მთელი ამ პროცესის მანძილზე არ გაუსაჯაროებიათ არცერთი ის შენიშვნა და წინადადება რომლითაც მათ მიმართეს დაინტერესებულმა მხარეებმა და შესაბამისად არც ის არის ცნობილი, რამდენად არის ეს შენიშვნები გათვალისწინებული წარმოდგენილ დოკუმენტში.
თუმცა, ახალი დოკუმენტის „გადათვალიერებამ“ დაგვიტოვა შთაბეჭდილება, რომ არცერთი საქმიანი შენიშვნა და წინადადება არ იქნა გათვალისწინებული გენგეგმის ავტორების მიერ.
ერთი რაც მართლა გაკეთდა, ეს არის საზოგადოებაში ღიმილის მომგვრელი ეპილოგის გაქრობა დოკუმენტიდან, სადაც მოთხრობილი იყო 2030 წლის უტოპიურ თბილისზე, ქალაქზე რომელშიც აღარ იქნებოდა კერძო ავტომობილები და დამყარებული იქნებოდა სრული ეკოლოგიური ჰარმონია, მტკვარზე მოსეირნე სამგზავრო გემების ფონზე. თუ ცუდი ქართულის გამო, წინა დოკუმენტის შინაარსში გარკვევა ძალიან ჭირდა, ახალი მასალა უკეთესად იკითხება, ტექსტური მასალა უფრო კარგად არის დამუშავებული დიზაინის თვალსაზრისით, რიგი ადგილები გამართულია გრამატიკულად, გაკეთებული აქვს კორექტურა და რამოდენიმე მონაკვეთი რედაქტირებულიც არის სპეციალისტის მიერ. მთელ რიგ საკითხებს ადგილები აქვთ მონაცვლებული ტექსტში, ზოგ თავს დამატებული აქვს გვერდები, ზოგს მოკლებული, ერთი თავი საერთოდ გამქარალია და გადანაწილებულია მთლიან დოკუმენტში, სამაგიეროდ საკმაო რაოდენობით არის მასალა, რომელიც საერთოდ არ იყო წარმოდგენილი წინა დოკუმენტით. ისევ არ გვაქვს აკადემიური ნომერაცია და ლოგიკური თანმიმდევრობით აკინძული მასალა, რაც გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვიღაცას სურვილი აქვს გაძნელდეს ამ ორი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება.
კვლავინდებურად არ გვაქვს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების და ურბანული გადაწყვეტების მიახლოებითი ეკონომიკური დასაბუთება, კვლავ ფიგურირებს შეფარული ფორმით და ტერმინის უხსენებლად ავადსახსენებელი „ჯენტრიფიკაციის“ იდეა, არ არის გათვალისწინებული ქართველი და ფრანგი სპეციალისტების ფუნდამენტალური შენიშვნები სატრანსპორტო სტრატეგიის, რეკრიაციული ზონების და ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტების განხორციელების ინსტრუმენტების არ არსებობის შესახებ.
უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ პირველად გასაჯაროებული დოკუმენტი, რომელიც ატვირთული იყო არქიტექტურის სამსახურის საიტზე, შეგნებულად თუ შეუგნებლად არ იყო წარმოდგენილი სრული სახით და მას აკლდა მთელი რიგი მასალები, რომელიც უკვე ფიგურირებს 13 ნოემბრის დოკუმენტში. აღნიშნული მასალები იმდენად დიდი მნიშვნელობის არის, რომ მათი თავის დროზე არ გასაჯაროება ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ არქიტექტურის სამსახურის მესვეურებმა ეს შეგნებულად გააკეთეს. საქმე ეხება კერძო საკუთრების და ბიზნესის გადანაწილების სქემებს, რომლებიც ჯერ კიდევ „ნაციონალების“ მმართველობის დროს იყო ჩაფიქრებული და თბილისში სხვადასხვა ჯგუფების და ქვეყნების ბიზნეს ინტერესების გატარებას ეხება.
თუ ამ დოკუმენტის მიღების ისტორიას (კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა) და მის შინაარსს გავაანალიზებთ, აშკარად დავინახავთ, რომ ეს არის რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოკოპირებული მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა, რომელის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. უკეთეს შემთხვევაში, ეს დოკუმენტი წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია 2005 წლის გენგემის მასალებიდან. სწორედ ეს და აქამდე გადამალული მასალების არსებობა გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ ჩანაფიქრის მიხედვით, განახლებული გენგეგმა უნდა ყოფილიყო ისეთი დოკუმენტი, რომელიც მისცემდა საშუალებას დაინტერესებულ მხარეებს, დედაქალაქის განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, კანონის ძალით მოეხდინათ მათთვის საინტერესო ტერიტორიებიდან მეპატრონეების გაძევება და შემდეგ ამ და სხვა გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელება.
სწორედ ამის გამო უნდოდათ გენგეგმის მიღება, ყოველგვარი განხილვის გარეშე ჯერ კიდევ სექტემბერში და მიიღებდნენ კიდეც, რომ არა საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში და მერობის კანდიდატის ბ-ნი კახა კალაძის საარჩევნო დაპირება, რეალური მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის შესახებ.
იმედი გვაქვს, რომ ახალი მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს ამ საკითხზე და მალე დაიდება შესაბამის დასკვნებიც.
ჩვენ კი ამ ეტაპზე დროის სიმცირის, დოკუმენტის მოცულობის და ახალი გარემოების აღმოჩენის გათვალისწინებით, მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებით და ზედაპირული შეფასებით შემოვიფარგლებით, ხოლო უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ 13 ნოემბრის გენგეგმის და გადამალული მასალების უფრო დეტალურ ანალიზს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“
მასალის გამოყენების პირობები






