აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად 253 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. მოსწავლეებს 9 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მუნიციპალიტეტების ახლად არჩეულმა მერებმა.
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ს ფარგლებში 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიზანი წარმატებით ხორციელდება დაა წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2470 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2557 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/
მასალის გამოყენების პირობები