ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. შილდის N1 სკოლის მოსწავლეების თქმით, ისინი აქციის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნდნენ და გაკვეთილები გააცდინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას reginfo ავრცელებს.
შილდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაიარა არევაძე სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლას არ ადასტურებს.
„დიდი დასვენების ფარგლებში გავიდნენ ბავშვები გარეთ. მამა იოანემ და მამა მარკოზმა კანფეტები ჩამოყარეს ვერტმფრენიდან. მერე ისევ სკოლაში დავბრუნდით და სწავლა გაგრძელდა" - განაცხადა საბუეს საჯარო სკოლის დირექტორმა ვალენტინა შაბლიკმა.
„მამა იოანემ დამირეკა, ვერტმფრენით გადმოვიფრენთ და ბავშვები გარეთ დაგვახვედრეთ, გავახარებთო. დასვენებაზე ბავშვები ეზოში იყვნენ და კანფეტები ჩამოუყარეს“, აღნიშნავს ენისელის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე.
მამა იოანეს თქმით, თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ისინი ეპარქიის საზღვრებს აკურთხებენ.
"ზოგჯერ კი ბავშვებსაც გაახარებენ ხოლმე“: „დღესაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაგვეხმარა. გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, ყველაფერი იციან. სკოლის დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ, კანფეტები ჩავუყარეთ და დავლოცეთ. მომავალ წელს სხვა სკოლებში ჩავყრით კანფეტებს და ვაკურთხებთ"- აღნიშნავს მამა იოანე.
მასალის გამოყენების პირობები






