მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი იტალია 1958 წლის შემდეგ პირველად მუნდიალის მიღმა დარჩა. პირველ შეხვედრაში დამარცხებულმა იტალიის ნაკრებმა საპასუხო მატჩი შვედეთთან ფრედ ითამაშა და რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება სკანდინავიელებს დაუთმო.
იტალიელმა მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა ეს მოვლენა ნამდვილ ტრაგედიად აღიქვეს. საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელები მინდორზე დაეცნენ , თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ და ჩირო იმობილემ ცრემლის შეკავება ვერ შეძლეს. იტალიურმა გაზეთმა Gazzetta dello Sport-მა ამ ფაქტს „აპოკალიფსი“ უწოდა.
იტალიის ნაკრების 39 წლის კაპიტანმა და მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან მიდის. ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად ის კარიერის დასრულებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებდა.
იტალიის ნაკრებთან ერთად, სადაც მან 1997 წლიდან 175 მატჩი ითამაშა, ბუფონმა მოიგო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
მატჩის დასრულებისას ბუფონმაც იტირა, მისი თქმით ის საკუთარს თავზე კი არა მთლიანად იტალიური ფეხბურთზე წუხს:
„მე ჩემი თავის გამო არ ვწუხვარ, მე ვწუხვარ მთლიანად იტალიური ფეხბურთის გამო...“
არ არის გამორიცხული, რომ იტალიის ნაკრების 69 წლის მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ თანამდებობა დატოვოს. ნაკრების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია მასთან საუბარს გეგმავს.
ვენტურა იტალიის ნაკრების ხელმძღვანელად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნა, მან ამ პოსტზე ანტონიო კონტე შეცვალა. ვენტურას ხელმძღვანელობით, იტალიელები თავის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და ლიდერობა ესპანეთს დაუთმეს. ამ წლის აგვისტოში ვენტურამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2020 წლამდეა, თუმცა ფეხბურთის საფეხბურთო ასოციაციამ შესაძლოა მისი შეცვლა „მილანის“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელით, კარლო ანჩელოტით მოისურვოს. რომელიც თავისუფალია მას შემდეგ, რაც გერმანიის „ბავარიის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები