ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა გორსა და ქუთაისში მატჩებზე დასასწრებად ჩასულ გულშემატკივრებს.
"მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში"- წერს კაშია.
გუშინ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდა. მატჩის დაწყებამდე სტადიონზე ე.წ. ქართული მარშის წევრები შეიჭრნენ და ტრიბუნაზე ლგბტ თემის ფერადი დროშა დაწვეს. აღნიშნული თამაში ფრედ 2:2 დამთავრდა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანება ფეხბურთელის ჟესტმა გამოიწვია. მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა და ისე ითამაშა.
"მარშელებმა" და კონკრეტული მედიასაშვუალების წარმომადგენლებმა კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს. ე.წ ქართული მარშის წევრებმა 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ამის პარალელურად ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა. გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
მასალის გამოყენების პირობები






